„ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს პირობითი სტატუსი მივანიჭეთ“, – აცხადებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი.
ხორვატიის პრემიერის თქმით, თუკი იქნება პროგრესი, იქნება კიდევ ერთი ინფორმაცია კომისიის მხრიდან და ვფიქრობ, საქართველო უკრაინისა და მოლდოვას გზას გაუყვება
„საქართველოსთან დაკავშირებით ვფიქრობ, იყო ყველას ზოგადი პოზიცია, ვინც ევროპული კომისიის აზრს უსმენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნებმა გაწევრიანების მიმართვა გააკეთეს და საბჭომ მიიღო ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება, სთხოვა კომისიას, მოემზადებინა მოსაზრება. გაერთიანების წევრი ქვეყნები, როგორც წესი, ეყრდნობიან კომისიის ექსპერტების ნათქვამს. ვფიქრობ, ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით იყო მოტივირებული. თქვენ მზად ხართ, მიგენიჭოთ სტატუსი, თუ შესრულდება კომისიის მოსაზრებით ასახული ელემენტები. ასე რომ, იქნება პროგრესი, იქნება კიდევ ერთი ინფორმაცია კომისიის მხრიდან და ვფიქრობ, საქართველო უკრაინისა და მოლდოვას გზას გაუყვება“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.
ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.