logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

19 ივნისი. 2022. 10:33

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

 

1995 წელს დაბადებული კ.მ. დაკავებულია ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო 1996 წელს დაბადებული გ.მ. და 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან დაკავებული.

 

დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს - კ.მ.-ს ნათესავთან - 1993 წელს დაბადებულ კ.მ.-სთან უთანხმოება ჰქონდა. მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბრალდებული კ.მ., აღნიშნული ნათესავისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, მეგობრებს - გ.მ.-ს, შ.ჭ.-ს და დ.მ-ს შეხვდა. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მან თანამზრახველებს გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ქურთუკები და ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილით მივიდნენ კ.მ.-ის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დ.მ.-მ 1993 წელს დაბადებულ კ.მ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც დაჭრილმა კ.მ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დ.მ. დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კ.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელობაში მხილებულ დ.მ.-ს, იგი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, სადაც სამართალდამცველთა მეთვალყურეობით განაგრძობს მკურნალობას.

 

დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა, ხელკეტი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 225-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner