logo_geo
eng_logo
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- +

23 ივნისი. 2022. 22:43

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციას და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით, რაც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ასევე ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ნუკრი დეკანაძის განცხადებით, პირველი მოსმენისას კომიტეტებში გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით და გამართული კონსულტაციების საფუძველზე ცვლილებები განხორციელდა კანონპროექტში, რომელიც კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა.

ახალი რედაქციით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ახლით ჩანაცვლებისთვის ქალაქის მერს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება საკრებულოზე მიმართვის უფლება, თუ მერიის სათათბირო საბჭო გასცემს დადებით რეკომენდაციას პროექტის განხორციელებაზე. ამის შემდეგ მერის გადაწყვეტილებით მიემართება საკრებულოს, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ამასთან პირველი რედაქციისგან განსხვავებით, დაზუსტებულია თუ რა განსხვავებული წესის დადგენის შესაძლებლობა იქნება და დაზუსტდა რომელი რეგულაციებისგან გადახვევა იქნება შესაძლებელი. განისაზღვრა, რომ გადახვევა შეეხება მხოლოდ და მხოლოდ K-2 კოეფიციენტს და შენობა-ნაგებობის სიმაღლეს. ხოლო რაც შეეხება გამწვანების კოეფიციენტს და პარკირებას, გადახვევა არ შეეხება და ეს რეგულაციები უნდა იყოს დაცული.

რაც შეეხება თანმდევ კანონპროექტს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უძრავი ქონების ექსპროპრიაციას გულისხმობს, ინიციატორების გადაწყვეტილებით აღარ განიხილება და შესაბამისად კენჭის ყრის დროს დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ.

„ყველა შენიშვნა ფაქტობრივად გათვალისწინებული იყო, შესაბამისად, ამ კანონპროექტით ბათუმს თითქმის იგივე უფლებები მიენიჭება, რაც დედაქალაქს აქვს. დამერწმუნეთ, ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქსაც უნდა ჰქონდეს ის უფლებები ამ ნაწილში, განსაკუთრებით ავარიულ შენობებთან მიმართებით, რაც თბილისს აქვს. გათვალისწინებულია შენიშვნა ექსპროპრიაციასთან დაკავშირებითაც, არ მივიღებთ ამ კანონს და არ დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner