logo_geo
eng_logo
პროკურატურის განცხადება 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე
- +

17 აგვისტო. 2016. 20:47



საქართველოს პროკურატურა 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავსირებიტ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:


 

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

 

პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენისა და დამნაშავე პირთა იდენტიფიცირების მიზნით.

 

პატიმართა წამების ამსახველი, საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალის ირგვლივ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა არაერთი პირის მიმართ, მათ შორის როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირების, ისე მათდამი დაქვემდებარებული საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების მიმართ, კერძოდ:

ე.წ. „კარანტინის დაშლის" საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა მიმართ 2013  წლის 14 ივნისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმართა ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დამნაშავედ იქნენ ცნობილი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსანდრე ჯანჯღავა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების რეჟიმის სამი კონტროლიორი ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ბორის ფარულავა და გიორგი კვარაცხელია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცრები მანუჩარ ლომთაძე, თემურ ჭაჭია, მათე ელბაქიძე და დავით მეცხოვრიშვილი, ასევე ამავე დაწესებულების ოპერატიული მორიგის  თანაშემწე გურამ ცომაია.

 

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ასახულ „პატიმრის ცოცხით წამების ეპიზოდზე" საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების  სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა 2013  წლის  14 ივნისს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და დასახელებული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ პატიმრის წამების ფაქტზე.

გარდა აღნიშნული ეპიზოდებისა, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული პატიმართა წამების სხვა ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ და სასამართლოს მიერ დამნაშავეებად იქნენ ცნობილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების  უფროსი ოლეგ ფაცაცია, დაწესებულების რეჟიმის  კონტროლიორები ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე,  დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე გურამ ცომაია, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და ამავე განყოფილების უფროსი ინსპექტორი ბორის ფარულავა.

 

დასახელებულ დანაშაულებრივ ეპიზოდებზე უკვე დასრულებულია სამართალწარმოება და მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ.

 

რაც შეეხება ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამების ფაქტები, როგორც აღინიშნა ვიდეო მასალაზე დაფიქსირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე მომხდარია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც მიეცნენ პასუხიგებაში და მათ მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ვიდეო მასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. „ციხის კადრების" საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner