logo_geo
eng_logo
ისტორია მეორდება – ევროპამ საქართველოს ევროპის ლიგაში მიღებაზე უარი ასი წლის წინაც, გასაბჭოებამდე უთხრა
- +

20 ივნისი. 2022. 17:23

 

 

ისტორია მეორდება – ევროპამ საქართველოს ერთა ლიგაში მიღებაზე უარი ასი წლის წინაც, გასაბჭოებამდე უთხრა. აღნიშნულ ისტორიულ მოვლენას „კვირასთან“ საუბრისას ისტორიკოსი, სიმონ მასხარაშვილი იხსენებს და პარალელს დღევანდელ რეალობასთან ავლებს.

 

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

 

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პარიზის სამშვიდობო კონფერენციის შედეგად, 1920 წლის 10 იანვარს პირველი საერთაშორისო, სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია – ერთა ლიგა დაარსდა.

 

 

ვუდრო უილსონის 14-პუნქტიანი გეგმის თანახმად, რომლის ბოლო პუნქტი სწორედ ერთა ლიგის შექმნას ითვალისწინებდა, საერთაშორისო ორგანიზაციის მიზანს კონფლიქტებისა და ომების მშვიდობიანი გზით მოგვარება წარმოადგენდა. საქართველომ მალევე გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო პარიზის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. 1919 წლის 14 მარტს საქართველომ კონფერენციაში მონაწილე დიდი სახელმწიფოებს წარუდგინა მემორანდუმი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მის სურვილზე, რომ ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო. ქართული დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, 1920 წლის დეკემბერში ერთა ლიგაზე საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი განიხილეს და ჩვენ ქვეყანას ორგანიზაციის წევრობაზე უარი ეთქვა.

 

ევროპამ ერთხელ უკვე  უთხრა უარი საქართველოს განვითარების პერსპექტივაზე, ახლა კი, ასი წლის შემდეგ, ევროპა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან კვლავ თავს იკავებს.

 

„იმ დროს, როდესაც საქართველომ ერთა ლიგაში გაწევრიანების წინადადება წამოაყენა, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ახლად განთავისუფლებული, დამოუკიდებლობა აღდგენილი სახელმწიფო, რომელმაც ძალიან დიდი წარმატებით გაატარა ყველა სახის რეფორმა, მათ შორის, ეკონომიკური თუ სოციალური და 1919 წლისთვის, პრაქტიკულად, მთლიანად მოახერხა თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც ეთნიკური, ასევე, გენდერული ნიშნით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო იყო. დემოკრატიული თუ ლიბერალური პარამეტრი, რომლის მიხედვითაც საქართველო არ იმსახურებდა ერთა ლიგის წევრობას, ბუნებაში არ არსებობდა. თუმცა, ერთა ლიგის წესდებაში იყო ასეთი მუხლი, რომ თუ ორგანიზაციის წევრ რომელიმე ქვეყანაზე რომელიმე სხვა არაწევრი სახელმწიფო ახორციელებს თავდასხმას, მაშინ ერთა ლიგა მოვალეა, დაიცვას ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რის გამოც საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს. ერთა ლიგის წევრები იყვნენ იმ დროისთვის ჩვენზე გაცილებით სუსტი სახელმწიფოები, მაგრამ ჩვენთვის უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ძალიან დიდი იყო ალბათობა იმისა,  რუსეთს საქართველოზე თავდასხმა განეხორციელებინა. ამასთან, მათ იმ დროისათვის დასუსტებულ რუსეთთანაც კი არ სურდათ ეკონომიკური ურთიერთობის გაფუჭება. პირდაპირ ვაცხადებ და ეს არის ცნობილი, ჩვენ რომ 1920-1921 წლებში ერთა ლიგაში მივეღეთ, 1921 წლიდან 1940 წლამდე საქართველოს ანექსიის მცდელობის შესაძლებლობა იყო აბსოლუტური ნულის ტოლი. იმ ერთ ქაღალდზე ხელის არმოწერით, პრაქტიკულად, სულ მცირე, 20-წლიანი დამოუკიდებლობის პერსპექტივა დაგვაკარგვინეს. მით უმეტეს, რომ ჩვენ მათ არ ვთხოვდით ფინანსურ თუ სამხედრო დახმარებას, ვინაიდან ჩვენ ეს ყველაფერი გვქონდა.

