საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები 20 ივნისის აქციას უერთდებიან.
აღნიშნულ კომიტეტში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ღირსეული წევრი, იცავს პარალიმპიური მოძრაობის ქარტიას და კონსტიტუციას.
როგორც პარალიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 პარასპორტსმენიდან დღეს საქართველოს 300 პარასპორტსმენი ჰყავს. მათივე თქმით, ვითარდება პარალიმპიური სპორტის 20 სახეობა და ქართველი პარალიმპიელები უმაღლესი მიღწევებით ახარებენ გულშემატკივარს. ეს პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რომელიც, მათივე თქმით, წლიდან წლამდე იზრდება:
„მედიაში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება. რაც არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს პარალიმპიური ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობა.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ღირსეული წევრი, იცავს პარალიმპიური მოძრაობის ქარტიას და კონსტიტუციას.
ამ განცხადების უკან დგანან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალადობრივი გზით სცადეს კომიტეტის მიტაცება. კომიტეტის დამფუძნებელმა გუნდმა შესძლო პარალიმპიური კომიტეტის დაბრუნება 2012 წელს და მას შემდეგ, მოდავე მხარესთან სამი ინსტანციის სასამართლოს მოგება.
შეუძლებელია, ჩვენი მოძრაობის პროგრესის არდანახვა, როცა 3 პარასპორტსმენიდან დღეს 300 პარასპორტსმენი გვყავს. ვითარდება პარალიმპიური სპორტის 20 სახეობა და ჩვენი პარალიმპიელები უმაღლესი მიღწევებით ახარებენ გულშემატკივარს. ეს პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება!
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი პარასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აჰყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკპროპაგანდას და დაუყოვნებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა!“ - აღნიშნულია განცხადებაში.