logo_geo
eng_logo
„მართლა უხერხულია!“- დათო ლორთქიფანიძე დავით ბაქრაძეს პასუხობს და ვანში განხორციელებულ პროექტებს ახსენებს...
- +

17 აგვისტო. 2016. 17:49



პარლამენტის წევრი დათო ლორთქიფანიძე ვანის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე, პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის სიტყვით გამოსვლას „რეპორტიორთან" აფასებს.


ლორთქიფანიძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" ტრადიციას არ ღალატობს და ისევ ცდილობს, მოსახლეობა ტყუილით გამოკვებონ, რადგან ის ბრალდებები, რაც ვანის რაიონთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით გაისმა, რეალობას აცდენილია.

 

 

„ვანის რაიონში „ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. წარდგენისას სიტყვით გამოვიდა პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში ვანი გაჩერდა, განვითარება ვერ პოვა და ამ რაიონში არაფერი ახალი არ გაკეთებულა.

 

ბაქრაძე მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ისინი წაიყვანენ რაიონს და მთლიანად საქართველოს წინ და იქვე დააანონსა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებიდან პენსიები 50 ლარით გაიზრდება", - აღნიშნავს ლორთქიფანიძე და „ნაციონალური მოძრაობის" საპასუხოდ იმ პროექტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელიც ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში, კერძოდ ვანში განახორციელა.  


„გაუგებარია ნაციონალების დაპირებები იმაზე, რომ პესიებს 50 ლარით გაზრდიან. საინტერესოა, რა სახსრებით აპირებენ ისინი ამას? საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ისევ ცდილობს, მოსახლეობა ტყუილებით გამოკვებოს.

 

მინდა, ჩვენი ამომრჩევლისა და მათ გასაგონად ვთქვა, რომ იმ პირობებში, როდესაც ვანში მაჟორიტარი იყო „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლეჟავა, მათი გაკეთებული საქმეების რაოდენობა  ნულის ტოლი იყო. ხელისუფლებამ ვანის რაიონში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა.

 

 

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, აღვადგინეთ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაუქმებული მიქელეფონის საჯარო სკოლა. სკოლის შესყიდვას ნაციონალები აპირებდნენ, რადგან შენობაში თხილის მიმღები პუნქტი უნდა განეთავსებინათ.  ამავე დროს ბავშვებს 16 კილომეტრი უწევდათ ფეხით სიარული უახლოეს სკოლაში.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე 2013 წლის 21 იანვარს, ეს საჯარო სკოლა აღვადგინეთ.

 

 

სოფელ ზედავანში 2016 წლის სექტემბერში, სადაც თითქმის ორი ათეული წელი არ იყო საჯარო სკოლა, ექსპლუატაციაში გავუშვით ახალი სკოლა, რომელიც აბსოლუტურად მიესადაგება ევროპულ სტანდარტებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში იყო დაპირებები ამ სკოლის აშენების შესახებ...

 

 

ვანის რაიონში პირველივე, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ვანიდან კურორტ სულორის მიმართულებით ავაშენეთ ბეტონის სამანქანო გზა, რომელზეც დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი ლარი დაიხარჯა.

 

შუამთიდან ჭყვიშის (გალაკტიონ ტაბიძის სახლ- მუზეუმამდე) მიმართულებით გაკეთდა ახალი გზა, სადაც სახელმწიფომ  მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დახარჯა.

 

ვანის რაიონში მსოფლიოს ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით 14,5- მილიონიანი პროექტი ფინანსდება. ვანში დაიწყება  არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა. 

ისე აღვნიშნავ, რომ მუზეუმის მშენებლობა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს უნდა დაწყებულიყო და 2013 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მათი ხელისუფლების პირობებში ეს „რატომღაც" ვერ მოხერხდა.  ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებით ხელისუფლების ჩართულობა აბსოლუტურად თვალნათელია.  ვანს უმოკლეს დროში, ულტრათანამედროვე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება.  

 

რაც შეეხება რაიონის ინფრასტრუქტურას და გზების მშენებლობას, მე ჩამოვთვლი რამდენიმე პროექტს, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა. მაგალითად, ზეინდარი- ამაღლების 6-კილომეტრიანი გზა,  რაზეც სახელმწიფომ 2,5 მილიონი დახარჯა. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფელში, ფერეთაში აშენდა ახალი გზა, სოფელ მუქედში, სოფელ მთისძირში, ტობანიერი- ყუმურის მიმართულებით, სალხინოს შემოვლითი გზა, დიხაშხო- ბზვანის მიმართულებით, დიხაშხო- დედათა მონასტრის მიმართულებით, საერთო ჯამში დაახლოებით 70 კილომეტრზე მეტი გზა აშენდა ვანის რაიონში. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს, რომ ვანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაჩერდა და არაფერი კეთდება, მართლა უხერხულია.

 

 

გარდა ამისა, მელიორაციის მიმართულებით, ფაქტობრივად მიტოვებული იყო მთელი სისტემა და არხები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მოვახერხეთ, რომ დაახლოებით 25 კილომეტრამდე სამელიორაციო არხები იქნა გაწმენდილი და 500 ჰექტარზე მეტი მიწა იქნა დაცული დატბორვისგან.

 

სამელიორაციო არხებმა უზრუნველყო, რომ სავარგულები აღარ იტბორება და მოსახლეობა იღებს მოსავალს.

 

რაიონში შეიქმნა რამდენიმე ათეული კოოპერატივი, აქედან 4 კოოპერატივს გადაეცა საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები, ხოლო ერთი კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ გახდა მეორე დონის კოოპერატივი. სოფლის მეურნეობის რამოდენიმე სპეციალისტი გაიგზავნა სტაჟირებაზე ესტონეთსა და ხორვატიაში. 

 

ასევე გარემონტდა მრავალი ბაღი. ისეთი ბაღები, როგორიც არის ქალაქის პირველი და მეორე, სალხინოს, ტობანიერის და რამოდენიმე სხვა ბაღი. ფაქტობრივად ამორტიზირებულ ბაღებს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდათ.  გზებისა და  ბაღების ინფრასტრუქტურაზე მილიონობით ლარი დაიხარჯა მიზნობრივად. 

 

 

რაიონს არ ჰქონდა საავადმყოფო, ნაციონალების ხელისუფლების პირობებში ეს არ გაკეთდა. დააანონსეს, რომ საავადმყოფო უნდა აშენებულიყო, მაგრამ ამაოდ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი გავხსენით „ვანელობის“ დღესასწაულზე „ჯეო ჰოსპიტალსის" ახალი ფილიალი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს სრულიად შეესაბამება", - განაცხადა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში და სინანულით აღნიშნა, რომ არის ერთადერთი საკითხი, რაშიც ვანის მოსახლეობამ  „წინ მართლა ვერ წაიწია“.


 

„ერთადერთი, რაშიც ვანელებმა მართლაც „ვერ წავიწიეთ წინ“, არის ის, რომ ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, რომელიც არის 26 მაისის დარბევის დროს მოკლული და შემდგომ მაღაზიის თავზე დაგდებული სულიკო ასათაინის საქმესთან კავშირში, რის გამოც სათანადოდ სამართლებრივად პასუხი ვერ მოეთხოვა. 

 

მოკლულის ოჯახი ლეჟავას ადებს ხელს, რომ იგი ოჯახს აშანტაჟებდა და აშინებდა. ისინი არ აპირებენ ამ საქმის მიტოვებას და იმედია, არჩევნების შემდეგ ლეჟავას სამართლებრივად მოეკითხება,“ - აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner