logo_geo
eng_logo
ფატმა ჯერენ იაზგანი: თურქეთს გვინდა, უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდეს ისე, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა დაცული იყოს, მაგრამ ასევე რუსეთის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებაც აუცილებელია
- +

17 ივნისი. 2022. 15:54

 

 

თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა, რუსეთ-უკრაინას შორის თურქეთის შუამავლობაზე ისაუბრა.

 

„რუსეთი ახორციელებს უკრაინის ოკუპაციას. თურქეთი, საქართველოს მსგავსად, არის ამ რეგიონის ნაწილი. უკრაინასა და რუსეთთან ერთად ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ.

 

ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირზე. როგორ გახდა ევროკავშირი ევროკავშირი? როგორ მოახერხეს ეს ქვეყნებმა, რომლებმაც გამოიწვიეს პირველი და მეორე მსოფლიო ომები და რომლებსაც მილიონობით ადამიანი შეეწირა? მათ ჩამოაყალიბეს მშვიდობიანი ურთიერთობები, რომლებიც ომის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად. მათ თავიანთ რეგიონებში მოუწიათ იმის შეთანხმება, თუ სად მთავრდება ერთის ძალაუფლება და სად იწყება სხვისი უფლებები. ეს უნდა მოხდეს ჩვენს რეგიონშიც. ჩვენს რეგიონში, ვფიქრობ, უნდა გვქონდეს მშვიდობის ქონის უფლება. ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და პრინციპებს.

 

მაშინ, როდესაც იწყებ იმაზე საუბარს, ვინ არის ერი, ვინ არა, როგორი იყო შენი ქვეყანა 50, 100, 200 და 1 000 წლის წინ და მისი დაბრუნება გინდა, იწყება ომი და ვერ ხდება კონფლიქტის თავიდან არიდება.

 

თურქეთი არის ამ რეგიონის ნაწილი და ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. როგორც თურქეთს გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს ისე, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა დაცული იყოს რუსეთის მიერ, მაგრამ ასევე რუსეთის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებაც აუცილებელია.

 

ჩვენ გვინდა ჩვენი ეკონომიკის განვითარება, უფრო დაცული გარემო, რომ ის თანხა, რომელსაც სამხედრო მიზნებისთვის ვხარჯავთ, მოხმარდეს მეცნიერებას, განათლებას, ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება. რატომ უნდა გვიწევდეს სხვის დაწყებულ ომებში საფასურის გადახდა.ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი თურქეთისთვის. თურქეთი იყო ერაყის ოკუპაციის წინააღმდეგი 2003 წელს, რასაც ჩვენი მოკავშირეები არ იზიარებდნენ, მაგრამ თურქეთისთვის ეს იყო პრინციპული საკითხი. ჩვენ მაშინვე ვიცოდით, რომ როდესაც იწყებ ქვეყნის სამხედრო ოკუპაციას და მისი ბედის შეცვლას, შენ ვერ შექმნი უფრო დაცულ გარემოს. ამით ქმნი უფრო ნაკლებად დაცულ გარემოს, რაც უკვე ვნახეთ. მაშინ ეს იყო აშშ, ჩვენი მოკავშირე NATO-ში და ახლა ეს არის რუსეთი უკრაინაში. ჩვენ რუსეთს ვეუბნებით, რომ უკრაინის ოკუპაციით ის უფრო უსაფრთხო რეგიონი ვერ იქნება.

 

თურქეთის გულწრფელი პრინციპულობა ხდის ამ ქვეყანას სანდო პარტნიორს ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ბიზნესურთიერთობები, სტრატეგიული პროექტები ორივე ქვეყანასთან. გვყავს ორი პარტნიორი. ერთი მეორის ოკუპაციას ახორციელებს და ჩვენ ამ ყველაფრის შეჩერებას ვცდილობთ მანამ, სანამ კიდევ უფრო ძვირი დაჯდება მისი გაჩერება, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის. უკრაინა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან. უნდა დავიცვათ ჩვენი რეგიონი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. სწორედ ეს არის ორივე ქვეყნის ჩვენდამი ნდობის მიზეზი. მათ იციან, რომ ჩვენ ომის გახანგრძლივების ინტერესები არ გვაქვს“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner