ავტორი მზევინარ ხუციშვილი
რამდენიმე ფოტო დავდე სოციალურ ქსელში და მივიღე ასობით შეტყობინება და ზარი: - სად იყავი? რა ლამაზი ადგილია. ვიყავი გრიბოედოვის 22 ნომერში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ყველამ ვიცით ეს შენობა. თუმცა, მისი ფერმკრთალი კედლები აქამდე უბრალოდ ამბობდნენ, რომ აქ სასწავლებელია. დღეს კი, შენობასთან მისული, ქუჩიდანვე გრძნობ, რომ სხვა სამყაროში უნდა მოხვდე. შენობის რესტავრაციამ სრულად შეცვალა არა მხოლოდ გარე ფასადი, არამედ აკადემიის თითოეული კედელი. შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ 100 წლის იუბილეს აკადემია ამაყად და თავმომწონედ შეხვდა.
ყოველდღე რაღაც ხდება. ღონისძიება, გამოფენები, მათ შორის სტუდენტური, უამრავი სტუმარი, ყველაფერი აკადემიის იუბილეს უკავშირდება, რომელიც იუნესკოს ეგიდით მიმდინარეობს. მე რომ მივედი, იმ დღესაც ფუსფუსი იყო, აზერბაიჯანის დელეგაციას ელოდებოდნენ. მიუხედავად გაწერილი თითოეული წუთისა, აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა ინტერვიუზე უარი არ მითხრა.
- ბატონო გია, 1971 წლიდან აკადემიაში ხართ...
- ეს იყო 70-იანი წლები და მძვინვარებდა საბჭოთა კავშირის რეჟიმი. მაშინ აკადემიაში მოხვედრა ძალიან რთული იყო. მხოლოდ ხუთ ადამიანს იღებდნენ. ვაღიარებ, რომ გამიმართლა. გამიმართლა პედაგოგებშიც, რომლებმაც სრულიად დამავიწყეს, ირგვლივ არსებული რეჟიმის დამოკიდებულება. დღესაც ამით ვარ ბედნიერი და ძალიან მინდა, ჩემს სტუდენტებსაც ასე გაუმართლდეთ. ამიტომ, მე როგორც რექტორი, არასდროს არ ვერევი პედაგოგების სწავლის მეთოდში. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ თბილი, ოჯახური გარემო, ისეთი, როგორიც მე მახსოვს ჩემი პედაგოგებისგან. ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, აუცილებელია, ერთმანეთს დავეხმაროთ და გავუფრთხილდეთ.
აქვე გავიხსენებ ერთ მნიშვნელოვან მომენტს ჩემი სტუდენტობიდან. ერთია აუდიტორიაში მიმდინარე პროცესები, მაგრამ სხვაა პრაქტიკა, რომელიც კასპში, ახალქალაქში, გარიყულაში, მარშლიანთ სასახლეში პედაგოგებთან ერთად გავატარე. ცხოვრობ, ხატავ, სადილობ, დადიხარ ლაშქრობაზე, თამაშობ ფეხბურთს მათთან ერთად. და ეს გაგრძელდა ხუთი წლის განმავლობაში. კმაყოფილი ვარ ჩემი ბედით და სამხატვრო აკადემიით, მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებაც ბევრი იყო. მართალია, თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვცდილობთ, აღვადგინოთ ეს მეთოდი და, დიდი იმედი მაქვს, განვახორციელებთ.
- ყველა ახალგაზრდას აქვს პროტესტი. აუცილებლად რაღაც არ მოსწონს. ალბათ არც თქვენ და თქვენი თანაკურსელები იყავით გამონაკლისნი. შეცვალეთ ის გარემო, რაც არ მოგწონდათ?
- გაგიკვირდებათ და კი. წარმოიდგინეთ, 1973 წელია და აქ, აკადემიის წინ, გრიბოედოვის ქუჩაზე, ღამის 10 საათზე, გავაპროტესტეთ პედაგოგის შეცვლა. უბრალოდ, არ გვინდოდა ის პედაგოგი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ იყო დანიშნული. ეს პირველი ნაბიჯი იყო და ყველასთვის მოულოდნელი. მსგავსი რამ კიდევ არაერთხელ განმეორდა და სწორედ ამ, პატარ-პატარა პროტესტებით მივაღწიეთ იმას რომ, 80-იანელთა ის თაობა შედგა, ვინც თავის საქმეს აკეთებს და ქართულ ისტორიას ამშვენებს.
- ვის ეტყვით მადლობას?
- მადლობა აკადემიის ყველა რექტორს, რომლებმაც მიუხედავად ყველა პრობლემისა და წინააღმდეგობისა, არ გაწყვიტა აკადემიის ჯაჭვი და ასე, ნაწილ-ნაწილ მოიყვანა. ეს ძალიან დიდი და რთული სამუშაოა. წელს მე ვამთავრებ ჩემს მოღვაწეობას რექტორის რანგში, დავრჩები მხოლოდ სტუდენტებთან, ამიტომ მადლობა პროფესიონალთა იმ გუნდს, ვინც მე ნდობა გამომიცხადა და ვისთან ერთადაც, საინტერესო და სასარგებლო რეფორმები განვახორციელე. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც 90-იან წლებში აქ, თოფებით ეძინათ, რომ სამხატვრო აკადემიის განძი არ გაეტანათ. სწორედ ამ ადამიანებმა გადაარჩინეს აკადემია და ისინი ჩემთვის გმირები არიან. ერთი მათგანი სამუზეუმო სივრცის ერთ-ერთი დირექტორი ზურაბ გაბუნიაა. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს ურთულესი პერიოდი. როცა არ იყო შუქი, წყალი და შეშის ღუმელი, ერთადერთი საარსებო წყარო გვქონდა.
- 90-იანი წლები ახსენეთ, თუმცა საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიების კვალი სამხატვრო აკადემიასაც დაეტყო...
- საერთოდ, შეიძლება ითქვას რომ, აკადემიის 100-წლიანი ისტორია რამდენიმე ეტაპად იყოფა და სამწუხაროდ, რეპრესიების ტალღამ აკადემიასაც გადაუარა. ბევრი პროფესორი დახვრიტეს, ბევრი აკადემიიდან დაითხოვეს. რთული იყო სოცრეალიზმის პერიოდი, როცა მოთხოვნა იყო მხოლოდ ბელადებისა და სოცრეალისტური ნამუშევრების შექმნაზე. მაშინ ბევრმა ნიჭიერმა მხატვარმა მიატოვა თავისი საქმე. მძიმე გავლენა იქონია აკადემიაზე მეორე მსოფლიო ომმაც, სადაც 80-ზე მეტი მხატვარი მონაწილეობდა. ბევრი მათგანი დაიღუპა. თუმცა, ბევრი სირთულის მიუხედავად, აკადემია განაგრძობდა განვითარებას და ჩვენი მამების თაობამ, 50-იანელებმა, პირველად გაარღვიეს სისტემა. დღეს თავისუფლები ვართ და მინდა, რომ ხალხი არ იყოს იმედგაცრუებული. ნაკლებად ჩაერთონ პოლიტიკაში და უფრო მეტი დრო დაუთმონ ხელოვნებას. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ბევრი ხელოვანი ვართ, იმიტომ რომ კულტურის მოთხოვნაა ქვეყანაში.
- და ბოლოს, აკადემიის შენობა, რომელსაც სრულად ჩაუტარდა რესტავრაცია...
- აკადემიის ისტორიული შენობა XIX საუკუნის 50-იან წლებშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მასში თავმოყრილია ევროპული და აღმოსავლური არქიტექტურის ნიშან-თვისებები. შენობის რესტავრაცია სახელმწიფომ დააფინანსა სრულად და მისი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ იქნა მიღებული, როცა მიხეილ გიორგაძე იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. ამ ძეგლის მთავარ ღირსშესანიშნაობას ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ შემკული ე.წ. სარკეებიანი დარბაზები წარმოადგენს, რომლებიც აღმოსავლური სასახლეების ინტერიერებისთვის დამახასიათებელი დეკორითაა მორთული.
პირველად ამ სარკეებიან დარბაზში 1971 წელს ვიმუშავე, როცა პრაქტიკები გვქონდა. ახლა კი, 50 წლის შემდეგ, ჩემი რექტორობის პერიოდში, დავამთავრეთ ამავე დარბაზის რესტავრაცია. ჭერში რომ ავიხედე, გამახსენდა ჩემი მიკრული თაბაშირი და უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი თავი. მე ჩემმა პედაგოგებმა შემაყვარეს ჩემი საქმე და ვთვლი, რომ სწორედ ეს არის ადამიანის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი - შეაყვარო და არა აიძულო. მითუმეტეს დღეს, როცა ქვეყანაში კულტურის მოთხოვნილებაა და საქართველო ამაყობს თავისი კულტურით. არ დაგვავიწყდეს, რომ თბილისის სამხატვრო აკადემიაც 1922 წელს შეიქმნა, პირველი მთელ კავკასიაში და ერთ-ერთი იმ სამ აკადემიას შორის (ლენინგრადის, რიგისა და თბილისის აკადემიები), რომლებიც საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდა.