„კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი დარბაზში აღარ იმყოფება.
„დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ყველას და აქვე აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა. არც ერთი დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი დარბაზში აღარ იმყოფება. მათ სცადეს გარკვეული დესტრუქცია, მიიღეს ათჯერ მეტი პასუხი. ყოველთვის მიიღებენ, თუ არ გაჩერდებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ დღეს მსოფლიოში არის ძალიან რთული ვითარება და ამ ვითარებაში ჩვენი პატარა ქვეყანა, ჩვენი სწორი, პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ განვითარებას. აქ ძალიან ბევრი მოვისმინეთ გამომსვლელებისგან, მეც ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, ფაქტებით, მხოლოდ მეგობრებო. ჩვენი თითოეული გამოსვლა, თითოეული სიტყვა ემყარებოდა ფაქტებს მხოლოდ. ჩვენ ჩვენს ხალხს, საზოგადოებას ვესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით და ველაპარაკებით სიმართლეს“, - განაცხადა პრემიერმა.