შეხვედრა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და კორეის რესპუბლიკის შს და უსაფრთხოების მინისტრ სანგ-მინ ლისთან დღეს გაიმართა. ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის გამოცდილება ციფრული მმართველობის სფეროში, აგრეთვე, ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.
„იუსტიციის სამინისტრო, ერთი მხრივ, პასუხისმგებელია ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე, ამასთანავე, ჩვენ ვახდენთ ამ მიმართულებით სახელმწიფოს რეფორმებისა და მიღწევების ექსპორტს. ამჯერად ჩვენ ვუმასპინძლეთ კორეის რესპუბლიკის დელეგაციას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას საჯარო სერვისების მიწოდების საკითხებში, განსაკუთრებით, ციფრული სერვისების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში კორეის დელეგაცია აგრეთვე ეწვია და ადგილზე გაეცნო იუსტიციის სახლის და ციფრული მმართველობის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას. იუსტიციის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს ჩვენი მიღწევების ექსპორტს პარტნიორ სახელმწიფოებში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, კორეული მხარის ინიციატივა კორეა-საქართველოს ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნების თაობაზე და მემორანდუმის გაფორმების საკითხი ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ციფრული მმართველობის საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით. კორეის რესპუბლიკის დელეგაცია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც UNDP-ის, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (National Information Society Agency (NIA)), ასტანის სამოქალაქო სერვისების ჰაბის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ერთობლივი ჩართულობით ტარდება.