logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: საქართველოს, რა თქმა უნდა, ჰყოლია ქველმოქმედნი და მეცენატები, მაგრამ ამ მასშტაბისა - არასოდეს
- +

21 ივნისი. 2022. 23:37

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

 

ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვა მისი დაბადების დღეს დაემთხვა.
ამის მიუხედავად, სიონში ბოლომდე დარჩა და მთაწმინდამდეც მიაცილა.
ნამდვილ ჭირისუფლად იდგა ნამდვილი მთაწმინდელის სამარესთან.


***
როგორ გგონიათ, ვინ იგულისხმება?
დიახ, ბიძინა ივანიშვილი.
მან იცის ბაჩანა ბრეგვაძის ფასი.
სამაგიეროდ, ჩვენ მისი ფასი არ ვიცით.
საქართველოს, რა თქმა უნდა, ჰყოლია ქველმოქმედნი და მეცენატები, მაგრამ ამ მასშტაბისა - არასოდეს.
რამდენი რამ ააშენა, გააშენა, აღადგინა და თავისად არაფერი გაუხდია.
რა პირადი სარგებელი უნდა ენახა ოპერის ან რუსთაველის, სხვა უამრავი თეატრის რეკონსტრუქცია- განახლებაში?!
სად წაიღებდა შეკვეთილის საკონცერტო დარბაზსა თუ დენდროლოგიურ პარკს, რომლის გამოც ამდენი მდარე ფეიკი შექმნეს?!
გაჭირვებულებს არ ეხმარებოდაო?!
გაჭირვებული არ იყო მამუკა ჩარკვიანი, რომლის პოეტი მამა საოპერაციო თანხის გადარიცხვას დაუყოვნებლივ ითხოვდა - თხუთმეტ წუთში შეიძლება, ცოცხალიც აღარ იყოსო?!
სად წაიღებს და ვის დაუტოვებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის აშენებაც ლევან ბერძენიშვილს წარმოუდგენლად მიაჩნდა და მითად აცხადებდა?!
ყველაფერს ვინ ჩამოთვლის?!


***
და ჩვენ რით ვუხდით სამაგიეროს?!
იმით, რომ საჯიჯგნად ბერძენიშვილებს, სამადაშვილებს, ჩარკვიანებს, ვაშაძეებს და ათას მათნაირს მივუგდეთ?!


***
ნუ მიუგდებთ ჩემს სხეულს საჯიჯგნად ინგლისელ მგლებსო,- ემუდარებოდა პარნელი ირლანდიელებს.
მიუგდეს!
ზვიად გამსახურდია არ გვემუდარებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ისიც მგლებს მივუგდეთ - რუს და ქართველ მგლებს.
ახლა იმასვე ვუპირებთ ბიძინა ივანიშვილს?!
და ჩვენ ხალხი გვერქმევა, თუ ამას ჩავიდენთ?!
ერი ხომ მით უმეტეს აღარ გვერქმევა.


***
ძველი დრო რომ იყოს, სამების დიდი ტაძრის ამშენებელს მკლავსაც მოვჭრიდით.
და ეს პათეტიკა კი არა, შემაშფოთებელი რეალობის ფიქსაციაა.


***
სააკაშვილსაც ასევე გამოვექომაგებოდი და არ დავუკარგავდი, თუ რამ კარგი გაუკეთებია, ყველაფერი თვითონვე რომ არ წაეშალა - სანდროთი და ბუტათი, სულხან მოლაშვილის წამებით, უამრავი ოჯახის გამწარებით. თავადაც რომ არ ვყოფილიყავი მოწმე, თუ როგორ დაიჭირეს ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელმაც საქმე ნულიდან დაიწყო და როგორც კი შესამჩნევ წარმატებას მიაღწია, უმალვე შენიშნეს და თანხა შეაწერეს. არ დამორჩილდა და დაიჭირეს. ვბრაზობდი მის ადვოკატზე(დღეს „ოცნების" ერთ -ერთ სახეზე), - ვბრაზობდი, ვიდრე არ დავრწმუნდი, რომ უძლური იყო იმ სისტემასთან, სადაც ადამიანის ბედი ორიდან ერთ-ერთ კაბინეტში წყდებოდა - ადეიშვილთან ან მერაბიშვილთან.


***
და ეს ნაცური ჯოჯოხეთი ვინ დაამთავრა?!


***
ბაჩანა რომ გარდაიცვალა, დამირეკა ჩემმა კოლეგა-მეგობარმა და მიამბო:
„ბიძინა ივანიშვილმა მკითხა, მთაწმინდაზე დაკრძალვის საკითხს საზოგადოება ხომ მხარდაჭერით შეხვდებაო?
მე ვუთხარი, სოსო ჭუმბურიძემ უკვე დაწერა, ნამდვილი მთაწმინდელიაო.
სოსო ჭუმბურიძე ვინ არისო?! - მკითხა".


***
ამ ამბავმა და, განსაკუთრებით ბოლო შეკითხვამ იმერულად გამაფხუკიანა და „ცხენის" ნაცვლად „უნაგირს" მივახტი, - უბედურებაც ის არის, ამას ივანიშვილი შენ რომ გეკითხება-მეთქი.
წყენამ კარგა ხანია, გამიარა და ეს ამბავი ახლა მხოლოდ იმის ხაზგასასმელად გავიხსენე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ, უფრო ზუსტად, ის არ მიცნობს.
სამაგიეროდ, კარგად ვიცნობ ბერძენიშვილებს, სამადაშვილებს, ვაშაძეებს, გოცირიძეებს...
ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ იცნობს.
კიდევ კარგი, რომ ამათ მაინც იცნობს”, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner