ავტორი მზევინარ ხუციშვილი
ივნისის ბოლოს ისევ წავა აჭარაში, როგორც თავად ამბობს, საზაფხულო საძოვრებზე და მისი ფოტოობიექტივის კადრში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ ათასობით ფოტო დაფიქსირდება. მაღალმთიან აჭარას ნათელა გრიგალაშვილის პროექტებს შორის, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს, სადაც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. იღებს, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მაღალმთიან აჭარაში, სადაც ყველაზე მეტად შემორჩა ცხოვრების განსხვავებული სტილი, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.
ნათელა გრიგალაშვილი: კონკრეტულად ამ რეგიონმა, ძირითადად ღორჯომის ხეობამ, ყველაზე მეტად შეინარჩუნა ცხოვრების თავისებური წესი. იქ მხოლოდ მუსლიმები ცხოვრობენ. ყველა სოფელი, ყველა ოჯახი სტუმართმოყვარე, თბილი და უძველესი ტრადიციების დამცველია. ხალხი იქ სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. მათ მთაში შეინარჩუნეს განსაკუთრებული ურთიერთობები. ყოფითი პრობლემები იგივეა, რაც დანარჩენ საქართველოში, თუმცა, მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრება ბევრად უფრო რთულია. ბოლო წლებში ხეობა ნელ-ნელა იცლება ადამიანებისგან. ბევრი სახლი დაიკეტა. ხალხი თანდათან ქალაქში გადადის საცხოვრებლად. პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ამ ყველაფრის დაკვირვება და ასახვა ერთგვარი მიზანია. მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიას ყველაზე კარგად შეუძლია შემოინახოს ისტორია. ათასობით ფოტო მაქვს გადაღებული და ისევ გავაგრძელებ მუშაობას, რადგან საბოლოო მიზანი წიგნის გამოცემაა.
- თქვენი ძირითადი თემა არის რეგიონები და ცხოვრება რეგიონებში. როგორ იცვლება თქვენი წარმოდგენები ადგილზე მუშაობისას?
- მე ვმუშაობ იმ რეგიონებში, სადაც რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებაა. ვთვლი, რომ სწორედ სხვადასხვა ეთნოსის კულტურა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. და რაც უფრო მრავალფეროვანია ეს კულტურა, ქვეყანა უფრო მდიდარია. როდესაც ვირჩევ ჩემთვის საინტერესო თემას, ვცდილობ, ფილმებით, ეთნოგრაფიული წიგნებით კარგად შევისწავლო ის ადგილები. მაგრამ ეს სულ სხვა ცოდნაა. როდესაც ადგილზე ჩავდივარ, ადამიანებთან ურთიერთობით, მათი ცხოვრების წესით, სულ სხვა სამყაროში ვხვდები. ბევრ ახალ და საინტერესოს ვიგებ. ამიტომ ვცდილობ, სხვა ადამიანებსაც სწორედ ეს ცხოვრება ვაჩვენო. საერთოდ, დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ასეა, რაც უფრო მეტ დროს გაატარებ ადგილზე, რომელსაც იღებ, უფრო კარგი შედეგი გაქვს. რადგან მათი ცხოვრების ნაწილი ხდები და ეს გეხმარება, უფრო მეტი აღმოაჩინო, აჰყვე იმ რიტმს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, რისი შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, არ მაქვს და სულ მრჩება დანაკლისის გრძნობა. თუმცა, ყოველთვის იმედს ვიტოვებ და ვცდილობ, დავბრუნდე იქ.
- ყველაზე რთული სად აღმოჩნდა მუშაობა?
- სირთულეები ყველგან არის. თუმცა, როცა დუხობორების გადაღება დავიწყე, ძალიან გამიჭირდა მათთან კონტაქტში შესვლა და ნდობის მოპოვება. დღესაც რომ მივდივარ, ასე მგონია, ისევ თავიდან ვიწყებ მათთან ურთიერთობის დამყარებას. მათიც მესმის. რთული გზა გაიარა ამ ხალხმა და ალბათ, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. მაგრამ ეს რაღაცით საინტერესოც კი არის. თითქოს სხვა კუთხით ხედავ, სწავლობ და აკეთებ აღმოჩენას. საერთოდ, მე ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. ყველაფერი მაინტერესებს და აგრესიის გარდა, ყველაფერს ვიღებ ისე, როგორც არის. სწორედ იმიტომ მივდივარ ისეთ ადგილებში, რომ ცხოვრების განსხვავებული წესებია. მომწონს თუ არ მომწონს, არ მიქმნის პრობლემას. მე სრულიად ვიზიარებ მოსაზრებას, სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. სხვანაირად არ მიგიღებენ და ყოველთვის უცხო დარჩები. მე პატივს ვცემ მათ წეს-ჩვეულებებს და ისინი გრძნობენ ამას. თუ რამე მიუღებელია, მაშინ არ უნდა წახვიდე.
- საქართველოს კუთხეების გარდა იყავით ირანში...
- ირანი სულ მაინტერესებდა. ვათვალიერებდი ყოველთვის ყველაფერს, რაც ამ ქვეყანას უკავშირდება. მრავალფეროვანი და მომხიბვლელია თავისი კულტურით. როცა ჩავედი, მივხვდი, რომ სიამოვნებით დავრჩები, ვიცხოვრებ და ვიმუშავებ იქ. ორჯერ ვიყავი. პირველი ვიზიტი საქართველოში ირანის რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით შედგა. ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება (1980-1988 წწ) ირან-ერაყის ომის ნაკვალევს უკავშირდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ირანელთა პატივისცემა სამშობლოსა და მშვიდობისათვის თავგანწირული გმირების - შაჰიდების მიმართ. ხუზისტანის პროვინციას, ირანისა და ერაყის საზღვარზე, ყოველდღიურად მოსალოცად უამრავი ადამიანი სტუმრობს. დღეს ამ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მუზეუმია მოწყობილი. მას ირანელები სამშობლოსთვის დაღუპული შაჰიდების პატივსაცემად სტუმრობენ. მეორედ ვიყავი ქარბალაში, ჰუსეინის შვილიშვილის მუჰამედის საფლავზე. დიდი სურვილი მაქვს და იმედია, კიდევ წავალ.
- დღესდღეობით საზღვარგარეთ უფრო აქტიურად იმართება თქვენი გამოფენები...
- ცხოვრების გზა, რომელიც მე გავიარე, რთული იყო. ერთ დღეს უარი ვთქვი სამსახურზე და დავრჩი ჰაერში. თავისთავად, ეს დიდი რისკი იყო. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ადამიანს არ უნდა შეგეშინდეს, უნდა გარისკო. დღეს მიხარია, რომ შევძელი და თავისუფალი ფოტოგრაფი ვარ. თავისუფლება ყველაზე მაგარი რამ არის და საერთოდაც, ჩვენი უფლებაა ვიყოთ თავისუფლები.
დიდი ინტერესია სხვა ქვეყნებიდან. ჩემი ნამუშევრები ძირითადად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება. სწორედ, საფრანგეთში, მარსელში ჩემმა გამოფენამ, მოიტანა შედეგად, რომ ჩემი ფოტოწიგნი „დუხობორების მიწა“ გამოიცა. ასევე 2021 წელს ვიყავი ლონდონის ქუჩის ფოტოგრაფიის ფესტივალის ჟიურის წევრი. ძალიან საინტერესო იყო, დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება ბევრი ფოტო ვნახო და გავიცნო მეტი ავტორი.
საქართველოში ოქტომბერში იქნება ახალი პროექტის გამოფენა, რომელზეც დედოფლისწყაროს მახლობლად, აზერბაიჯანის საზღვართან, ჭაჭუნას აღკვეთილში, საზოგადოება ბუნების კონსერვაციის შესახებ - „საბუკო“-სთან ერთად ვიმუშავე. ეს არის ადგილი, ნახევრად უდაბნო. ჩემი პროექტებისგან სრულიად განსხვავებულია, რადგან ამ ფოტოებში ნაკლებად არიან ადამიანები. ძირითადი ადგილი ბუნებას, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს უკავია.
- როგორ ფიქრობთ, რაში გიმართლებთ?
- ადამიანებში. ყოველთვის მხვდებიან კეთილი ადამიანები. მუდმივად ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და ყურადღებას. როდესაც ვბრუნდები გადაღებიდან, ყოველთვის ვამბობ, ვარ ბედნიერი, რადგან ჩამოვიტანე ბევრი კარგი ფოტო და ადამიანების სიკეთე.