საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილი პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ასეთი გამოთქმაა, ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე, რჩებიან სახლში და ამის შედეგად იქმნება ცუდი ხელისუფლება, ცუდი დემოკრატიაც ასე იქმნება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში მონაწილეობით და საზოგადოების ჩართულობით დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება.
„მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რაც ჩვენ უნდა მივიტანოთ ჩვენს საზოგადოებამდე - რომ ჩვენ არავის ვთხოვთ, რომ ვინმეს მისცეს ხმა, არავის ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი, მხოლოდ ვითხოვთ, რომ ისინი იყვნენ ჩართულნი თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში, თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. ეს შეიძლება, გარკვეულწილად კლიშეს შეცვლა იყოს, იმიტომ, რომ აქ არავითარი აგიტაცია არ ხდება, არ ხდება იმის მოწოდება, რომ ამის წინააღმდეგ გადადგი ნაბიჯი ან იმის მომხრე იყავი, მაგრამ ხდება მთავარი, ხდება პოზიციის დაფიქსირება, რომ შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში და შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, „ჩვენ უნდა შევძლოთ ავამუშაოთ დემოკრატიის მანქანა, რომელიც ამომრჩევლისა და არჩეული პოლიტიკოსის მუდმივი კონტაქტია. ვფიქრობ, ისიც უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს შეხვედრებზე, რომ არა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ამოიწურება მოქალაქის ვალდებულება, არამედ არჩევნების შემდეგაც მუდმივი კონტაქტით შენს დეპუტატთან, იმ პარტიასთან, რომელსაც ხმა მიეცი, იმ დავალდებულებებით, რომელსაც წერილის მიწერა ჰქვია, რომელსაც პოზიციის დაფიქსირება ჰქვია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.
„შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია საქართველოს 9 რეგიონში მიმდინარეობს.