logo_geo
eng_logo
ვინ არის ლადო ბედუკაძე და რას იხსენებენ პატიმრები?..
- +

17 აგვისტო. 2016. 18:27



ოთხი წლის წინ, 2012 წელს, ლადო ბედუკაძე, შეიძლება ითქვას, ეროვნული გმირი იყო. გლდანის ციხიდან გატანილი კადრები ბოლო წვეთი აღმოჩნდა იმ ცხრაწლიანი დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლიც შეასრულა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგზე. მაშინ პატიმრები მწარედ ხუმრობდნენ, მიშას პატიმრების უკანალით თუ დაამარცხებდი, თორემ ისე ვინ მოერეოდაო.


მიუხედავად იმისა, რომ ლადო ბედუკაძეს ღვაწლი „დაუფასეს" და ის ციხე არ ახეხინეს, სადაც თავადაც სასტიკად ეპყრობოდა პატიმრებს, გმირად მაინც ვერ იქცა და ჯერ კიდევ პოლიტიკური ამბიციის ხმამაღლა გაცხადებამდე პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურებმა „დაავერბოვკეს". სწორედ მათი დავალებით იღებდა კადრებს, რომელიც გავრცელდა, თუმცა ეს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, როგორც ნაციონალებს სურთ წარმოაჩინონ. ციხეში ყველამ იცის, რომ მას შემდეგ, რაც კადრების არსებობა შეიტყვეს, ნაცები ლამის გაგიჟდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ვითარების შემობრუნებაზე ფიქრი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ციხეში ამბობენ, რომ ბედუკაძემ ფულის გაკეთება გადაწყვიტა და ივანიშვილსაც ისევე მიუტანეს ინფორმაცია უკვე გადაღებული კადრების შესახებ, როგორც ნინო ბურჯანაძეს და სხვა პარტიების ლიდერებს.


დღეს ლადო ბედუკაძე მოღალატესთან ასოცირდება, რადგან საქართველოს მტრის, რუსეთის პოზიციას ღიად აფიქსირებს. „ცენტრისტების" სარეკლამო რგოლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - არასამთავრობოები ცესკო-ს საკითხის შესწავლას სთხოვენ, ტელევიზიებმა ამ რგოლის გაშვებაზე უკვე ოფიციალურად თქვეს უარი, სოციალურ ქსელებში კი „ცენტრისტების" და მათ შორის, ბედუკაძის დაპატიმრებას ითხოვენ. და მაინც, როგორ მოხდა ბედუკაძის გადაგვარება და როგორ იქცეოდა ის რეალურად ციხეზე? იყო თუ არა ისეთი ანგელოზი, როგორიც თავიდან დახატეს და მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო თუ არა თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი?!


„რა გვარი ხარ?!"

„რა მნიშვნელობა აქვს?"


„რომ გეკითხები, მიპასუხე. მე სხვებს არ ვგავარ, ლადო ბედუკაძე ვარ, შენ პატიმარი #0578 და ზუსტად ვიცი, რიგითი პატიმარი არ ხარ. მართლა შეგიძლია შენი მეგობრების მეშვეობით, საჭირო დროს პრესამ და ტელევიზიამ მხარი დაგვიჭიროს?!" - არ გაჩერდა ბედუკაძე.


„მე არ ვიცი, ვინ ხარ", - ჩუმად უთხრა #0578-მა.


„შენთან ლევანმა გამომიშვა. ხომ იცნობ ლევანს?!" - ბედუკაძემ #0578-ს უახლოესი ძმაკაცი დაუსახელა.


„შეგვიძლია", - ჩუმად მოჭრა #0578-მა და კედლისკენ მიბრუნდა, ამით ანიშნა, რომ საუბარი დასრულდა.


ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ, პატიმარი #0578 კარცერში გაისტუმრეს. იქ სიგარეტზე კი არა, ტუალეტის ქაღალდზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ საღამოს კარი გაიღო, ერთ-ერთი „კლუჩნიკი" შემოვიდა და მაგიდაზე ერთი კოლოფი სიგარეტი და ტუალეტის ქაღალდის ახალი შეკვრა დადო.


„ეს ლადომ გამოგიგზავნა, მე ბასტის მეძახიან, თუ დაგჭირდე, ასე მიკითხე", - თქვა და გავიდა.

* * *

„ბიჭო, ეგ ვინ გამომიგზავნე, რა ტიპია „ვაბშე" ეგ ლადო?!" - პატიმარი #0578 ლევანს ესაუბრებოდა.

„არის, რა. დიდი ხანია ვიცნობ, პირველი „სროკიდან", - გაიღიმა ლევანმა.

„და ისეთი ანგელოზია, როგორც იქცევა?!"


