logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა და ეს ენანებათ
- +

19 ივნისი. 2022. 18:51

 

 

„გეოგრაფიული მდებარეობა შეიძლება იყოს ის საკითხი, რომლის გამოც შესაძლოა, საქართველოს სამომავლოდაც ეთქვას უარი, ყველაფერი შეიძლება“, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა გეოგრაფიული მდებარეობა ის საკითხი, რომელზე აპელირებითაც ევროსტრუქტურებს შესაძლოა, სამომავლოდაც ჰქონდეთ მიზეზი, რომ საქართველოს უარი უთხრან ინტეგრაციის ამა თუ იმ ეტაპზე;

 

გადაცემის წამყვანმა სტუმრებს კომენტარი სთხოვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ მოლდოვა და უკრაინა არ უნდა იყვნენ განცალკევებული, საქართველო კი, მან სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ახსენა და თქვა – „თუ კარგად დააკვირდებით, ისინი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად დღეს არ არიან ანალოგიურ ვითარებაში, როგორც უკრაინა და მოლდოვა“.

 

„ბევრი წლის წინ, სადღაც 1995 წელი იქნებოდა, თუ 1998 და საქართველოში რაღაც ჯგუფი იყო გერმანიიდან. მათ შორის იყო ფინანსთა მინისტრი, ძალიან ჭკვიანი კაცი. შევხვდით სხვადასხვა პროცესის გამო, მერე მე და ის გავცალკევდით და ჭიქა ყავით ვსაუბრობდით. მე ვუთხარი, ინვესტიციები გააკეთეთ საქართველოში, ახლა ჩვენ არ გვჭირდება ამდენი ლაპარაკი, ინვესტიციები გვჭირდება-მეთქი. მიპასუხა – იცით, რა? გერმანია სუსტი ქვეყანაა იმისთვის, რომ საქართველოთი დაინტერესდეს, ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების დაცვას ამ სიშორეზე ვერ ვახერხებთ, მასეთი შესაძლებლობები უფრო ამერიკას აქვს იმისთვის, რომ საქართველოთი დაინტერესდესო. ასე რომ, გეოგრაფიული პრინციპის შემოტანა ძალიან ტიპური რამ გახლავთ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

საყვარელიძის თქმით, გარკვეული თვალსაზრისით, ევროპა მართლაც გაცილებით სუსტია, ვიდრე აშშ-ი.

 

„ტყუილად კი არ არის, აშშ რომ კარნახობს ევროპას ბევრ რამეს? გაიხსენეთ, პომპეო ჩამოვიდა და საქართველოს ფაქტობრივად, ამერიკული პროექტი დაუდო – ანაკლია და ა.შ. ანუ, აშშ-ს საქართველოს ინტერესი რატომ აქვს, თქვა, მაგრამ არ ჩანს, ევროპას რატომ აქვს საქართველოს ინტერესი, რეალური და პრაქტიკული ინტერესი, თორემ დემოკრატიას ყველა ითხოვს. ამიტომ იმ ქვეყნებში და რეგიონში, რომლებსაც ძალიან შორს წასვლა უჭირთ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, მე არ გამოვრიცხავ ისეთი ტიპის მოტივაციის ამოტივტივებას, რომ ასეთი გეოგრაფიული ფაქტორი გონებაში ჰქონდეთ. უბრალოდ, მე ვთვლი, რომ მაკრონის შეცდომა თქმა იყო ამისი, თორემ ისტორიის განმავლობაში, სულხან-საბადან მოყოლებული, ისედაც არაერთხელ გვინახავს ევროპის დამოკიდებულება ამ რეგიონის მიმართ, საქართველოს მიმართ კი არა, ზოგადად“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა გადაწყვეტილების მიღებისას იმ საფრთხეების გათვალისწინება, რომ პარტნიორი ქვეყნების გარდა, საქართველოს მოსაზღვრე ჰყავს ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რომ საქართველომ არა ერთი ომი გადაიტანა, სისხლი დაღვარა, გვყავს ომში დაღუპულებიც და დევნილებიც და რომ საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან, რაზეც ემანუელ მაკრონის განცხადებაში ყურადღება არ იყო გამახვილებული, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

 

„მოლდოვა არის დსთ-ში და უკრაინაა დსთ-ში, კარგით რა და სერიოზულად ვლაპარაკობთ ევროპულ დამოკიდებულებაზე და კრიტერიუმებზე?! ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი რაღაც ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს ნაბიჯი გადადგეს და უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი იმიტომ, რომ უკრაინა და მოლდოვა შუაგული ევროპაა და ეს ენანებათ. სულ არის ხოლმე რიტორიკაში ასეთი ფორმულა – შუაგულ ევროპაში რა ქნა პუტინმა. რა ქნა პუტინმა ზოგადად კი არა, შუაგულ ევროპაში მისი ნაქნარი არის თურმე სალაპარაკო. აი, ამიტომ არის, რომ 2008 წელს ყური არ შეიბერტყა არავინ და 90-იან წლებში აფხაზეთი ისე დაგვამხეს თავზე, ყური არავინ შეიბერტყა; ყარაბაღის კონფლიქტი ისე იყო, ყური არ შეიბერტყა არავინ. არ არის რა, მათთვის აქტუალური ეს და ადამიანები არიან. ჩვენთვისაც, ბევრი რამ, რაც ჩვენი მოქმედების არეალიდან გადის და სადამდეც ხელი არ მიგვიწვდება, ბევრი რამ არ არის აქტუალური და მათთვისაც, თუ ხელი არ მოუწვდებათ, არ არის აქტუალური“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

საყვარელიძის თქმით, როცა ევროპას კონკრეტული ინტერესი ექნება, მერე შეიძლება, რიტორიკა აბსოლუტურად შეიცვალოს.

 

„ის, რაც რუსეთზე გადიოდა, ის ტვირთები ახლა გადმოდის კავკასიის ხაზზე და როდესაც გააქტიურდება ერთ-ერთი ხაზი, რაც ამ ომმა მოიტანა, კერძოდ, ტვირთების გადმოსვლა კავკასიის ხაზზე, ეს ტვირთები რომ ამუშავდება, მერე შეიძლება, ევროპამ აბსოლუტურად შეცვალოს რიტორიკა. მე ვთქვი, აფხაზეთზე ყური არ შეიბერტყეს მეთქი, მაგრამ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი რომ გაკეთდა, მაშინ ხომ ჩაერთნენ საქართველოს ბედ-იღბლის გადაჭრაში ენერგიულად? ადამიანები არიან ისინიც და კონკრეტული მატერიალური ინტერესის გარეშე ნუ ველით იმას, რომ დიდი სიყვარული ექნებათ ქვეყნისადმი, რომელიც რეალურად სად არის, როგორ არის და რა არის, წესიერად არც იციან და ძირითადად, იციან საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობისგან“. ამას კრიტიკულად არ ვამბობ. იციან იმიტომ, რომ ასეთი ოპოზიცია გყავს და იციან იმიტომ, რომ ასეთი ხელისუფლება გყავს, რომელიც იმის მეათედს ვერ აკეთებს, რაც გასაკეთებელია. ამიტომ, გითხრეს, პოლარიზაცია მოხსენიო და ისიც დაუფიქრებლად გითხრეს. იმიტომ, რომ მოგთხოვენ, პოლარიზაცია მოხსენიო, მეორე მხარეც ხომ უნდა გაითვალისწინო?! მეორე მხარეს კი შეუძლია, ჯიუტ პოზაში დაჯდეს, არ ვურიგდები ამ მთავრობასო და არ მოიხსნება ის პოლარიზაცია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner