პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს.
პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელ გიგა ფარტენაძის განცხადებით, მოძრაობა ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას.
„აჭარის რეგიონის ახალგაზრდული მიმართულება მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოძრაობა რეგიონში ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას, რაც კარგად ჩანს პარტიული და საარჩევნო სტრუქტურების მშენებლობასა და საქმიანობაში. ეს უკანასკნელი კარგად ავლენს, რომ პოლიტიკური მოძრაობა შორს დგას არსებული რეალობიდან. ჩვენ, რეგიონის ახალგაზრდებს, ვისაც შეგვტკივა გული ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, მივისწრაფით აქ არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისკენ, მოძრაობა მიგვაჩნდა სწორედ მსგავსი ამოცანების რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესებზე კონცეტრირება. ვერ მოახერხა რეგიონის მოსახლეობასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური განათლების შედეგია. ბოლო პერიოდში მოძრაობის გარშემო სულ უფრო მეტად ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს საზოგადოებისათვის მიუღებელ სხვდასხვა პოლიტიკურ ძალებთან ალიანსის შესახებ. უყრადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც 3 თვეა, მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როდესაც იკვეთება პარტიული ელიტის ძვირად ღირებული კერძო ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება მოძრაობის რიგების დატოვების და ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებრივ საქმიანობის გაგრძელების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.