მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გია ბარამიძეს, რომელიც მუხიანში კენჭს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" იყრის, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა ბესო დანელიამ და მისმა მხარდამჭერებმა გზა მაშინ ჩაუხერგეს, როდესაც ის ოფისში შესვლას ცდილობდა.
როგორც დანელიამ „ნიუსპრესს" განუცხადა, ბარამიძემ ოფისში შესვლა მხოლოდ დაცვის მიყვანის შემდეგ შეძლო.
„ნაციონალების" გლდანი-მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატ გია ბარამიძეს ოფისთან მისასვლელი გზა მაშინ ჩავუხერგეთ, როდესაც ის ოფისში აპირებდა შესვლას. მას ჰყოფნის იმის თავხედობა, რომ მოვიდეს, დამიპირისპირდეს და იქ იყაროს კენჭი, სადაც „ნაციონალებმა" ნახევარი უბანი პოლიტპატიმრებად და მეორე ნახევარი ინვალიდებად აქციეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და მე მედგნენ გვერდით. იქ, სადაც ეკლესიაში „კამაზით" შეანგრიეს კარი და მრევლი დაასისხლიანეს განურჩევლად სქესისა და ასაკისა!
ბარამიძე დაცვის მოყვანის შემდეგ შევიდა ოფისში და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებდით მოქმედებას", - განაცხადა ბესო დანელიამ.