logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა გონიოში ოპერატიული თათბირი გამართა
- +

17 აგვისტო. 2016. 20:09




საქართველოს თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების პირადად გაცნობის მიზნით აჭარაში ჩავიდა.


ლევან იზორიამ პირად შემადგენლობასთან ოპერატიული თათბირი გამართა. მან სამუშაოების მიმდინარეობისა და გამოძიების დეტალების შესახებ ინფორმაცია მიიღო და ახალი მითითებებიც გასცა.


„ინტენსიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, როგორც იცით, გუშინდელი დღიდან ღონისძიებებში ამერიკელები მონაწილეობდნენ. დღეს კი თურქულ მხარეს  მივმართე თხოვნით, რომ ისინიც ჩაერთონ, რადგან შესაბამისი ტექნიკა და გამოცდილება აქვთ. გამოძიება გაგრძელდება, რათა ობიექტური მიზეზი დადგინდეს. საზოგადოება მაქსიმალურად ოპერატიულად მიიღებს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჯარისკაცების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და დახმარება აღუთქვა. მინისტრის განცხადებით, საქმე მას პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ოჯახის წევრები მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებული.


„ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ისინი ყველა ინფორმაციას აბსოლუტურად ობიექტურად მიიღებენ. ოჯახის წევრებს გავუზიარებ პირველად ინფორმაციას, როგორც კი გამოძიების გარკვეულ ეტაპზე კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ", - აღნიშნა ლევან იზორიამ.   


აჭარაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობაც.


სამხედრო მოსამსახურეების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური უკვე ჩაერთო. სამძებრო სამუშაოებში დახმარების გაწევის მიზნით თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები დღეს დილით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აწარმოა, რომლის დასრულების შემდეგაც ლევან იზორია დაუყონებლივ გაემგზავრა აჭარაში. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ამერიკული მხარე გუშინვე ჩაერთო. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.


შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის" ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.    

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner