logo_geo
eng_logo
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს
- +

18 ივნისი. 2022. 15:22

 

 

გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა და კომიტეტის წევრებმა, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

 

კომიტეტის წევრებმა, მიმდინარე წლის მაისში დასრულებული, დაბა ურეკის სანაპირო ზოლი და ახალი ბულვარი დაათვალიერეს. ასევე დაბა ურეკში დეპუტატები 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და  მშენებლობის ღირებულება 7 230 111 ლარს შეადგენს. კომიტეტის წევრებმა სოფელ სუფსაში, მშენებარე საბავშვო ბაღის და საზოგადოებრივი ცენტრის სამუშაოები მოინახულეს. საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება და პროექტის ღირებულება 4.2 მლნ ლარს აღწევს.

 

კომიტეტის წევრებმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან ერთად, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მთავარი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს და „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ჩოხატაურში მდინარე ორპირას კალაპოტის მოწყობისა და რეკრეაციული ზონის შექმნის სამუშაოები მოინახულეს.

 

რეგიონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სამუშაოები კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეაფასა, რომელმაც თითოეული პროექტის მნიშვნელობას და დანიშნულებას გაუსვა ხაზი.

 

„გასვლითი კომიტეტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დავათვალიერეთ. შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს, არამედ აღვნიშნეთ, კიდევ თუ რა არის გასაკეთებელი. განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ურეკის ზღვის სანაპიროს დასუფთავების პროექტი,  რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება  თანამედროვე გერმანული ტექნიკით სანაპიროს დასუფთავება, რაც როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელი დამსვენებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დავათვალიერეთ საზოგადოებრივი ცენტრის, სკოლებისა და ბაღების სამშენებლო სამუშაოები და სკვერების და დასასვენებელი სივრცეების სარეაბილიტაციო პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ სამივე მუნიციპალიტეტში ქალაქის ცენტრის განახლება ხდება, სადაც საკმაოდ მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner