„ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მე ვბრუნდები სამხრეთიდან - მოვინახულე ჩვენი ფრონტის ხაზის პოზიციები მიკოლაივის რეგიონში, მოვინახულე თავად მიკოლაევი და ასევე ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს - სამხედროებს, პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიულ დაცვას. მათი განწყობა თავდაჯერებულია, ჩვენს გამარჯვებაში არავის ეპარება ეჭვი. ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია და ზღვა იქნება უკრაინული და უსაფრთხო“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის პირველი პირი გუშინ მიკოლაევის შემდეგ, ოდესას ეწვია. მედიის ცნობით, მან საავადმყოფოში, ომში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც ოდესის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.