logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: 19 ივნისი მამაჩემის დაბადების დღეა...
- +

19 ივნისი. 2022. 14:14

 

 

თემო ნაცვლიშვილი-97

19 ივნისი მამაჩემის დაბადების დღეა. დღეს ის 97 წლისა გახდებოდა. 84-ისა გარდაიცვალა 2009-ში. ეს ფოტო დაახლოებით 1990 წელს არის გადაღებული მამაჩემის სახელოსნოში. უკანა პლანზე მისი ნამუშევარი ჩანს – „ლეონტი მროველი“.

 

ამ ფოტოს მამაჩემისადმი მიძღვნილი ერთი ჩემი ლექსიც მინდა დავურთო, რომელიც 1986 წელს, წინა საუკუნეში, წინა ათასწლეულშია დაწერილი და რამდენჯერმე გამოქვეყნდა კიდეც – წიგნშიც, ჟურნალშიც და აქაც, „ფეისბუქზე“. მე ახალი დაბრუნებული ვიყავი ჩემი პირველი იტალიური მოგზაურობიდან, მამაჩემი კი, როგორც ალბათ ყველა მოქანდაკე, იტალიაზე ოცნებობდა. მოქანდაკემ იქნებ ბევრი ქვეყანა ვერ ნახოს, მაგრამ ეგვიპტე, საბერძნეთი და იტალია აუცილებლად უნდა მოიაროსო, – ამბობდა. ეგვიპტესა და საბერძნეთში კი იმოგზაურა, მაგრამ იტალიაში – ვეღარ. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი იტალიაში, მამაჩემის სიცოცხლეშიც და მერეც. ყველა ამ მოგზაურობას დაუფიქრებლად დავთმობდი, ოღონდ მამაჩემს ერთხელ მაინც ენახა იტალია! ეს ლექსი რომ იწერებოდა, ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ მამაჩემი აუცილებლად იმოგზაურებდა იტალიაში...

 

მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ა   ი ტ ა ლ ი ა შ ი

მე არ ვუყურებ, ეს – შენ უყურებ რომს და პადუას

                                                            ჩემი თვალებით,

ჩემს წინ კი არა, შენს წინ დადიან იტალიელი ამორძალები.

ციცქნა კაპელის იდუმალ თაღქვეშ შენ შეგეგება

                                                            ფრესკებით ჯოტო,

სან-ანტონიოს დღეს მე კი არა, შენ გადაუღე ფერადი ფოტო.

შენ გესალმება გატამელატა, გაჯერებული სისხლით და ომით,

ივსები რომით და ბოლონიით და ფლორენციით და ისევ რომით.

ეს – მე კი არა, შენ უმზერ ახლა ჯულიანოს და

                                                            ლორენცოს მზერას,

ისე უბრალოდ, თითქოს ჩვენს ბაღში ძირს ჩამოცვენილს

                                                            კრეფავდე ჭერამს.

აჰა, უფიცი! პონტე ვეკიო! აჰა, პერსევსის მოჭრილი თავიც!

ჩემთვის ერთია, შენ კი ანსხვავებ ერთმანეთისგან სამივე დავითს.

შენ ესალმები ბრინჯაოს მხედრებს, დაღლილებს ცხენზე

                                                            ამდენხანს ჯდომით,

ივსები რომით და ფლორენციით და ვენეციით და ისევ რომით.

შენ ხედავ, როგორ ირეკლავს სხივებს სან-მარკოს ტაძრის

                                                            ოქრო და ვერცხლი,

დოჟთა სასახლის აჟურულ სვეტზე შენ შეამჩნიე –

                                                            ბუდეა მერცხლის.

შენ გესმის, როგორ ხმაურობს ხალხი, როგორ რეკავენ

                                                            მავრები ზარებს,

როგორ სიმღერით მიდის გონდოლა სადღაც

                                                  სან-ჯორჯო-მაჯორეს მხარეს.

იტალიაა! აქ ყველაფერი გაოცებს ფორმით, ფერით თუ ზომით.

ივსები რომით და ვენეციით და ფლორენციით და ისევ რომით.

შენ ესალმები პიეტას, მოსეს, სიქსტის კაპელის

                                                            პლაფონს თუ ფრესკებს,

და წმინდა პეტრეს ტაძრის მტრედები ჩემკენ კი არა,

                                                            მოფრენენ შენკენ.

შენთვის მორთულა რომის ძუ მგელი, რომის ფორუმი

                                                            და რომის პაპი,

ფონტანა-ტრევი შენგანაც ელის ლირას და ლირას,

                                                            კაპიკს და კაპიკს.

შენ მოგეწონა, რაც მომეწონა და შენ მოგინდა, რაც მე მომინდა.

ავდივარ ტრაპზე. მე არ მოვფრინავ,

                                             ეს – შენ ბრუნდები ახლა რომიდან.

1987.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner