logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში ხანძრების პრევენციის მიზნით ღონისძიებები გამართა
- +

23 ივნისი. 2022. 12:29

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრებს კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და  რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

 

თემურ მღებრიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტყის და მინდვრის ხანძრის გაჩენის ძირითად მიზეზებზე ისაუბრა და ხანძრების თავიდან არიდების პროცესში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრისას განხილულ იქნა მოსახლეობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კახეთის მთავარი სამმართველოს მეხანძრე მაშველებს მადლობის სიგელები და უწყებრივი მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის გადასცა.

 

გარდა ამისა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრებისთვის სპეციალიზებული სახანძრო-სამაშველო ავტომობილი გადასცა, რაც რეგიონის მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ავტომობილი სამსახურმა იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში მიიღო.

 

სახანძრო ავტოცისტერნა გადაეცა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ყვარლის განყოფილებასაც.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ხანძრების პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, იზრდება ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით. სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მზადყოფნის გაძლიერება როგორც ტექნიკური აღჭურვის, ასევე, ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner