„ჰონორარს დაუძახებენ თუ რას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, მაგრამ ამ მორალური კატეგორიით რომ ხალხს ესაუბრები და შენ საკუთარ თავს მინიმალურ მორალურ სტანდარტს არ უწესებ, აქ რაზე შეიძლება საუბარი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხოშტარიას ოჯახმა უნდა გაასაჯაროოს ის თანხები, რომელსაც რუსეთიდან იღებენ.
„გაასაჯაროონ, რისი გასაჯაროებაც სურთ. აქ პრინციპი და მიდგომა არის შემდეგი, რომ ეს ადამიანი ძალიან მაღალი მორალური კატეგორიებით მოძღვრავდა ყველას, ვისაც შესაძლოა, შეხება ჰქონოდა არა რუსეთის ბიუჯეტიდან ჩარიცხულ ფულთან, არამედ ზოგადად, რუსეთთან მიმართებაში. ჰონორარს დაუძახებენ თუ რას დაუძახებენ, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, მაგრამ ამ მორალური კატეგორიით რომ ხალხს ესაუბრები და შენ საკუთარ თავს მინიმალურ მორალურ სტანდარტს არ უწესებ, აქ რაზე შეიძლება საუბარი! მგონი, კომენტარიც კი ზედმეტია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ელენე ხოშტარიას მამამ, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ რუსეთიდან მათი ოჯახისთვის ჩარიცხული თანხების გამოსაქვეყნებლად სასამართლოს დადგენილებაა საჭირო.