ას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანების განაცხადი არ დააკმაყოფილა. ერთი საუკუნის შემდეგაც, ევროპა საქართველოს კვლავ უარს ეუბნება. ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირას“ ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია ესაუბრა, რომელმაც წარსულსა და დღევანდელ რეალობას შორის პარალელები გაავლო.
„როდესაც 1920-21 წლებში ერთა ლიგაში ჩვენი ინტეგრაცია ვერ მოხერხდა, ამას მოჰყვა რუსული აგრესია. მიზეზი, რის გამოც, მაშინ ევროპამ საქართველოს უარი უთხრა გახლდათ ის, რომ ისინი კავკასიის მიმართ დისტანცირებული იყვნენ, რატომღაც თვლიდნენ, რომ ის არ არის ბუნებრივი ნაწილი ევროპული სივრცისა. ეს გეოგრაფიული მომენტი გარკვეულ სტერეოტიპად მისდევს ხოლმე მათ გადაწყვეტილებებს.
ევროპაში არის გარკვეული მენტალური პრობლემა, მათთვის კავკასია არ არის ევროპის ნაწილი, მოწყვეტილად განიხილავენ ამ გეოგრაფიულ გარემოს და ამ პრობლემის გადალახვა უნდა მომხდარიყო ევროპაში.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ სწორედ კავკასია არის ნაწილი ევროპისა და რომ სწორედ კავკასია იყო ის ბლოკპოსტი, რომელიც ისტორიულად ევროპას სამხრეთული აგრესიებისგან იცავდა.
შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ერთა ლიგაში არმიღებამ წაახალისა იმ დროის რუსეთი, გადაადგმევინა მას კონკრეტული ნაბიჯები და განხორციელდა აგრესია ქართული დემოკრატიის მიმართ, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა საქართველოს გასაბჭოება. ეს იყო ცალსახა, რადგან, ერთა ლიგაში მიღების შემდეგ, პატარა სახელმწიფოები გადარჩნენ და ასე იყო შემდეგი ოცი წელიწადი, ამ დროში დამოუკიდებელ სახელმწიფოებში დაბადებული თაობა წარმოიშვა. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ერთა ლიგაში მიღებას მაშინ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა“, – აცხადებს ჯაბა სამუშია.
ისტორიკოსის თქმით, დღეს მსოფლიო წესრიგი შეცვლილია და რუსეთი საქართველოს მიმართ იმავეს ვერ განახორციელებს, რაც ერთი საუკუნის წინ გააკეთა, თუმცა ევროკავშირის დათქმებმა შეიძლება მისი გეოპოლიტიკური გემოვნება წაახალისოს.
„დღეს მსოფლიო წესრიგი, ბუნებრივია, შეცვლილია, დღეს ასე რუსეთი ამას ვერ განახორციელებს, ამიტომ ვხმარობ ტერმინს „წახალისება“, დღევანდელმა მოვლენებმა შეიძლება წაახალისოს რუსეთის გეოპოლიტიკური გემოვნება და მადა კავკასიაში. იმისათვის, რომ რუსეთს ეს მადა არ გასჩენოდა ამიტომ იყო საჭირო, რომ ევროპელ ლიდერებს უფრო რეალისტური ნაბიჯი გადაედგათ.
დღეს ევროპა უარს არ გვეუბნება, თუმცა ის დათქმებიც კი რაც იქნა წამოყენებული შეიძლება გახდეს რუსეთის აგრესიის წყარო. ერთი საუკუნის წინ ერთა ლიგაში არ მიღებამ დააჩქარა რუსული აგრესია და რეალურად ევროპამ უნდა გაითავისოს რომ კავკასია ეს არის ყველაზე მთავარი. რეალურად მთავარი პრობლემა არის გეოგრაფიული მდებარეობა და არა ის, რომ რაიმე რეფორმები არ გატარდა, ვინაიდან ზოგიერთ საკითხში საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო წინ არის წასული. არ შეიძლება ევროპარლამენტარმა ან ევროპელმა პოლიტიკოსებმა წაახალისონ აგრესიისკენ რუსეთი.
რეალურად გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, რომ რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი ტრიო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ორ ნაწილად იქნა გაყოფილი, ეს არის მხოლოდ მცდელობა რუსეთის წახალისებისა, ეს არის ძალიან ცუდი და ამიტომ, სწორედ ეს მომენტი უნდა ყოფილიყო ლაიტმოტივი ევროპელ პოლიტიკოსებთან საუბრისას. საქართველოში ბევრად უფრო დემოკრატიული გარემო არსებობს, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში. არ შეიძლება საქართველოს ჩაუკეტო გზა ევროპისაკენ, ამან შეიძლება რუსეთი წაახალისოს, ეს არის ძალიან ცუდი არამარტო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, არამედ კავკასიისთვის.
თუ ვინმეს უთვლი ბრძოლას, მაშინ სხვასაც უნდა ჩაუთვალო და იმ სხვას სამჯერ აქვს ნაომარი რუსეთთან და დღესაც ოფიციალურად საომარ მდგომარეობაშია იურიდიულად რუსეთთან, რადგან საქართველო მიღებული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. ჩვენ რეალურად ომში ვართ რუსეთთან, ვაღიარებთ, რომ ის არის ოკუპანტში და ჩვენს ტერიტორიებზე მათი ჯარი დგას. ამ ტრიოს გაყოფა არის შეცდომა. საქართველო არ არის ამ რომელიმე ქვეყანაზე ნაკლები.
მოლდოვა, მაგალითად დსთ-ს წევრია. შესაბამისად, როდესაც ქვეყანას, რომელიც ომშია ეუბნები, რომ რეფორმები აქვს გასატარებელი, ხოლო იმ ქვეყანაზე, რომელიც თანამეგობრობის წევრია რუსეთთან ერთად ამბობ, რომ საგარეო პოლიტიკურად ყველაფერი გამართული აქვს, ეს მე ვთვლი, რომ ლოგიკურ ჯაჭვში არ ჯდება. ამ გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეიძლება წაახალისოს რუსეთის მადა კავკასიაში და ეს არავის ინტერესში არ უნდა იყოს, მით უმეტეს ჩვენი მოკავშირეების“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, ევროპული ინტეგრაცია ეს არის იმ ბუნებრივ გარემოში დაბრუნება საქართველოსთვის, რომლის ნაწილი იყო ის საუკუნეების მანძილზე.
„ევროპული ინტეგრაცია ეს არის საქართველოს იმ ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, რომლის ნაწილი იყო ის საუკუნეების მანძილზე. ევროპა ჩვენთვის არის ის გარემო, რომელშიც ყოფნა საქართველოს ყოველთვის უნდოდა. ევროპას დღეს ჩვენთვის უარი არ უთქვამს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, პირიქით მზადყოფნა გამოთქვა, უბრალოდ მოხდა ის, რომ გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე სტატუსით მეტი მიანიჭეს, ვიდრე საქართველოს, ჩვენ კი გარკვეული მეთოდებისკენ მოგვიწოდეს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს რეფორმები უკრაინასაც განსახორციელებელი აქვს, მოლდოვასაც, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება საქართველოს ევროკავშირში შესვლით“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.