მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას მთაწმინდაზე კანდიდატი არ დაუპირისპირა, ლოგიკურს უწოდებს. აქვე დასძენს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკაში ემიგრაციის შემოყვანა.
„სიმართლე გითხრათ, „ქართული ოცნებისგან" ასეთ ნაბიჯს ველოდი. საარჩევნო ლოგიკიდან გამომდინარე, ლოგიკური იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან მთაწმინდაზე ხმები არ გაყოფილიყო, სადაც უკვე გადაწყვეტილი მქონდა კენჭისყრა და ისიც ჩანს, რომ რაღაც მხარდაჭერა ამომრჩევლის მხრიდან, გამაჩნია.
ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, ყველასთვის ნიშანდობლივი იყო ის, რომ ეს „დათმობა" პრემიერმა ახსნა არა როგორც „დათმობა" ჩემთვის, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ მე ფორმალურად თუ არაფორმალურად წარმოვადგენ ქართულ ემიგრაციას. ბევრს ვმუშაობ ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც ძალიან რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და გავხდი მათი წარმომადგენელი. ამის აღიარება პრემიერისა და „ქართული ოცნების" მხრიდან მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ვთვლი, რომ ემიგრაციის შემოყვანა ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.