უნდა დაინერგოს თუ არა საქართველოს საჯარო სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება" - ამ თემაზე რამდენიმე თვეა, აქტიური დისკუსია არ სრულდება.
სამინისტროს საგნის შინაარსსა და მიზნებს უწუნებს საქართველოს საპატრიარქო და მასთან აფილირებული სხვადასხვა ჯგუფი. საგნის დანერგვის მოწინააღმდეგეთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის" დამფუძნებელი და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძეა.
„ლიბერალს" ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ლევან ვასაძემ სამინისტროს გაუგზავნა და რომელშიც ის სტანდარტზე თავის შენიშვნებს უზიარებს.
ლევან ვასაძეს მიზნების დოკუმენტში 120-მდე შენიშვნა აქვს შეტანილი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ შენიშვნებზე დაყრდნობით სამინისტრომ გარკვეული ცვლილებები შეიტანა სტანდარტში. ამის შესახებ ვასაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში თქვა.
მაგალითად, დოკუმენტის დასაწყისშივე, სადაც საუბარია თანასწორობასა და ტოლერანტობაზე, ლევან ვასაძე შენიშვნის სახით მიუთითებს, რომ ეს სიტყვა ბარბარიზმია და მის ნაცვლად იქ „შემწყნარებლობა" უნდა ეწეროს (დოკუმენტის ბოლო ვერსიაში სიტყვა ტოლერანტობა შემწყნარებლობამ ჩაანაცვლა).
ვასაძის შენიშვნებიდან ირკვევა, რომ დოკუმენტი მისთვის, ძირთადად, გაუგებარი და ბუნდოვანია. დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ რომ თუკი საგნის მიზანი სოციალიზაციაში ხელშეწყობა იქნება, ის ძირეულად შეეწინააღმდეგება ჩვენი კულტურის ფუნდამენტურ ფასეულობებს.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტმანტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ ლევან ვასაძის კომენტარების უმრავლესობა სერიოზულად არ აღუქვამთ.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
„საზოგადოებრივი მეცნიერებების გზით, ბავშვი შეიმეცნებს ოჯახზე, უშუალო გარემოსა და სამშობლოს ბუნებრივსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის აუცილებლობას; კანონის პატივისცემასა და უსაფრთხო, ჯანმრთელი ცხოვრების წესის გაზიარების მნიშვნელობას".
ვასაძის კომენტარი:
(უნდა ზუსტად განისაზღვროს, რა იგულისხმება აქ, თუ ეს არის ბავშვებისათვის სექსის გაკვეთილების ჩატარება და პრეზერვატივების ფალოსის იმიტატორებზე წამოცმა, როგორც ეს კეთდება ევროპაში, ეს სრულიად მიუღებელია ჩვენი კულტურისა და ტრადიციისათვის).
„ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში" - (როგორ კონკრეტულად? თუ ეს არის პიროვნების კულტისა და „მე შემიძლიას" ჰოლივუდისეური შაბლონი, იგი შეიძლება ძირეულ კონფლიქტში მოდიოდეს ჩვენი კულტურის ფუნდამენტალურ ფასეულობებთან).
„პიროვნული განვითარება და იდენტობა - ამ მიმართულების მიზანია, მოსწავლეს ასწავლოს საკუთარი და სხვისი ქცევის ანალიზი, საკუთარი თავის თვითშეფასება, რაც მომავალში საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში დაეხმარება; საგნის ეს მიმართულება ხელს შეუწყობს მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს ღირსების, პასუხისმგებლობის, დადებითი თვითშეფასებისა და ზნეობრივი პრინციპების მქონე პიროვნებად, რომელსაც ექნება თვითკონტროლისა და თვითგამოხატვის უნარები".
რას ნიშნავს დადებითი თვითშეფასება, როგორ თანხმობაშია ის ჩვენი კულტურის ისეთ ძირეულ ღირებულებებთან, როგორიცაა თავმდაბლობა, მონანიება, კდემა, მორცხვობა?
„ინიციატივა და მეწარმეობა - მიმართულების მიზანია, მოსწავლეს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება განუვითაროს; აღჭურვოს იგი ისეთი ცხოვრებისეული უნარებით როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მიზნების შესაბამისად მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა, დროის, რესურსების სწორად ხარჯვა და დაზოგვა".
(კარგია, მაგრამ რა შუაშია ეს ზნეობასა და საკუთარი კულტურის ცოდნასთან, როგორ შეიძლება, ერთმა საგანმა ბავშვს ასწავლოს მეწარმეობა, ზნეობა და კულტურა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ საგნის სახელმძღვანელო, როგორ წარმოგიდგენიათ მისი სამასწავლებლო კორპუსი, რა პროფესიის უნდა იყოს ამ საგნის მასწავლებელი, და რატომ მიგაჩნიათ ეს ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჩვენი საშუალო განათლების სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობის პრიორიტეტად?)
საზ.მეც.სტ.IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს, დაიცვას პირადი ჰიგიენა და მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს;
ვასაძის კომენტარი
როგორც უკვე ეწერა, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს აქ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ასევე, ჩვენს უძველეს კულტურაში, შეიძლება, ჰიგიენის წესების სწავლებაც კი, თუ ზუსტად არ განვმარტავთ, რას ნიშნავს ეს, შეიძლება ძალიან უხამსი და შეურაცხმყოფელი იყოს ბავშვებისათვის, რომლებსაც ოჯახები თავად ასწავლიან იმას, რაც საჭიროა.
საზ.მეც.სტ.IV.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესატყვისი სამომხმარებლო (რას გულისხმობთ აქ: სამომხმარებლო ფსევდო-კულტურაა, რომელიც ღუპავს და აუბედურებს ადამიანს) და ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა (1. გაუგებარია, რა იგულისხმება, ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა თუ, მაგალითად, ხარჯების დაგეგმვის უნარი (მაშინ უნდა ეწეროს ეკონომიური და არა ეკონომიკური). 2. ეს ვერ იქნება მოთხოვნა ბავშვისადმი, მით უმეტეს 3-4 კლასში, ეს გამოიწვევს მასში ნაადრევ, ხელოვნურ გაღვივებას ისეთი საზოგადოებრივი საქმიანობისადმი, რომელიც მას ჯერ არ მოეთხოვება).
საზ.მეც.სტ.IV.13. მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი, როგორც ბავშვის, გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება;
(რომელი გარკვეული უფლებების? დაგვიკონკრეტეთ? რა მიზნით? რომ თუ მეცადინეობა არ უნდა, მშობლებს უჩივლოს, ხელს მირტყამენო? და როგორ გაარჩევს პოლიციელი და სოცმუშაკი ვინ ტყუის, ბავშვი თუ მშობელი? რა გსმენიათ იუვენალური იუსტიციის საფრთხეებზე ზოგიერთ უცხოურ ქვეყანაში და რა უქნა სახელმწიფოს მიერ „ზრუნვამ" ამ ქვეყნებში ოჯახურ კულტურასა და დემოგრაფიას?)
საზ.მეც.სტ.IV.14. მოსწავლემ უნდა შეძლოს განსხვავებულობის მიმღებლობის უნარის გამოვლენა; (რას ნიშნავს ეს ქართულად? რას გულისხმობთ? ამას ხომ არა: მოსწავლე უნდა იყოს შემწყნარებელი?)
საზ.მეც.სტ.VI.9. მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი, როგორც ბავშვის, გარკვეული უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება; დადგენილი წესებისა და კანონების საფუძველზე თავისი უფლებების რეალიზება და სხვისი უფლებების დაცვა.
(რას ნიშნავს სხვის უფლებების დაცვა მოსწავლის მიერ? უფლებებს იცავს სამართალდამცავი ორგანოები, ეს არ არის ზუსტი იურიდიული ტერმინი, რომელმაც შეიძლება სამართალდარღვევა გამოიწვიოს მოსწავლის მხრიდან. თუ თქვენ გულისხმობთ სხვისი უფლების არშელახვა, მაშინ ქართულად უნდა გამართოთ ეს წინადადება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დაგვიკონკრეტოთ, რა უფლებებს გულისხმობთ თქვენ, რადგან ბოლო წლებში თავსმოხვეული აგრესიული ლიბერალიზმის დოქტრინა უფლებების შესახებ კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ღირებულებებიდან გამომდინარე.
***
არასრული შენიშვნები საგნის პროექტზე. (გვ 1-12)
ავტორი: ლევან ვასაძე „დემოგრაფიული განვითარების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი კოლეგების ჯგუფი: მარინა კაჭარავა, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის" დირექტორი;, თინათინ ხორბალაძე, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის" ადმინისტრაციის მენეჯერი მშობლებთან კომუნიკაციის დარგში; ზვიად ტომარაძე, „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" დამფუძნებელი; ზაზა ნიშნიანიძე, „დემოგრაფიული განვითარების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
წინასწარი დასკვნა. ქვემოთ მითითებულია ჩვენი შენიშვნები და შეკითხვები, რომლებიც მოვასწარით დროის სიმცირის მიუხედავად (დაახლოებით მოცემული ტექსტის მესამედი). პროექტი საჭიროებს ძირეულ დამუშავებას (მისი ნაწილების ამოღებას, ცვლილებასა და დამატებას) და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, კვალიფიციურად ვიმსჯელოთ, საჭირო არის თუ არა ეს საგანი ჩვენს სკოლებში.
ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ, როგორც ჩანს ჩვენი ქვემორე შენიშვნებიდან.
აუცილებელია ასეთ პროექტში მეცნიერებისა და საზოგადოების კვალიფიციური ნაწილის უფრო ფართო მონაწილეობა. და რადგან პროექტი ეხება ზნეობის საკითხებსაც, აუცილებელია საქართველოს ძირითადი რელიგიური კონფესიების მონაწილეობაც.
გასარკვევია (იხ. ქვემოთ) პროექტის დამკვეთის ვინაობა, სანახავია მისი ინსტრუქცია/დოკუმენტი, თუ იგი არსებობს. თუ მაინც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ამ საგნის შეტანაზე სკოლებშიც, რისი წინააღმდეგიც ჩვენ ამ ეტაპზე ვართ, შესაქმნელია კვალიფიციური საზოგადოებრივი კომისია, ზემოხსენებული შემადგენლობით, რომელიც ზედმიწევნით გააკონტროლებს როგორც საგნის სახელმძღვანელოების შინაარსს, ასევე მასწავლებლების გადამზადების პროცესსა და მათთვის გაცემულ ინსტრუქციებს.
საგანი, ჩვენი აზრით, არ ასახავს საშუალო განათლების სისტემის არსებულ პრიორიტეტებს და გამოიწვევს ისედაც მწირი რესურსების გაფლანგვასა და ამ პრიორიტეტების მოგვარების კიდევ უფრო გადავადებას. ამის მიუხედავად, მზად ვართ, გავაგრძელოთ სამინისტროსთან მუშაობა, რადგან პროექტი არსებული სახით მიგვაჩნია მიუღებელად საშუალო განათლების დაწესებულებებისათვის.
კარი II - საგნობრივი სასწავლო გეგმები - ზოგადი ნაწილი
თავი 4. სასწავლო გეგმა - საზოგადოებრივი მეცნიერებები
მუხლი 1 - შესავალი
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სოციალური და ემოციური განვითარებისათვის, მისი პიროვნული აღზრდისთვის. იგი უყალიბებს მოსწავლეს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებულ დამოკიდებულებებს: ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისადაუფლებების პატივისცემას, თანაგრძნობასა და მზრუნველობას, სამშობლოს სიყვარულს, სამართლიანობასა და მოქალაქეობრივ სიმამაცეს, თანასწორობასა და ტოლერანტობას (ამოვიღოთ ბარბარიზმები და ეუფემიზმები ტექსტიდან მთლიანად. აქ დაწერეთ „შემწყნარებლობა")
საზოგადოებრივ მეცნიერებების გზით შეიმეცნებს მოსწავლე ოჯახზე, უშუალო გარემოსა და სამშობლოს ბუნებრივსათუ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის აუცილებლობას; კანონის პატივისცემასა დაუსაფრთხო, ჯანმრთელი ცხოვრების წესის (უნდა ზუსტად განისაზღვროს რა იგულისხმება აქ, თუ ეს არის ბავშვებისათვის სექსის გაკვეთილების ჩატარება და პრეზერვატივების ფალოსის იმიტატორებზე წამოცმა, როგორც ეს კეთდება ევროპაში, ეს სრულიად მიუღებელია ჩვენი კულტურისა და ტრადიციისათვის) გაზიარების მნიშვნელობას.
მუხლი 2 - საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნები და ამოცანები
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება მიზნად ისახავს:
მოსწავლის კოგნიტური (რას ნიშნავს, აბსტრაქტული ინტერპრეტაციაა), ემოციური (ეს ფსიქოლოგიის საკითხია და არა ამ საგნისა) და სოციალური განვითარების ხელშეწყობას;
მოსწავლისთვის ჰუმანური და პლურალისტური (აბსტრაქტული ტერმინია აქ)მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას;
განუვითაროს დროსა და სივრცეში ორიენტირების (დროსა და სივრცეში ორიენტაცია ბავშვს სამ წლამდე უყალიბდება ბუნებრივი ფორმით, არ არის საჭირო თითიდან სიტყვების გამოწოვა ამ საგნის შემოღების საჭიროების გასამართლებლად), ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციის, თვალსაჩინოებების შექმნისა და გამოყენების, გეოგრაფიული მოვლენებისა და კანონზომიერებების დადგენის სპეციფიკური უნარ-ჩვევები; (სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს ეს წინადადება)
მოსწავლისთვის სოციალური უნარების (ეთიკა,ეკოლოგიური წიგნიერება, მეწარმეობა და სხვ.) განვითარებას; (ეს სულ სხვადასხვა თემებია და ერთი საგანი ამ ცოდნას ვერ მისცემს მოსწავლეს)
ინფორმირებული, აქტიური, პასუხისმგებლობის მქონე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდას;
მოსწავლის დახმარებას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმასა და მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
მუხლი 3 - საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ორგანიზება
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია მომიჯნავე საგნები - მე და საზოგადოება, ჩვენი საქართველო, ისტორია, გეოგრაფია, მოქალაქეობა („მე და საზოგადოება" არის ზედმეტი და იმეორებს იმას, რასაც ასწავლის ეს საგნები და საგანი „მოქალაქეობა" და არავითარი საჭიროება მისი შემოღებისა არ ჩანს). სასწავლო პროცესი აგებულია უწყვეტობის პრინციპზე და ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს. (ვინ დაუკვეთა ეს საგანი სამინისტროს, საიდან მოდის ეს ინიციატივა, გვანახეთ დოკუმენტი, ან ინსტრუქცია, ან რაც ქვია, რის საფუძველზეც თქვენ შექმენით ეს დოკუმენტი)
დაწყებით საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებები III, IV, V და VI კლასებში ისწავლება და საგნების - „მე და საზოგადოება"(III-IV კლ.) (ვერ ვხედავთ ამის საჭიროებას.) და „ჩვენი საქართველო" (V- VI კლ.) - სახითაა წარმოდგენილი. ამ საფეხურზე ეს საგნები საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს.
კარი III - საგნობრივი სასწავლო გეგმები - სტანდარტები საფეხურების მიხედვით
თავი 4. სასწავლო გეგმა - საზოგადოებრივი მეცნიერებები
მუხლი 1 - სასწავლო გეგმა „მე და საზოგადოებასა" და „ჩვენს საქართველოში"
პუნქტი 1. „მე და საზოგადოება" დაწყებით საფეხურზე
ქვეპუნქტი 1. „მე და საზოგადოების" სწავლება დაწყებით საფეხურზე
საგანი „მე და საზოგადოება" მოსწავლეს აცნობს სოციალურ გარემოს და ამ გზით ამზადებს საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების შესასწავლად. სასწავლო კურსის ცენტრშია მოსწავლე და მისი გარემომცველი სამყარო, რომლის შემეცნებაც, საგნის სწავლა-სწავლების პროცესში, სხვადასხვა ყოფითი თემების დამუშავების გზით ხორციელდება. მოსწავლისწინაშე თანამიმდევრულადწარმოჩნდება მისი უშუალო გარემოცვა (ოჯახი, მეგობრები, მასწავლებელი და ა.შ.) და მასზე მოქმედი სოციალური გარემო.
საგანი - „მე და საზოგადოება" მიზნად ისახავს მოსწავლეს:
დაეხმაროს საკუთარი თავის პიროვნებად აღქმაში (როგორ კონკრეტულად, ადამიანის პიროვნებად თვითაღქმა ხდება მისი ჩვილობის წლებში და სასკოლო საგნის საქმე ეს არ არის); განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი (გაუგებარია, რას ნიშნავს ეს, თუ ამაში იგულისხმება მეტყველების, წერისა და სახვითი ხელოვნების უნარები, ეს ყველაფერი მრავალი მიმართულებით ისწავლება არსებული პროგრამით); ასწავლოს, პირისპირ შეხედოს დაბრკოლებებს და იპოვოს საკუთარ თავში მათი გადალახვის ძალა; ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში; (როგორ კონკრეტულად? თუ ეს არის პიროვნების კულტისა და „მე შემიძლია"-ს ჰოლივუდისეული შაბლონი, იგი შეიძლება ძირეულ კონფლიქტში მოდიოდეს ჩვენი კულტურის ფუნდამენტალურ ფასეულობებთან); ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება თავისი ოჯახისა და თემის, ბუნებრივი გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული; დაეხმაროს საზოგადოების ცალკეული ინდივიდების ერთობად აღქმაში; შესძინოს საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ; (როგორ კონკრეტულად? აბა გეორგაფია, ისტორია და ლიტერატურა რისთვის ესწავლება ბავშვს?) გამოუმუშაოს თანამედროვე ცვალებად გარემოში ადეკვატურად (აბსტრაქტულია. რა ნორმისათვის ადეკვატურად? ) და ეთიკურად მოქმედების უნარი; (რომელი ეთიკური სისტემის საფუძველზე?) საკუთარი ქვეყნის მაგალითების საფუძველზე გამოუმუშავოს ასაკთან შესაბამისი წარმოდგენა ადამიანების, მოვლენების, კულტურის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ. (აბსტრაქტულია და გაუგებარი)
მიმართულებების აღწერა:
1. პიროვნული განვითარება და იდენტობა - ამ მიმართულების მიზანია, მოსწავლეს ასწავლოს საკუთარი და სხვისი ქცევის ანალიზი, საკუთარი თავის თვითშეფასება, რაც მომავალში საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში დაეხმარება; საგნის ეს მიმართულება ხელს შეუწყობს მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს ღირსების, პასუხისმგებლობის, დადებითი თვითშეფასებისა (რას ნიშნავს დადებითი თვითშეფასება, როგორ თანხმობაშია ის ჩვენი კულტურის ისეთ ძირეულ ღირებულებებთან, როგორიცაა თავმდაბლობა, მონანიება, კდემა, მორცხვობა) და ზნეობრივი პრინციპების (რომელი ზნეობრივი პრინიციპების?) მქონე პიროვნებად, რომელსაც ექნება თვითკონტროლისა და თვითგამოხატვისუნარები.
2. ინიციატივა და მეწარმეობა - მიმართულების მიზანია, მოსწავლეს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება განუვითაროს; აღჭურვოს იგი ისეთი ცხოვრებისეული უნარებით როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში მიზნების შესაბამისად მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა, დროის, რესურსების სწორად ხარჯვა და დაზოგვა. (კარგია, მაგრამ რა შუაშია ეს ზნეობასთან და საკუთარი კულტურის ცოდნასთან, როგორ შეიძლება ერთმა საგანმა ბავშვს ასწავლოს მეწარმეობა, ზნეობა და კულტურა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ საგნის სახელმძღვანელო, როგორ წარმოგიდგენიათ მისი სამასწავლებლო კოპრუსი, რა პროფესიის უნდა იყოს ამ საგნის მასწავლებელი, და რატომ მიგაჩნიათ ეს ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჩვენი საშუალო განათლების სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობის პრიორიტეტად?)
3. სოციალურ-კულტურული განვითარება და მოქალაქეობა - მიმართულების მიზანია, მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საკუთარი ქალაქის/სოფლის, რეგიონისა და ქვეყნის მიმართ; დაანახოს თავისი ადგილი მშობლიურ გარემოში; შეასწავლოს მის გარშემო მიმდინარე სოციალურ და კულტურულ პროცესებში მონაწილეობის საშუალებები. ამასთან, მოსწავლემ უნდა გაიაზროს დროის ფენომენი; დაინახოს, თუ როგორ ვითარდება ცხოვრებისეული მოვლენები და რა სახის ცვლილებებს აქვს ადგილი მის ლოკალურ გარემოში. აღნიშნული მიმართულება ჰუმანური ღირებულებების (კონფლიქტურ სიტუაციებში არაძალადობრივი გზებით მოქმედება, ტოლერანტობა, (შეცვალეთ შემწყნარებლობით) თანასწორობა) ჩამოყალიბებასა და აქტიური მოქალაქის აღზრდასაც უწყობს ხელს, რომელსაც გააზრებული აქვს საერთო წესების მნიშვნელობა; ავლენს მზრუნველ დამოკიდებულებას ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ; აღიქვამს მის ქვეყანაში არსებული ზოგიერთი (რატომ ზოგიერთი, ყველა) სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას.
ქვეპუნქტი 2. III-IVკლასებისსტანდარტი
ა) IV კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდექსების განმარტება
სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული; მაგ., საზ.მეც.სტ.IV.1.:„საზ.მეც" - მიუთითებს საზოგადოებრივ მეცნიერებას, „სტ" - მიუთითებს სტანდარტს, „IV" - მიუთითებს ქვესაფეხურს, რომლის ბოლოსაც არის მისაღწევი შედეგი, „1"- მიუთითებს შედეგის რიგს (1 = პირველი შედეგი).
1. მიმართულება: პიროვნული განვითარება და იდენტობა (შეცვალეთ ქართული სიტყვით)სტანდარტის შედეგები საზ.მეც.სტ.IV.1.მოსწავლემ უნდა შეძლოს აღიქვას თავი სხვადასხვა ჯგუფის წევრად (ოჯახი, სამეგობრო, სკოლა და ა. შ.); (გაუზომელი, აბსტრაქტული მიზანი, ნებისმიერი მოსწავლე აღიქვამს თავს ჯგუფის წევრად, რდესაც კლასში შედის.)
საზ.მეც.სტ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს, გამოავლინოს ზრუნვა-პატივისცემა საკუთარი თავისა და (სახიფათო ფორმულირება ჩვენი კულტურის შინაარსისათვის) სხვა ადამიანების მიმართ; საზ.მეც.სტ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესაბამისად გააცნობიეროს მორალურ- ზნეობრივი კატეგორიები (მორალი და ზნეობა ერთი და იგივეა) და იმოქმედოს საზოგადოებაში მიღებული ეტიკეტის (ეტიკეტი თანამედროვე ქართულში ბოთლზე ან სხვა საქონელზე დაკრულ სავაჭრო ნიშნის მატარებელ ქაღალდს ნიშნავს, უნდა ეწეროს „ეთიკის") ნორმების შესაბამისად;
საზ.მეც.სტ.IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენა და მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს; (როგორც უკვე ეწერა, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს აქ ჯანსაღი ცხოვრების წესი.ასევე, ჩვენს უძველეს კულტურაში, შეიძლება ჰიგიენის წესების სწავლებაც კი, თუ ზუსტად არ განვმარტავთ რას ნიშნავს ეს, შეიძლება ძალიან უხამსი და შეურაცხმყოფელი იყოს ბავშვებისათვის, რომლებსაც ოჯახები თავად ასწავლიან იმას რაც საჭიროა.)
საზ.მეც.სტ.IV.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს განივითაროს პოზიტიური დამოკიდებულება მშობლიური კულტურის მიმართ. (ნაწვალები, აბსტრაქტული და არაფრისმთქმელი წინადადება. დაწერეთ მაინც: მოსწავლეს უნდა უყვარდეს სამშობლო.)
2. მიმართულება: ინიციატივა და მეწარმეობა
სტანდარტის შედეგები
საზ.მეც.სტ.IV.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა და გააცნობიეროს საკუთარი ქმედების შედეგები;
საზ.მეც.სტ.IV.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს გააცნობიეროს სხვადასხვა სახის პროფესიებისა და საქმიანობების მნიშვნელობა და საჭიროება;
საზ.მეც.სტ.IV.8. მოსწავლემ უნდა შეძლოსასაკის შესატყვისი სამომხმარებლო (რას გულისხმობთ აქ: სამომხმარებლო ფსევდო-კულტურაა, რომელიც ღუპავს და აუბედურებს ადამიანს) და ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა (1. გაუგებარია, რა იგულისხმება, ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა, თუ მაგალითად ხარჯების დაგეგმვის უნარი (მაშინ უნდა ეწეროს მეკონომიური და არა ეკონომიკური) 2. ეს ვერ იქნება მოთხოვნა ბავშვისადმი, მითუმეტეს 3-4 კლასში, ეს გამოიწვევს მასში ნაადრევ, ხელოვნურ გაღვივებას ისეთი საზოგადოებრივი მსაქმიანობისადმი, რომელიც მას ჯერ არ მოეთხოვება.)
3. მიმართულება: სოციალურ-კულტურული განვითარება და მოქალაქეობა
სტანდარტის შედეგები
საზ.მეც.სტ.IV.9. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცხოვრებისეულ სიტუაციებთან მიმართებაში, ადეკვატურად გამოიყენოს დროსთან დაკავშირებული ტერმინები (წარსული, აწმყო და მომავალი); (საერთოდ გაუგებარია.)
საზ.მეც.სტ.IV.10. მოსწავლემ უნდა შეძლოს ღირებულებების (კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება, ეთიკური ქცევის ნორმების დაცვა, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა და სხვ.) ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.(მაგალითად? და როგორ უნდა ასწავლოთ მას ეს?)
საზ.მეც.სტ.IV.11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცნობილი პიროვნებების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების, მნიშვნელოვანი მოვლენების, ლეგენდებისა და მითების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება; (მაგალითად? და როგორ უნდა ასწავლოთ მას ეს? ისტორიაში რას ვასწავლით აბა? ამ საგანმა რაღა უნდა ასწავლოს?)
საზ.მეც.სტ.IV.12. მოსწავლემ უნდა შეძლოსმის გარშემო წარმოდგენილი სოციოკულტურული ინსტიტუტების (სკოლა, კინო, კლუბი, მუზეუმი, სამედიცინო დაწესებულება, პოლიცია და სხვ.) ფუნქციის გაცნობიერება; (ამისათვის საგანია საჭირო? ჯანმრთელმა ბავშვმა ავტომატურად არ იცის, რისთვისაა სკოლა, კინო, კლუბი, მუზეუმი, საავადმყოფო და პოლიცია? და საგანი „მოქალაქეობა" რისთვისღა შემოიღეთ? და ახლა ამ საგანშიც ამაზე უნდა ახარჯვინოთ ქვეყანას დრო და ბიუჯეტი?)
საზ.მეც.სტ.IV.13. მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი, როგორც ბავშვის, გარკვეული (რომელი გარკვეული უფლებების? დაგვიკონკრეტეთ? რა მიზნით? რომ, თუ მეცადინეობა არ უნდა, მშობლებს უჩივლოს ხელს მირტყავენო? და როგორ გაარჩევს პოლიციელი და სოცმუშაკი, ვინ ტყუის, ბავშვი თუ მშობელი? რა გსმენიათ იუვენალური იუსტიციის საფრთხეებზე ზოგიერთ უცხოურ ქვეყანაში და რა უქნა სახელმწიფოს მიერ „ზრუნვამ" ამ ქვეყნებში ოჯახურ კულტურასა და დემოგრაფიას?) უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება;
საზ.მეც.სტ.IV.14. მოსწავლემ უნდა შეძლოს განსხვავებულობის მიმღებლობის უნარის გამოვლენა; (რას ნიშნავს ეს ქართულად? რას გულისხმობთ? ამას ხომ არა: მოსწავლე უნდა იყოს შემწყნარებელი?)
საზ.მეც.სტ.IV.15. მოსწავლემ უნდა შეძლოს საერთო წესების მნიშვნელობის გაცნობიერება, კლასში ქცევის წესების შექმნა თანატოლებთან ერთად (რა ქცევის წესები უნდა შექმნას მოსწავლემ თანატოლებთან ერთად კლასში? განა ქცევის წესები 3-4 კლასის მოსწავლეს მშობლებმა და მასწავლებლებმა არ უნდა დაუდგინონ?) და მათი დაცვა;
საზ.მეც.სტ.IV.16. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცხოვრებისეულ სიტუაციებში უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება (არ არის გამართული ქართულად, უნდა ეწეროს: უსაფრთხოების წესების დაცვა) - ქუჩაში მოძრაობისას, ტრანსპორტში ყოფნისას, ექსკურსიაზე, სალაშქროდ წასვლისას და სხვ.;
საზ.მეც.სტ.IV.17. მოსწავლემ უნდა შეძლოს კონფლიქტურ სიტუაციებში პრობლემის გადაჭრის არაძალადობრივი (არ არის გამართული ქართულად, უნდა ეწეროს „მშვიდობიანი") გზების მოძებნა;
საზ.მეც.სტ.IV.18. მოსწავლემ უნდა შეძლოს მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.
ბ) შინაარსი
ცნებითი კატეგორიების ჩარჩო საგანი „მე და საზოგადოება" მოსწავლეს სოციალური გარემოსა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებს სოციალიზაციის აგენტების1 (გთხოვთ, ამოიღოთ ეს ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტერმინი აქედან) საშუალებით შეასწავლის. საგნის სწავლება შემდეგი თემებისა და ცნებითი კატეგორიების (ასაკის შესაბამისად) დამუშავების ფონზე წარიმართება: (ქართულად სრულიად გაუმართავია. რას ნიშნავს ცნებითი კატეგორიების დამუშავების ფონი.)
1 სოციალიზაციის აგენტები - ინსტიტუტები (ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, სანათესაო წრე, მეგობრები, მეზობლები/ეზო, ქუჩა, მასმედია და სხვ.), რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის სოციალიზაციას, საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის პროცესს.
ცნებები 2 :
1. დრო, უწყვეტობა და ცვლილება (წარსული, აწმყო, მომავალი, თაობა, წინაპარი...)(სრულიად გაუგებარია)
2. პიროვნება, საზოგადოებრივი ჯგუფები და იდენტობა (მოსწავლე, ვინ ვარ მე, მეგობრები, თანატოლები, მეგობრები, სხვები....)
3. ხალხი, მდებარეობა, (რისი მდებარეობა?) გარემო (ადამიანები ჩემს გარშემო; ადგილი, სადაც ვცხოვრობ, ტერიტორია...)
4. ეკონომიკა (პროფესია, დაზოგვა, შენახვა, ფული, ბანკი...) (3-4 კლასელს? სრულიად ნაადრევია და დაუშვებელია)
5. სახელმწიფო და მოქალაქე (ქვეყანა, მართვა, პასუხისმგებლობა, მოქალაქეობა...)
6. ღირებულებები და კულტურა (განათლება, ინფორმაცია, ზრუნვა, კულტურული მემკვიდრეობა...) (აბდაუბდა რიგი, სად ზრუნვა და სად ინფორმაცია)
2ცნებების დამუშავება არ გულისხმობს მოსწავლის მხრიდან მათი მნიშვნელობებისა და განმარტების დასწავლას. (აბა რას გულისხმობს. საერთოდ გაუგებარია, რას ნიშნავს ცნებები)
სავალდებულო თემები:
თემები III კლასისათვის
მე და ოჯახი
სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები
თემი, რომელშიც ვცხოვრობ
თემები IV კლასისათვის
განათლება ?
ეკონომიკა
რწმენა და რელიგია
მასმედია და ინფორმაცია
პუნქტი 2. „ჩვენი საქართველო"
ქვეპუნქტი 1.
„ჩვენი საქართველოს" სწავლება დაწყებით საფეხურზე
საგანი „ჩვენი საქართველო" მოსწავლეს ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის შესწავლას ინტეგრირებული ფორმით სთავაზობს. სასწავლო კურსის ცენტრშია მოსწავლე (და რომელი საგნის ცენტრში არ არის მოსწავლე?) და უშუალოდ მის გარშემო არსებული გარემო, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოს გულისხმობს. მოსწავლე, ქვეყნის მხარეთმცოდნეობითი პრინციპების შესწავლის საფუძველზე, გაითავისებს, რომ იგი, საზოგადოების სხვა წევრების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეა; გაიაზრებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საერთო გარემო, წარსული, აწმყო და მომავალი აერთიანებთ და რომ დღევანდელი საქართველო, როგორც სახელმწიფო, მათ ერთიანობას ეფუძნება.
მოსწავლე გაეცნობა, თუ როგორი გავლენა აქვს წარსულს აწმყოზე და გარემო პირობებს - საზოგადოების განვითარებაზე. იგი თვალნათლივ დაინახავს ადამიანთა გამოცდილების მრავალფეროვნებას. გაიგებს, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი საქართველოში, როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორ შრომობდა და ომობდა, რა ყოფითი თავისებურებები ახასიათებდა.
ყოველივე ზემოთქმული მოსწავლის ცნობიერებაში სამშობლოს ცნების გამთლიანებას შეუწყობს ხელს.
საგანი „ჩვენი საქართველო" მიზნად ისახავს, მოსწავლეს:
. დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის მრავალმხრივად დანახვაში და მისდამი სიყვარულის გაღრმავებაში; დაეხმაროს სამოქალაქო პოზიციის შემუშავების, კრიტიკისა და საკუთარი აზრის დაცვის უნარის გამომუშავებაში;
. განუვითაროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასებისა და საგანგებო ვითარებაში ადეკვატურად მოქმედების უნარი; (როგორ? კონკრეტული მაგალითი ამ პუნქტისათვის?)
. შესძინოს ცოდნა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების, მისი მრავალფეროვანი კულტურის შესახებ;
. შესძინოს ცოდნა საქართველოს ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკის გავრცელებული დარგების, სოციალური, კულტურული და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შესახებ;
. მისცეს მოქალაქისთვის აუცილებელი ცოდნა ადამიანის უფლებებისა (კონკრეტულად რა იგულისხმება?) და ეთიკის სფეროდან;
. გაუღვივოს წარსულის მიმართ ცნობისმოყვარეობა (საკუთარი სამშობლოს იმ ადგილების შესწავლით, რომელთაც წარსულში მომხდარი სხვადასხვა საინტერესო ამბავი, პიროვნება და კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლი უკავშირდება);
. დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი მისი ბუნებრივი, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებაა;
. აღაქმევინოს თავი რეფერენტული (შესაბამისი) ჯგუფის (ეთნიკური (ეროვნული) თუ რელიგიური უმცირესობა, სატიტულო ნაცია (ძირითადი ეროვნება) და ა.შ.), ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წევრად.
. გააცნობიერებინოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საერთო გარემო, წარსული, აწმყო და მომავალი აერთიანებთ და რომ დღევანდელი საქართველო, როგორც სახელმწიფო, მათ ერთიანობას ეფუძნება;
. ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება თავისი რეგიონის (რომელი რეგიონის, კავკასიის? კონკრეტულად რას აკეთებთ ამისათვის?) ქვეყნის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
მიმართულებების აღწერა:
1. დრო, სივრცე და ცვალებადობა - ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარები შესძინოს; აჩვენოს დროისა და სივრცის ურთიერთმიმართება. (გთხოვთ აგვიხსნათ: რა ურთიერთმიმართება გააჩნიათ დროსა და სივრცეს?) აქ აქცენტი კეთდება ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებზე, როგორებიცაა: რუკისა და თვალსაჩინოებების კითხვა, ანალიზი და ინტერპრეტაცია; მიმართულება მოსწავლეს ასევე გამოუმუშავებს დროის მონაკვეთების (ეპოქა, წელი, საუკუნე) აღქმას; დროსა და სივრცეში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარს.
2. მოქალაქეობა - ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა განვითარებასა და ჰუმანური ღირებულების შეძენაში შეუწყოს ხელი; გამოუმუშავოს სოციალიზაციისთვის საჭირო უნარები (კონკრეტულად რა უნარები და როგორ? იხილეთ ჩვენი კომენტარი მსგავს ფრაზაზე ზემოთ); ასწავლოს საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირება და დაეხმაროს საკუთარი და სხვისი უფლება- მოვალეობების გააზრებაში.
3. მეწარმეობა და ეკონომიკა - ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება განუვითაროს; აღჭურვოს იგი ისეთი ცხოვრებისეული უნარებით, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა; ასწავლოს მას თანხის, დროისა და რესურსების რაციონალური გამოყენება. (რა ასაკში?)
4. სოციალურ-კულტურული განვითარება - ამ მიმართულების მიზანია, მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საკუთარი ქალაქის/სოფლის, რეგიონისა და ქვეყნის მიმართ; დაანახვოს მას საკუთარი ადგილი მშობლიურ გარემოში; დაეხმაროს გარშემო არსებული პრობლემების ამოცნობაში და ასწავლოს სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები ამ სირთულეების გადასაჭრელად.
ამასთან, მიმართულება მოსწავლეს აჩვენებს ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას; საქართველოს მოსახლეობის ყოფით თავისებურებებს და მათი ჩამოყალიბების ისტორიულ საფუძვლებს. აჩვევს მზრუნველ დამოკიდებულებას ბუნებრივი გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობის მიმართ.
5. სახელმწიფოებრივი განვითარება - ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს სახელმწიფოს რაობა და ფუნქციები შეასწავლოს; დაეხმაროს მას აღიქვას პოლიტიკური პროცესები; ხელი შეუწყოს ქართულ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული ისტორიული და თანამედროვე მოვლენების გააზრებასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში.
ქვეპუნქტი 2.V-VI კლასებისსტანდარტი
ა) მისაღწევი შედეგები VI კლასის ბოლოს ინდექსების განმარტება
სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული; მაგ., საზ.მეც.სტ.VI.1.:
„საზ.მეც" - მიუთითებს საზოგადოებრივ მეცნიერებას, „სტ" - მიუთითებსსტანდარტს, „VI" - მიუთითებსსაფეხურს, რომლის ბოლოსაც არის მისაღწევი შედეგი, „1"- მიუთითებს შედეგის რიგს (1 = პირველიშედეგი).
1. მიმართულება: დრო, სივრცე და ცვალებადობა სტანდარტის შედეგები
საზ.მეც.სტ.VI.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს რუკის ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით (გეომეტრიული, ფართობლივი და ხაზობრივი გეომეტრიული ნიშნები) რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა;
საზ.მეც.სტ.VI.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სივრცითი ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალების (ცხრილი, ფოტო და ნახატი) შექმნა და გამოყენება;
საზ.მეც.სტ.VI. 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეული ბუნებრივი მოვლენების (წვიმა, მეწყერი, ზვავი, მიწისძვრა...) მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დროსა და სივრცეში გააზრება; ბუნებრივი მოვლენებისგან თავდაცვა და ადეკვატური რეაგირება;
საზ.მეც.სტ.VI.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქრონოლოგიური ერთეულების (წელიწადი, საუკუნე, წელთაღრიცხვის სისტემა 3 ) ისტორიულ კონტექსტში გამოყენება;
3 საუბარია ახალ წელთაღრიცხვაზე, ანუ ქრისტეს შობიდან. ნუ განგვიმარტავთ, საკმარისია, ახალ წელთაღრიცხვას სხვა მნიშვნელობა არ აქვს.
საზ.მეც.სტ.VI.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლების (მოკვდავობა-შობადობა, სიმჭიდროვე, მიგრაცია) ცვალებადობის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა;
საზ.მეც.სტ.VI.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტორიული ფაქტების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა.
2. მიმართულება: მოქალაქეობა სტანდარტის შედეგები
საზ.მეც.სტ.VI.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარემოში მიმდინარე საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების/მოვლენების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათი გამოსწორების შესაძლო გზებზე მსჯელობა;
საზ.მეც.სტ.VI.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა ღირებულებების (ტოლერანტობა (ეს კონკრეტული ბარბარიზმი არის სამედიცინო ტერმინი, წარმოშობილი ფრანგულ-გერმანულ სამედიცინო სკოლებში და ნიშნავს ორგანიზმის უუნარობას, გაუწიოს წინააღმდეგობა ბაქტერიას. მისივე განმარტებით იდეალური ტოლერანტობა აქვს გვამს. ამ ეუფემიზმის სოციოლოგიაში გადმოტანას გრძელი ისტორია აქვს და აქ ამ განმარტების ადგილი და დრო არ გვაქვს. უბრალოდ შეცვალეთ „შემწყნარებლობით"), დემოკრატია და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გარემოს დაცვა) მნიშვნელობაზე ინდივიდისა და საზოგადოების ნორმალური განვითარებისთვის;
საზ.მეც.სტ.VI.9. მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი, როგორც ბავშვის, გარკვეული (რომელი უფლებების, დაგვიკონკრეტეთ) უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობები გაცნობიერება; დადგენილი წესებისა და კანონების საფუძველზე თავისი უფლებების რეალიზება და სხვისი უფლებების დაცვა (რას ნიშნავს სხვის უფლებების დაცვა მოსწავლის მიერ? უფლებებს იცავს სამართალდამცავი ორგანოები, ეს არ არის ზუსტი იურიდიული ტერმინი, რომელმაც შეიძლება სამართალდარღვევა გამოიწვიოს მოსწავლის მხრიდან. თუ თქვენ გულისხმობთ სხვისი უფლების არშელახვას, მაშინ ქართულად უნდა გამართოთ ეს წინადადება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დაგვიკონკრეტოთ რა უფლებებს გულისხმობთ თქვენ, რადგან ბოლო წლებში თავს მოხვეული აგრესიული ლიბერალიზმის დოქტრონა უფლებების შესახებ კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ღრებულებებიდან გამომდინარე.)
3. მიმართულება: მეწარმეობა და ეკონომიკა
სტანდარტის შედეგები
საზ.მეც.სტ.VI.10. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და შედეგების შეფასება; მის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების საჭიროების გააზრება და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პრობლემის რაციონალური გადაჭრის გზების პოვნა.
საზ.მეც.სტ.VI.11.მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეწარმეო საქმიანობაში ადამიანური (მათ შორის, ცოდნისა და უნარის) და სხვა ტიპის რესურსების გააზრებით იპოვოს საკუთარი იდეების რეალიზებისთვის განხორციელების მექანიზმები; (მე-6 კლასისათვის ძალიან ადრეა. ასეთი რამ შესაძლებელია მეათე-მეთორმეტე კლასების დონეზე, ამ ასაკში კი ეს ფიქციაა და ტყუილად დროის ხარჯვა და ბავშვის დაბნევა. ვინ არის ამ რეკომენდაციების მეცნიერ-მეთოდოლოგი?)
საზ.მეც.სტ.VI.12. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის, ტრადიციული და ამჟამინდელი საქმიანობების მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება; მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებების გამომწვევი მიზეზების დანახვა; (მაგალითად? როგორ აპირებთ ამის სწავლებას? რა საჭიროა ეს?)
საზ.მეც.სტ.VI.13. მოსწავლემ უნდა შეძლოს კუთხისთვის/მხარისთვის დამახასითებელი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებისა და წარსულსა და აწმყოში მათი გამოყენების თავისებურებების დახასიათება;
საზ.მეც.სტ.VI.14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესატყვისი სამომხმარებლო და ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა.
4. მიმართულება: სოციალურ-კულტურული განვითარება სტანდარტის შედეგები(სტანდარტის შედეგი არ ნიშნავს არც ქართულად და არც სხვა ენაზე არაფერს)
საზ.მეც.სტ.VI.15. მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს მხარეებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ლანდშაფტებისა და საცხოვრისის ტიპების ურთიერთმიმართების აღწერა;
საზ.მეც.სტ.VI.16. მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს მხარეებისთვის დამახასიათებელი ყოფის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების აღწერა და მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებების გამომწვევი მიზეზების გაანალიზება; (დიდებულია, მაგრამ ამგვარ ამოცანას ვეჭვობ, თავად მინისტრმაც გაართვას თავი და ალბათ ორიოდე მეცნიერი თუ მოინახება საქართველოში ამის გამკეთებელი და რატომ წერთ მიზნებს, რომლებიც ჩვენს სკოლებში მიუღწეველია აპრიორი?)
საზ.მეც.სტ.VI.17. მოსწავლემ უნდა შეძლოს განივითაროს პოზიტიური დამოკიდებულება მშობლიური კულტურის მიმართ; (მოსწავლეს უნდა უყვარდეს სამშობლო და მისი კულტურა)
საზ.მეც.სტ.VI.18. მოსწავლემ უნდა შეძლოს უძველესი დროიდან დღემდე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების განვითარებაზე მსჯელობა; მათი გამოყენების უსაფრთხო გზების მნიშვნელობის გააზრება; უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება ქუჩაში მოძრაობისას, ტრანსპორტში ყოფნისას, ექსკურსიაზე, სალაშქროდ წასვლისას და ა.შ.
საზ.მეც.სტ.VI.19. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენა, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, იცოდეს სპორტის ტრადიციული სახეობების შესახებ; (როგორ? აღარ გავიმეორებ წინა კომენტარს. მაშინ დააწესეთ ტანვარჯიში სკოლაში და დააყენეთ მასიურად ტურნიკები და ორძელები, შემოიღეთ მათზე ვარჯიშის სტანდარტი და ჩასვით საათებში. ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს სკოლაში და შეგვიძლია დაგეხმაროთ კონკრეტული რეკომენდაციებით.)
საზ.მეც.სტ.VI.20. მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებების აღწერა და მათი ჩამოყალიბების მიზეზების განხილვა; (იგივე რაც VI.16)
საზ.მეც.სტ.VI.21. მოსწავლემ უნდა შეძლოს ბუნებრივი გარემოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.(გამართეთ ქართულად: მოსწავლე უნდა ზრუნავდეს თავისი ქვეყნის ბუნებაზე და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე.)
5. მიმართულება: სახელმწიფოებრივი განვითარება სტანდარტის შედეგები
საზ.მეც.სტ.VI.22. მოსწავლემ უნდა შეძლოს მის გარშემო წარმოდგენილი სოციოკულტურული ინსტიტუტების (სკოლა, კინო, კლუბი, მუზეუმი, სამედიცინო დაწესებულება, პოლიცია და სხვ.) ფუნქციის გაანალიზება; (ზედმეტი ტვინის ჭყლეტაა, იხ. ზემოთ)
საზ.მეც.სტ.VI.23. მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოში სხვადასხვა დროს არსებული მმართველობის ფორმების დახასიათება; დღეს არსებული სახელმწიფო მოწყობის შედარება ისტორიულ წარსულში არსებულ მმართველობის ფორმებთან; (გეთანხმებით, მაგრამ რა შუაშია ეს ერთ საგანში მაგალითად წინა პუნქტთან?)
საზ.მეც.სტ.VI.24. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცნობილი პიროვნებებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება. (გაუგებარია, გთხოვთ განგვიმარტოთ)
საზ.მეც.სტ.VI.25. მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს ისტორიაში პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე მსჯელობა; (აბა ისტორიაში რას ვასწავლით?)
საზ.მეც.სტ.VI.26. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ომისა და მშვიდობის შედეგების შედარება. (აბა ისტორიაში რას ვასწავლით?)
ბ) შინაარსი
სასწავლო პროცესი შემდეგი ცნებითი კატეგორიებისა და თემების დამუშავების საფუძველზე უნდა წარიმართოს:
ცნებები
ისტორია -საგანი და მიზანი, წყაროები, ინტერპრეტაცია, უწყვეტობა და ცვლილება;