logo_geo
eng_logo
წეროვანში დაწყებული ახალი ცხოვრება და სიზმრები ახალგორიდან
- +

25 ივნისი. 2022. 21:56

 

 

„მეხუთე, მეშვიდე, მეთორმეტე რიგში გამიჩერე“, - აქ ჯერ კიდევ რიგებია. სულ 20 რიგია და დასახლება ორ ნაწილად არის გაყოფილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ორი მიმართულებით დადის. სანამ წახვალთ, კარგად უნდა გაარკვიოთ, სად მიდიხართ და როგორ წახვიდეთ. ეს ის წეროვანის დევნილთა დასახლება აღარ არის, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ფეხით რომ შემოირბენდი და ჭაობზე აშენებული კოტეჯები სინანულით გავსებდა. აქვეა სკოლა, საბავშვო ბაღი, სურსათისა და ტანსაცმლის მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის სალონები, ყველაფერი აუცილებელი, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას თბილისში უწევდა სიარული. ყველაზე თვალშისაცემი გამწვანებული და ვარდებით აყვავებული ეზოებია, რასაც ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.

 

წეროვანში, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული ყველაზე მეტი, 8 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საცხოვრებელი პირობები მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა. გარდა სკოლის, საბავშვო ბაღის, მაღაზიებისა და სილამაზის სალონებში დასაქმებისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ სოციალური საწარმოებიც გახსნა.

 

„როდესაც აქ დავიწყე ცხოვრება, ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი პრობლემა იყო. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, პრობლემების დაძლევაში რაღაც ფორმით  მიგვეღო მონაწილეობა. 2009 წელს დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისთვის“, ახლა ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბია, რომელიც  სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა. მუშაობის პერიოდში დავინახეთ, რომ აუცილებელი იყო, ქალების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით რაღაც გაგვეკეთებინა და, 2012 წელს შევქმენით სოციალური საწარმო - ტიხრული მინანქრის საწარმო „იკორთა“, - ამბობს საწარმოს დირექტორი ნანა ჩქარეული.  

 

პირველ ეტაპზე, მეგობრის დახმარებით შეისწავლეს ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. შემდეგ, სტაჟირება გაიარეს ტიხრული მინანქრის ერთ-ერთ საწარმოში. ბევრი მუშაობის შედეგად, წლებია უკვე, თავად ასწავლიან ტიხრულ მინანქარზე მუშაობას და ამავდროულად ქმნიან სამკაულების მრავალფეროვან კოლექციებს. „ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც ადგილზე, ასევე ვთანამშრომლობთ რამდენიმე სასულიერო მაღაზიასთან, საქართველოში ამერიკის საელჩოსთან. პროდუქციის გაყიდვაში გვეხმარება სოციალური ქსელებიც. გვაქვს ინდივიდუალური და კორპორატიული შეკვეთები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიზაინერი არ გვყავს და ყველა ავტორი, ვინც მუშაობს, თვითონ არის თავისი ნამუშევრის დიზაინერი. შესაბამისად, პროდუქცია მრავალფეროვანია და მომხმარებელი ყოველთვის პოულობს თავისთვის საინტერესოს და სასურველს“.

 

როგორც ნანა ჩქარეული ამბობს, საწარმოს არსებობის მანძილზე რთული პერიოდი ორჯერ ჰქონდა. პირველად როცა შეიქმნა: „ჩვენ ვიცოდით პროექტების წერა და მართვა, მაგრამ არ გვქონდა ბიზნესის გამოცდილება, რაც გვაიძულებდა, მოგებაზე გვეფიქრა. სხვანაირად საწარმო ვერ განვითარდებოდა. ვერც დასაქმებას შევუწყობდით ხელს, რაც ჩვენი პირველადი მიზანი იყო. როგორც არ უნდა იყოს, სწორედ პროდუქციის გაყიდვაზეა დამოკიდებული, რამდენ სამუშაო ადგილს შევქმნით“.

 

 

 

საწარმოსთვის რთული აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი. თითქმის ორი წელი საწარმო გაჩერებული იყო. თუ პანდემიამდე 12 ადამიანი მუშაობდა, დღეს საწარმოში მხოლოდ 6 ადამიანია დასაქმებული. „ყველაფრის დაწყება თავიდან გვიწევს. მაგრამ გვაქვს მიზანი და ძალიან ბევრი გეგმა. მე ვთვლი, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ განვითარებას და რეალიზებას“. 

 

დღესდღეობით საწარმო თვითშენახვადი ბიზნესია, თუმცა, განვითარებისთვის და ახალი ეტაპებისთვის ცდილობენ გრანტების მოპოვებას. ამჟამად ევროპის ფონდის მიმდინარე გრანტით მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივ მომხმარებელზე გათვლილი პროდუქციის შექმნა უნდათ: „ჩვენ პროდუქციას ძირითადად უცხოელებისთვის ვაკეთებდით, მაგრამ პანდემიის პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც ვიმუშაოთ. ამჯერად მინანქარს არ გამოვიყენებთ და შეიქმნება მთლიანად ვერცხლის სამკაული. ვფიქრობთ, ქართველი მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო იქნება, რადგან ერთ-ერთი თემა ახალგორის განძის დეტალია, რაც ასევე, ჩვენი საწარმოს ლოგოც არის“. 

 

 

გარდა სამკაულების შექმნისა, სოციალური საწარმო „იკორთა“ სხვა მიმართულებითაც მუშაობს. იგი თანამშრომლობს ორ ტურისტულ კომპანიასთან და ტურისტებისთვის შედგენილი სპეციალური პროგრამა აქვს, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება: „პირველი ეტაპი არის წეროვანში დახვედრა და დასახლების დათვალიერება. ვუყვებით ჩვენს ისტორიას, რა მოხდა და როგორ დავსახლდით წეროვანში, რა გამოწვევები გვქონდა და როგორ ვუყურებთ მომავალს. მეორე ეტაპი, საწარმოში მუშაობაა. ტურისტები თვითონ მუშაობენ ტიხრულ მინანქარზე. მესამე ეტაპზე, ადგილობრივ მოსახლეობას ოჯახებში ვსტუმრობთ. ზოგადად, ასეთი ტიპის პროგრამა ძალიან გვეხმარება, მინიმალური დანახარჯებით გავავრცელოთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ“.

 

ნანა ჩქარეული მომავალს იმედის თვალით უყურებს. უყვარს საქმე, რასაც აკეთებს, თუმცა ერთი წელი დასჭირდა, გაეცნობიერებინა რეალობა, რომელშიც აღმოჩნდა, რათა ცხოვრება თავიდან დაეწყო. რამდენიმე წლის წინ დაწყებული ახალი ცხოვრებით და დღევანდელი საქმით, აპირებს ახალგორში დაბრუნებას: „ძალიან ვცდილობ, არ ვიფიქრო ახალგორზე. თუმცა, რასაც დღეს ვაკეთებ, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, როცა დავბრუნდები, უფრო მეტი უნარი, ცოდნა, განათლება მქონდეს, რომ იქ ყველაფერი ნულიდან დავიწყო. ვერ გეტყვით, ეს უფრო ოცნებაა თუ იმედი. მე, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 2013 წლიდან არ ვყოფილვარ ახალგორში. დღეს ის, მხოლოდ ჩემს სიზმრებშია. ძალიან იშვიათად ვნახულობ სიზმარს, თუმცა ყოველთვის ახალგორში დავდივარ და რაღაცას ვეძებ. მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ მაინც მაძლევს იმედს, ის, რომ ახალგორში ადგილობრივად, ქართველებმა და ოსებმა კარგი დამოკიდებულება შეინარჩუნეს და ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, ერთმანეთს ეხმარებოდნენ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner