„პარლამენტში სრული კონტრასტი იყო, ერთ მხარეს ვიხილეთ საქმიანი, არგუმენტირებული, ფაქტობრივი მტკიცებულებებით გამყარებული პრემიერ მინისტრის გამოსვლა, მეორე მხარეს კი ოპოზიცია, რომელმაც თავი გაუგონარი ქცევით გამოიჩინა. დღევანდელი „ოპოზიციის“ შემყურეს გამიჩნდა კითხვა, ჰყავს კი საქართველოს ოპოზიცია? საქართველოს ჰყავს მთავრობა და ჰყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, საკუთარი ქცევით კი პირველ ყოფილ ადამიანებს მოგვაგონებენ, რომლისთვისაც უცხოა ოპონირება, რომლისთვისაც უცხოა განსხვავებული აზრის მიღება და ა.შ.“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშს, რომელიც პრემიერმა პარლამენტში წარადგინა.
მისი თქმით, ევროპამ თვალი დახუჭა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ რეალურ კრიტერიუმებზე, რაც შესაძლოა, სამწუხარო პრეცედენტად იქცეს:
„პრემიერს პრინციპულად მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა, რომელიც საკუთარ თავში მრავალ ასპექტს მოიცავდა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შედგენილი რეიტინგები, სადაც საქართველო უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე, მოლდოვას, („მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას და ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის წვერ ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ვართ მე-4 ადგილზე. გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა როგორც სიტყვის, ასევე პრესის თავისუფლების კუთხით და ა.შ.).
ევროპამ თვალი დახუჭა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ რეალურ კრიტერიუმებზე, რაც შესაძლოა, სამწუხარო პრეცედენტად იქცეს. დემოკრატიის და ობიექტურობის მეტრი მიკერძოებულ გადაწყვეტილებას იღებს, აღნიშნული ბევრ კითხვას ბადებს... ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საქართველო მშვიდობისთვის ისჯება, იმ მშვიდობისთვის რომელიც დღეს ასეთი სანატრელია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები (როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ), რომლებიც საქართველოს პოზიციების დასუსტებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მუხლჩაუხრელად მუშაობენ, მათ შორის, ჩვენი ვითომ ოპოზიცია და ჩვენი ვითომ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.