„გერმანიამ დღეს გაააქტიურა გაზმომარაგების სამეტაპიანი, გადაუდებელი პროგრამის მეორე ეტაპი, რაც მრეწველობის მომარაგების ნორმალიზებას ისახავს მიზნად“, - წერს CNN.
„ამიერიდან, გერმანიაში გაზის შეზღუდული მარაგია. თუნდაც ამას თქვენ ჯერ ვერ გრძნობდეთ, ჩვენ გაზის კრიზისში ვართ“, - განუცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს.
როგორც CNN წერს, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მიმდინარე თვეში, მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთმა კიდევ უფრო შეამცირა გაზის მიწოდება გერმანიისთვის, იტალიისთვის და ევროკავშირის სხვა წევრებისთვის.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ევროპას აფრთხილებს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ზამთარში გაზის მიწოდება შეუწყვიტოს. „არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა გააგრძელოს საბაბების ძიება ევროპაში გაზის მიწოდების კიდევ უფრო შესამცირებლად და შესაძლოა, მთლიანად შეწყვიტოს იგი“, - განაცხადა ფატიჰ ბიროლმა.