გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ. გორში, ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ბრალდებულებმა მომხდარის შესახებ უთხრეს მეგობარს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამართალდამცავებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით წარედგინათ. ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა ბრალდება.
გორის რაიონულმა სასამართლომ, ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 21 და 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება.