logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ღარიბაშვილმა ამერიკელებს მოთმინების ფიალა აუვსო და უთხრეს, რომ უნდა წასულიყო...
- +

17 აგვისტო. 2016. 14:58



პოლიტიკური ექსპერტი ნიკოლოზ მჟავანაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს  და  ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზებს ასახელებს.



„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები იყო ეროვნული. ის საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, ღიად ამბობდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს არ დაუჭერდა, ასევე, გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. სხვათა შორის, მისი ბოლო ინიციატივა აღმოჩნდა ამერიკელებისთვის ბოლო წვეთი. მათი მოთმინების ფიალა აივსო და უთხრეს, რომ უნდა წასულიყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის მოთხოვნით სხვა ქვეყნებში მაღალი თანამდებობის პირები პოსტებს ტოვებენ. რამდენიმე ათეულის წლის წინ ავსტრიაში არჩევნებში ჰაიდერმა გაიმარჯვა. მას ნაციონალისტური ლოზუნგები ჰქონდა. ამერიკელებმა პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ის არ წავიდოდა, ავსტრიას იზოლაციაში მოაქცევდნენ. ანალოგიური მოხდა ღარიბაშვილის შემთხვევაშიც.

 

მისგან ამ  ფაქტის უარყოფის განცხადებას ვერასოდეს მოვისმენთ. ღარიბაშვილი ამ განცხადებას, პირველ რიგში, იმიტომ არ გააკეთებს, რომ ამით ქვეყანა დაზარალდება.

 

ვისაც არ სჯერა, რომ ღარიბაშვილი მათი მოთხოვნით გადადგა, კიდევ ერთ არგუმენტს მოვიყვან. ირაკლი ღარიბაშვილი დეკემბერში გადადგა. ამ გადაწყვეტილებამდე მან საახალწლო ღონისძიებაზე მოსაწვევები გააგზავნა. ახლა ვკითხულობ, კაცი თუ გადადგომას აპირებს, რატომ დაგეგმავს ღონისძიებას და მოსაწვევებს დაარიგებს? უნდა თუ არა ვინმეს ეს, ღარიბაშვილი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.

 

რაც არ უნდა შავი პიარი ააგორონ მის წინააღმდეგ, არაფერი გამოუვათ. საქართველო არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და გარე ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ კონსტიტუციაში ოჯახის ცნების გასწვრივ არ ჩაიწეროს, რომ ის ქალისა და მამაკაცის ერთობაა", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner