“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ მართლაც, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია,” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ბატონი მიხეილი [ჩხენკელი] არის ჩართული ამ პროექტში. აქ მართლაც არის სასწაული, ბატონი რატი ბრეგაძე მიყვებოდა, რომ იყო ჩასული ქუთაისში და შეხვდა სტუდენტებს. მას თავად გერმანიაში აქვს მიღებული განათლება და შედარებისთვის მითხრა, რომ ასეთი კამპუსები, ასეთი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ არის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მისასალმებელი, ძალიან მაგარი პროექტი და ჩვენ ახლა, ივლისის თვეში ვაპირებთ, რომ ჩამოვიდეთ, მეც ვაპირებ, რომ ჩამოვიდე, იქ ადრონული თერაპიის ცენტრი იხსნება, უფრო სწორად, საფუძველი ჩაეყრება ამ ცენტრის მშენებლობას და ძალიან თვალსაჩინო, მართლაც გამორჩეული პროექტია ფონდი „ქართუს“ და ბატონი ივანიშვილის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის 1 მილიარდიანი პროექტი ჯამში და მართლაც, ქუთაისში შეიქმნება ეს განათლების კერა, ცენტრი, რომელშიც ჩვენს ქართველ, გამორჩეულ სტუდენტებს შეეძლებათ ევროპული დონის უმაღლესი განათლება მიიღონ“, - განაცხადა პრემიერმა.