საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ინფორმაცია მოისმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2021 წელს ქვეყანას ჰქონდა 10,4 პროცენტის ფარგლებში, რაც ნომინალურ გამოსახულებაში იყო 60 მლრდ. 231 მილიონი ლარი»
„ჩვენ ამ საკითხს სისტემატიურად ვიხილავთ, კვარტალურ ჭრილში გვაქვს განხილული 2021 წლის ბიუჯეტის შესრულება. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას რამდენიმე პარამეტრზე. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2021 წელს ქვეყანას ჰქონდა 10,4 პროცენტის ფარგლებში, რაც ნომინალურ გამოსახულებაში იყო 60 მლრდ. 231 მილიონი ლარი. რაც დაგეგმილზე 1 მლრდ 702 მილიონი ლარით მეტია. დეფიციტი დაგეგმილი იყო 6,7 პროცენტის ფარგლებში და წარმოდგენილია 6,1 პროცენტის დონეზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობის ვალი, რომელიც მნიშვნელოვან ინდიკატორად მიგვაჩნია, დაგეგმილი იყო 51,1 პროცენტის დონეზე და არის 49,4 პროცენტი. შემოსულობების კუთხით ქვეყანამ 2021 წელს მიიღო 18 მლრდ. 377 მილიონი ლარი, რაც პროგნოზზე და დაგეგმილზე 278 მილიონი ლარით მეტია. რაც შეეხება ხარჯებს, დახარჯულია 19 მლრდ. 807 მილიონი ლარი“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ანგარიშის შემაჯამებელ განხილვაზე.
ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური ინდიკატორების და ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4% შეადგინა. მისივე ინფორმაციით მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილია 6%-ით. რაც შეეხება ინფლაციას, მომხსენებლის განმარტებით, 2021 წელს წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა, ხოლო წელს ინფლაციის მაჩვენებელი წარმოდგენილია 9.1%-ით. 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 326.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 25.7 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 10 084.4 მლნ აშშ დოლარს.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილმა 21.1 %-ს შეადგინა. თურქეთის - 15.0 %; რუსეთის - 11.4 %; ჩინეთის - 10.3 %; აზერბაიჯანის - 7.9 %. მომხსენებლის ინფორმაციით, 2021 წელს, წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 24 %-ით გაიზარდა და 2 032.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 101.6 პროცენტით და შეადგინა 1 152.8 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილი იყო 14 928 250.0 ათასი ლარის მობილიზება, ფაქტობრივად კი, მობილიზებული იქნა 15 142 672.8 ათასი ლარი. რაც შეეხება გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელს, განსაზღვრული იყო 13 271 250.0 ათასი ლარი, ხოლო მობილიზებულ იქნა 13 379 960.6 ათასი ლარი. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 457 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 494 447.1 ათასი ლარი. სხვა შემოსავლებიდან მიღებულია 1 268 265.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.7%.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით, მიღებულია 12 750 272.7 ათასი ლარი; გადასახადებში მობილიზებული იქნა 11 439 488.6 ათასი ლარი; გრანტებში 487 106.9 ათასი ლარი; სხვა შემოსავლების სახით კი მიღებულია 823 677.1 ათასი ლარი. რაც შეეხება, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მომხსენებლის ინფორმაციით, ის გასულ წელს 1მლრ 411 მლნ-ით გაიზარდა.
მთავრობის წარმომადგენელმა უწყებების მიხედვით გაწეულ ხარჯებზე და შესრულებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება მთავრობის ანგარიშზე „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკატერინე ღაზაძემ წარადგინა და კომიტეტს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები გააცნო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენას მხარი დაუჭირა.