„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები 20 ივნისის აქციას უერთდებიან.
აღნიშნულ ფაქტს იონათამიშვილი დანაშაულს უწოდებს და ამბობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა, პასუხის გაცემა მოუწევთ.
„მიუხედავად იმისა, რომ პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ და ამავდროლუად, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, არასდროს მიკადრია, რომ კომიტეტის პოლიტიზება მეცადა, ან პირადი პიარისთვის გამომეყენა კომიტეტის წარმატება, რადგან საკუთარ იმიჯზე მეტად ვუფრთხილდები პარალიმპიური მოძრაობის და კომიტეტის იმიჯსა და რეპუტაციას.
კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების გავრცელება! გასაგებია, რომ უკვე ისე უჭირთ, ასეთი სიცრუით და ტყუილებით ცდილობენ ყალბი აღქმების შექმნას, მაგრამ მინიმუმ ძალიან უხერხულია ასეთი ტყუილის კადრება, რეალურად კი ეს არის დანაშაული! ამიტომ აუცილებლად მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა!“ - წერს რატი იონათამიშვილი.