"მაშინ როდესაც კომისია ამბობს, რომ ყველა უნდა შეეცადოს დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი ეს თავყრილობა," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხვალ გასამართი აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ახალგაზრდული ფრთა „სირცხვილია“, რომელიც ძალადობრივი აქციებითაა ცნობილი.
„რადგანაც ამბობენ, რომ 24 ივნისის ევროპული საბჭოს სხდომის წინ სურთ, როგორღაც თითქოს, ხმა გააგონონ, ხალხის მზაობა აჩვენონ, ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც კომისია ამბობს, რომ ყველა უნდა შეეცადოს დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი ეს თავყრილობა.
მოთხოვნებს ვხედავთ, დაწყებული იმით, რომ გავყაროთ ეს ხელისუფლება და დამთავრებული, სხვათა შორის, გიგა ბოკერიას ჰქონდა განცხადება, სისხლის ღვრა და ასე შემდეგ. ამ ტერმინების გამოყენება, მოვლენების განვითარების მაიდანთან შედარება, თავიდანვე აჩვენებს, რომ არის დეტრუქციაზე მიმართული აქცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.