საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩოხატაურს ესტუმრა, სადაც „შენი ხმა ჩვენი მომავალია" ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიება ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელშიც გურიის ოთხი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვა ივლიტა ჯიბუტის შესახებ საუბრით დაიწყო. ახალგაზრდებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში სტუდენტების პირისპირ შეხვედრების შედეგად ამომრჩევლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე.
სტუდენტებმა პრეზიდენტს თავიანთი გამოცდილების შესახებაც უამბეს. საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნა წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო პროგრამებისა და პოლიტიკური გზავნილების მნიშვნელობა, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ ამომრჩეველთა მოტივაციაზე, იმისათვის, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა - არჩევნებში მონაწილეობით მოიპოვებთ უფლებას, მოსთხოვოთ პოლიტიკოსებს თავიანთი მოვალეობის, წინასაარჩევნო დაპირების შესრულება.
„არჩევნები ეს არის შენი სამშობლოს ფორმირების პროცესი, ქვეყანას შენგან სჭირდება, დახარჯო მცირე დრო, იმისათვის, რომ შემდგომ შედგეს დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენი მონაწილეობით ქვეყნის წინსვლა გააძლიეროთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.