 

დღევანდელ დღეს ევროპას რუსეთის წინსვლა არაფერში არ აწყობს. ამასთან, თუ მაშინ ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე უარის თქმის მიზეზი სამხედრო აგრესიისაგან დაცვაზე პასუხისმგებლობის აღება გახდა, ევროკავშირის წევრობა სამხედრო აგრესიის შეკავება-არშეკავებას არ ნიშნავს. ერთა ლიგაში არგაწევრიანების მიზეზი იყო ეგ, რომ დაცვის შეეშინდათ, რუსეთთან ომის შეეშინდათ, უფრო სწორად, ომის იმდენად არ ეშინოდათ, რამდენადაც იმის, რომ ომის შემთხვევაში ეკონომიკა ჩაუვარდებოდათ, ახლა კი თავად აქვთ გამოცხადებული რუსეთისთვის სანქციები, შესაბამისად, ახლა ეს მოტივი ვეღარ იარსებებს.

 

თუ ჩვენ გვეტყვიან უარს კანდიდატის სტატუსზე, ესე იგი, ჯერ კიდევ მძლავრად არის ევროკავშირის სტრუქტურებში რუსეთის აგენტურა. წლების განმავლობაში პუტინი ყიდულობდა ძალიან ბევრს, მიუხედავად იმისა, რომ ომი დაიწყო და ახლა არის ტენდენცია, რომ გაიწმინდოს ევროსტრუქტურები პუტინის აგენტურისგან, მე მივიჩნევ, რომ ბოლომდე არ არის გაწმენდილი და ამიტომ გვითხრეს უარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე. კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება შიდა სტაბილურობისა და პოზიტიური დღის წესრიგის გარანტია, თუ ისინი ამ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე გვეტყვიან უარს, ქვეყანა, რომელსაც დღეს ეს აწყობს, რომ საქართველოში ნეგატიური მოვლენები იყოს და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს – არის რუსეთი. რუსეთის მიზანია, რომ თუ პირდაპირ ვერ ახერხებს ჩვენს ხელში ჩაგდებას, იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, რომ სხვასაც აღარ უნდოდეს აქეთ შემოხედვა, რაც გააკეთა 90-იანი წლების დასაწყისში, ზუსტად იგივე მიზანი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს ჩვენთან მიმართებითაც დღესაც. ნებისმიერი პოზიტიური მომენტი თავიდან გვაცილებს შიდა დაპირისპირების შესაძლებლობას, უფრო გვაერთიანებს და უფრო გვაძლიერებს, რაც რუსეთს არ აწყობს, შესაბამისად, მათ სურთ, რომ ჩვენთან არანაირი პოზიტიური ცვლილება არ მოხდეს და, მათ შორის, არც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაც. თუ ამ დღეებში სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ესე იგი, გააკეთეს ის, რაც რუსეთის ინტერესებში შედის. დღეს ყველა მცდელობა ქართველთა შორის დაპირისპირების და თავზე ლაფის დასხმის არის რუსული თემა, მათი ინტერესი და ვინც ამას შეუწყობს ხელს, ის, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთს ემსახურება.

 

ქართველი ერი იმსახურებს და მე ვერ ვხედავ ვერანაირ ობიექტურ მიზეზს საიმისოდ, რომ ქართველ ერს უარი უთხრან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რადგან ამისათვის საქართველომ ყველაფერი გააკეთა. ევროკავშირის ძალიან ბევრ ისეთ რეკომენდაციას ქართველი ერი შეხვდა გაგებით ერთადერთი მიზნით, რომ ის იყოს ევროკავშირის წევრი. საქართველო ძალიან დიდი ხანია, იმსახურებს ევროკავშირის წევრობასაც და ნატო-ს წევრობასაც. არ არსებობს პარამეტრი, რომლის გამოც საქართველო შესაძლოა, უარს იმსახურებდეს“, – აცხადებს სვიმონ მასხარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner