პაატა ბურჭულაძის პარტიის ისნის #10 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი იოსებ ხიმშიაშვილი პარტიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებსა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც პოლიტიკური მოძრაობის დატოვება გადაწყვიტა.
იოსებ ხიმშიაშვილის თქმით, „აღნიშნული პარტიის ხელმძღვანელობა შემჩნეულია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან აქტიურ კავშირში, ისინი ასევე აწარმოებენ გაურკვეველ მოლაპარაკებებს „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან, პარტიის ხელმძღვანელობას ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანება როგორც ოფისების მეპატრონეების, ასევე პარტიაში მომუშავე პირების მიმართ".
„იმ პრობლემების ფონზე, როდესაც პარტიაში არ არის არანაირი ფინანსური რესურსი და ბოლო ორი თვის განმავლობაში არ გაცემულა ხელფასები, პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე აძლევს თავს უფლებას, მიემგზავრება საზღვარგარეთ და იწყობს საზაფხულო დასვენებას ფეშენებელურ სასტუმროში.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან, თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რის გამოც ვტოვებთ აღნიშნულ პარტიას", - აცხადებს იოსებ ხიმშიაშვილი.