logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!“
- +

19 ივნისი. 2022. 15:24

 

 

ერთხელ, იმ ავადსახსენებელ ეპოქაში, „მოამბის“ საერთაშორისო ექსპერტმა, ცხონებულმა აბონ ციციაშვილმა, მორიგ მიმოხილვაში დატუქსა აშშ-ის პრეზიდენტი და ტელემაყურებლებს შესძახა: ეტყობა,  რეიგანს დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზა - „რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო!“.

 

ამ რეპლიკის შემდეგ ბარე ორმოცზე მეტი წელი გავიდა, რეიგანიც მიიცვალა, უსაყვარლესი აბონიც, მაგრამ არცთუ იშვიათად ღიმილით ვიგონებთ ისტორიას შემორჩენილ ამ ფაქტს.

 

როცა ევროკავშირში გამართული ბრიფინგი დამთავრდა, რატომღაც ეს „ისტორია“ გამახსენდა. ვიფიქრე: ცხონებული აბონი რომ ამ ბრიფინგს შესწრებოდა, ნაღდად შესძახებდა ამ ჩემი რეპლიკის სათაურში გამოტანილ იმ ქართულ ანდაზას, რომელიც ქალბატონ ურსულას „გადაავიწყდა“, როცა ევროკავშირში საქართველოს  გაწევრიანების გადავადების მიზეზებს ჩამოთვლიდა (უკრაინა-მოლდოვას დუეტის თვალსაჩინო(!!!) მიღწევათა საპირისპიროდ).

 

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა რომ ამ დღეებში ნორმაგადაჭარბებულია და, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო მოიმატებს, ეს სწორედ ევროკავშირის (და არა მარტო) მაღალჩინოსანთა, რბილად რომ ვთქვათ, „გულმავიწყობას“ (???) შეიძლება მივაწეროთ. უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი(!) ნაწილის თვალში, მათ ობიექტურობასაც პაწა უნდობლობაც შეემატა.

 

ქალბატონი ურსულა და მისი კოლეგა-კომისრები, ეგებ, გაოცდნენ კიდეც, ეჭვები რატომ ღრღნის ქართულ საზოგადოებასო…

 

რატომ და იმიტომ, რასაც ქვემოთ კომპეტენტური პიროვნების - ნათია ღვინიაშვილის პოსტში წაიკითხავთ: მხოლოდ ფაქტები!

 

დიახ, მხოლოდ ფაქტები, თანაც, ჩვენი მოგონილი კი არა, ავტორიტეტული საერთაშორისო სტრუქტურების მიერ აღიარებული.

 

თხოვნა მაქვს: ევროკავშირის მთავარ ინფორმატორს, მუსიკოსსა და მომღერალს, წარმოსადეგ და სიმპათიურ ელჩს, ბატონ კარლ ჰერცელს გადაუთარგმნოს ეს ფაქტები საგარეო საქმეთა სამინისტრომ!

 

საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენმა ელჩებმა კი ყველა ევროპული ქვეყნის საგარეო უწყება ამ მასალით  „გაანათლოს“ და მერე ადეკვატური შეკითხვა დასვას: რატომ?.. რისთვის „გვსჯიან“ ასე „უტიფრად“?..

 

„გაანათლონ“ იმიტომ კი არა, რომ მართლა „ბნელა“ და არ იციან ეს „სიმართლე“, არამედ იმიტომ, რომ დიპლომატიურად, ტაქტით „პირში მიახალონ“ მწარე სიმართლე და მიანიშნონ: საქართველოში ბრმა და ყრუ არვინ არის, წერა-კითხვაც ვიცით და კომპიუტერის ხმარება. კალკულატორისაც!

 

მახსოვრობასაც არ ვუჩივით: არ ვივიწყებთ მათ, ვინც ცდილობს, ჯიუტი და უდიერი ბავშვივით თავში წამოგვარტყას და დაგვტუქსოს; გვახსოვს ისიც და ისინიც, ვინ და რატომ გვითხრა უარი ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე; რა დაგვავიწყებს 1918-21 წლებს…

 

ეჭვი „გვიღიტინებს“: მაშინაც და ახლაც მიზეზი ერთია, „ბებერ ევროპას“ ეშინია(!!!)  „დათვის“ გაღიზიანების და საკუთარ „ჩასვრას“ და კიდევ სხვა „რაღაცეებს“(!!!) ჰფარავს დემაგოგიური „ლაი-ლაით“, ბრალდებების და დატუქსვის ელფერი რომ დაჰკრავს.

 

ღიმილის მომგვრელია მომიზეზებაც: დემოკრატული რეფორმები და პოლარიზაცია კი არა… კვახი!

 

ეს არის და ეს!

 

ახლა კი გაეცანით ქალბატონ ნათია ღვინიაშვილის პოსტიდან ამონარიდს, რომელიც აცამტვერებს ყველას თუ არა, ძირითად „ბრალდებებს“ მაინც, რომლებიც გაისმა ევროკავშირში გამართულ ბრიფინგზე:

                           """"""''"'"""

 

ა) იუსტიციის რეფორმა: მსოფლიო სამართლიანობის პროექტის (World Justice Project) მონაცემებით: საქართველო - 49-ე ადგილი 139-დან, უკრაინა - 74-ე, მოლდოვა - 73-ე:

 

ბ) კორუფცია: საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) მიერ გაზომილი კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველო - 45-ე ადგილი, უკრაინა - 122-ე, მოლდოვა: 105-ე.

 

გ) ორგანიზებული დანაშაული: მსოფლიოს კრიმინალური ინდექსის მიხედვით: საქართველოს აქვს 23,38 ქულა, უკრაინას - 47,42, მოლდოვას - 46,35 (ყველაზე მაღალი კრიმინალობაა ვენესუელაში - 83,76).

 

დ) სიტყვის თავისუფლება 2021 (რეპორტიორები საზღვრების გარეშე Reporters Without Borders): საქართველო მე-60 ადგილი, უკრაინა - 97-ე, მოლდოვა - 89-ე.

 

პრესის თავისუფლება (მსოფლიო ბანკი World Bank): საქართველო - 28,64, უკრაინა - 32,96, მოლდოვა: 31,61. (საუკეთესო მსოფლიოში არის ფინეთი - 6,99)“.

 

ჩემო კარგო ქვეყანავ, სულ წინ და მაღლა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner