"საინტერესო სურათი იკვრება - ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას იმიტომ რომ პროკურატურამ საქმე მოუგო რუსეთს, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც „ქოლცენტრების“ საქმეს იძიებს, "- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის მენეჯერები არიან ის ადამიანები, ვისი გამოძიებული საქმითაც საქართველომ სტრასბურგში რუსეთს საქმე მოუგო აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
„სწორედ მათ მიერ გამოკვლეული საქმეები დაედო საფუძვლად საქართველოს გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ. პროკურორ სადრაძეს რატომ არჩევს ეს [ელენე ხოშტარია] ადამიანი? თუ დავაკვირდებით სადრაძე იკვლევს „ქოლცენტრების“ საქმეს, ანუ იმ საქმეს, რომლის კვალიც გადის კეზერაშვილზე და გასაგებია რა დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში ხოშტარია, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.