"რადიკალურ ოპოზიციას სურს პოლიტიკურმა ტემპერატურამ ისევ აიწიოს და ისევ გაღრმავდეს პოლარიზაცია მაშინ, როდესაც ერთი კვირაა დარჩენილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე," - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჯერ მელანი არ იყო შემშრალი დოკუმენტზე, როდესაც დღეს ვნახეთ ოპოზიციის სრულიად ამაზრზენი აქცია, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ორუელის 1984-ის ფაბულაში, როდესაც გამოაქვთ ადამიანის რაღაც იმიჯი და შემდეგ ამ ადამიანზე ზიზღის პროვოცირება ხდება და ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიის მოთხოვნით.
ასევე, 20 ივნისის აქცია, რომელიც თითქოს უნდა იყოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის მზადყოფნის აქცია, სინამდვილეში ვხედავთ რა ფარული და ცუდად დაფარული განზრახვები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას. მათ სურთ რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ ისევ აიწიოს და ისევ გაღრმავდეს პოლარიზაცია მაშინ, როდესაც ერთი კვირაა დარჩენილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე. ამ შუალედშიც კი, როდესაც პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად ევალებათ პასუხისმგებლობით მოქცევა, სწორედ ამ დროს დაიწყო ისევ და ისევ ოპოზიციამ პოლარიზაციის გაღრმავება.
პოლარიზაცია გულისხმობს, რომ ამაში ორი მხარეა ჩართული. მთავრობამ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები არანაირი შედეგი არ იქნება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.