„მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური სისტემა გვაქვს და ვიცი, რას ნიშნავს ეს. ვფიქრობ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული გარემოა. ქვეყანაში არის ორი მხარე, რომელიც ერთმანეთის პოზიციებს, როგორც თეთრს და შავს ისე განიხილავს. ეს საშინელებაა ქვეყნისთვის“, - აღნიშნული განცხადება აშშ-ს ყოფილმა ელმა NATO-ში, კურტ ვოლკერმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას გააკეთა.
„ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, ვფიქრობ, თვითონ მთავრობაც აცნობიერებს, რომ თუ ის სასჯელს იხდის საქართველოში, სადაც ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ისინი პასუხისმგებლები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სანამ ინ საპატიმროში იმყოფება. სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ის კერძო კლინიკაში. აუცილებელია მის ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციაში მოიწვევენ ექსპერტს, მაგალითად ევროპის ქვეყნიდან, რათა შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დადასტურდეს, რომ მკურნალობის კურსი, რომელსაც ის გადის, ადეკვატურია. არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია მისი გადაყვანა ევროპაში მკურნალობისთვის. მთავრობა არის პასუხისმგებელი, რომ მას ჰქონდეს წვდომა საჭირო სამედიცინო პროცედურებზე.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, საქართველოში ხელისუფლებასა და მედიის ურთიერთობას შორის ყოველთვის ჩნდება კითხვები. ფაქტია, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალების ხელმძღვანელი. აქედან ჩნდება კითხვის ნიშნები, არის თუ არა ეს მიზანმიმართული შევიწროება.
მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს სიღრმისეულად, თუმცა საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, თუ როგორ ჩანს ეს ევროკავშირის თვალში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.