„აქ ანგელოზები მარტო ჩვენ ვართ. არ ვიცი, რა, მაგრამ რაღაც აქვს ჩაფიქრებული და იმის განხორციელებაში ჩვენი დახმარება უნდა", - ჩაფიქრებით თქვა ლევანმა.

„და შენ ამბობ, რომ ციხის ოფიცერს უნდა დავეხმაროთ?!" - თვალები შუბლზე აუვიდა #0578-ს.


„თუ ჩვენთვის სახეირო იქნება რამე, რატომაც არა", - გაეღიმა ლევანს, თუმცა ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში ლევანი და #0578 ზონაზე წაიყვანეს და ბედუკაძეც ორივეს დაავიწყდა. მერე, როცა მოხდა ის, რაც მოხდა და ბედუკაძის სახელი მთელმა საქართველომ გაიგო, #0578-საც გაახსენდა ის ოფიცერი.


„ეს ნახე, რა..." - გაოცებით გაშალა ხელები რუსთავის #17 დაწესებულების ყველაზე ცნობილმა პატიმარმა თეკუჩა ქარსელაძემ.


„იცნობ ამ კაცს, თეკო?!" - ჰკითხა #0578-მა.


„როგორ არ ვიცნობ? მეექვსეში, კრიტში რომ ვიყავი, იქ მუშაობდა მაშინ", - ჩახლეჩილი ხმით თქვა თეკუჩამ.


„მერე, ისეთი ანგელოზი იყო, როგორც გლდანის ციხეში?" - დაუკონკრეტა #0578-მა.


„რა ანგელოზი, გაგიჟდი, ტო? პათოლოგი იყო, მთვრალი შემოდიოდა და ლეწავდა პატიმრებს, სისხლს აფურთხებინებდა ხოლმე... რა არის არა ცხოვრება? ახლა გმირია, არადა მაშინ... ოხ..." - თეკუჩამ რაღაც ჩაიბურდღუნა და მერე ერთ-ერთმა პატიმარმა მიაყოლა, დიდ „მაყუთს" მისცემდნენ ამაში ამ ნაბოზვარსო.


კადრების გასვლის შემდეგ პატიმრებმა ცოტა შვება იგრძნეს, ოფიცრები მაქსიმალურად ცდილობდნენ, პატიმრების კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, რადგან პრაქტიკულად, ყველა დაწესებულებაში უცხოური არასამთავრობოები შევიდნენ. არჩევნების შემდეგ კი ის ოფიცრები, რომლებიც პატიმრებს სცემდნენ, ზონიდან უბრალოდ გაქრნენ.


„გეუბნებოდი, რაღაც აქვს ჩაფიქრებული-მეთქი? „მაყუთი" სჭირდებოდა, დიდი „მაყუთი", მაგრამ გადააგდეს, მგონი, ეგ უბედური", - ლევანი #0578-ს უკვე თავისუფლებაზე ესაუბრებოდა.


„შენ რა იცი?"


„ველაპარაკე, რომ გამოვედი. მილიონს ელოდა და მგონი, ოთხი ათასი მისცეს. პირველი „სროკის" გამოცდილებიდან გეუბნები, ეგ „მაყუთის" გულისთვის სამშობლოსაც გაყიდის", - გაეღიმა ლევანს.


„სამშობლოს კი არა, 4 და 5 ათასს ჩვენც მივცემთ, კიდევ ექნება მაგას ისეთი კადრები, რომლებიც არ გაუშვია და ეგენი რომ დაგვათრევინა, ეგებ ბოლომდე ჩარეცხონ წინა ხელისუფლება", - აზრი გამოთქვა #0578-მა.


„მართალი ხარ, დაველაპარაკები", - თქვა ლევანმა.


ლევანის ზარს მაშინ ბედუკაძემ აღარ უპასუხა. თვეების შემდეგ ლევანს თავად რომ დაურეკა, სტუმრები მყავს რუსეთიდან და ეგებ იმდენი მასესხო, რესტორანში პური ვაჭამოო. ლევანმა ფული არ მისცა, მაგრამ ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანზე უთხრა, წადი, თუ გინდა თავზე დაიმხე, ჩემი ახლობლისაა და არ გადაგახდევინებსო. მაშინ ბედუკაძის სტუმრების ქეიფი 1 500 ლარი დაჯდა და...

„გინდა, ლადო ბედუკაძის ნამდვილი სახე ნახო? მაშინ დაათვრე", - უთხრა ერთ დღეს ლევანმა #0578-ს.


„სად დავათრო?" - გაუკვირდა #0578-ს.


„შენ ფული დახარჯე და დათვრება... უჭირს-მეთქი, უჭირს და ფული უყვარს ნამეტნავად", - გაეცინა ლევანს...


პატიმარი #0578


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner