ავტორი მზევინარ ხუციშვილი
საბავშვო ჟურნალი „დილა“, რომელმაც ერთსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე არაერთ გამოწვევას გაუძლო და რომელსაც 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, დღეს ისევ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. დაიხურება თუ არა 118 წლის ჟურნალი? ჟურნალის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ „დილას“ რედაქტორი თამარ ნინიკაშვილი გვესაუბრა.
- პირადად თქვენთვის, რა არის საბავშვო ჟურნალი „დილა“?
- „დილა“ ჩემი და ჩემი თანატოლების, ასევე ჩვენი დედებისა და მამების, ბებია-ბაბუების ბავშვობაა. მარტო ლოგოს რომ ხედავ, მოგონებები ცოცხლდება: საყვარელი მწერლები, ნაწარმოებები, საყვარელი ილუსტრაციები, გარეკანები, „დილას“ გმირები - ასფურცელა, კერკეტი კაკლები, ჭანჭიკელა, ბოცო და გვანცა, ბოლოკა და ყვანჩალა...
იცით, ბავშვობაში, როცა ამ ჟურნალის მორიგი ნომრის გამოსვლას სულმოუთქმელად ველოდებოდი, როცა ფურცვლას და კითხვას ვიწყებდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ საოცარ სამყაროში აღმოვჩნდებოდი, კიდევ უფრო საოცარი ადამიანების გვერდით.
„დილას“ თანამშრომელი 24 წლის წინ გავხდი. საკმაოდ დიდი დროა, საინტერესო ამბებით, ემოციებით, ადამიანებით, განცდებით დახუნძლული თავგადასავალი და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი გამოცდილება და ცოდნა, რაც ამ წლებმა მომცა. პირველივე დღიდან ვიგრძენი თანადგომა და ნდობა, ეს კი საოცარი სტიმულია ადამიანისთვის. ყველა რედაქცია ოჯახივითაა. „დილაში“ მაინც განსხვავებული, ყველაზე თბილი და ერთგული ოჯახი დამხვდა და გულღიად მიმიღო. ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ, ისე მიხსნიდნენ, ისე მასწავლიდნენ, ისე მედგნენ გვერდით, ხალისით ვაკეთებდი ყველა საქმეს. განსაკუთრებით ჟურნალის რედაქტორი, ქალბატონი დოდო წივწივაძე: ისეთ საქმეს განდობდა, თან ისე დარწმუნებით და დაჯერებით, ვერ დააღალატებდი. მე და ჩვენი მხატვარი თეა მიქაია ერთ წელს მივედით „დილაში“ და მალევე გადმოგვაბარა ჟურნალის დამატების - „საოჯახო საკითხავის“ მომზადება, მერე „დილის საყმაწვილო ენციკლოპედიის“ (დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო-შემეცნებით გამოცემებად მიმაჩნია) შედგენა-რედაქტირებაში ისე ჩაგვრთო, შეცხადება ვერ მოვასწარით. ახლა ვხვდები, რომ ნდობა ყველაზე დიდი საფუძველია ზრდისთვის და განვითარებისთვის.
- წლების განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ჟურნალი. არაერთხელ დაემუქრა დახურვა...
- ჟურნალს დახურვის და გაუქმების საფრთხე არაერთხელ შეჰქმნია საუკუნოვანი არსებობის მანძილზე. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში „ნაკადულის“ პირველი რედაქტორი, მარიამ ივანიშვილი-დემურია კარდაკარ დადიოდა და სთხოვდა ყველას, რომ ქვეყნისთვის და მოზარდი თაობისთვის საჭირო საქმეში გვერდით ამოსდგომოდნენ. იმ ეპოქაში აღმოჩნდნენ კიდეც ასეთი ქველმოქმედი ადამიანები - იაკობ ზუბალაშვილმა რედაქციას რუსთაველის გამზირზე თავისი სახლი დაუთმო, ჟურნალის გამოცემა კი მისმა დისწულმა, პავლე თუმანიშვილმა ითავა.
ჟურნალის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1928 წელს „ნაკადულს“ სახელიც კი შეუცვალეს და „ოქტომბრელი“ დაარქვეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ძველი და ახალი ჟურნალ-გაზეთების მოვლის საქმე. უკვე „ოქტომბრელად“ მონათლული საბავშვო ჟურნალიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. რედაქციას აღარ ევალებოდა ჟურნალის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება, ფინანსების თუ ქაღალდის მოძიება, გამოცემის გრაფიკის დადგენა, ტირაჟის გავრცელება (მისი ტირაჟი 25 000-მდე გაიზარდა). რედაქციის ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენდა საუკეთესო მასალების მოძიება, დამუშავება და გაფორმება, რაზეც დიდწილად იყო დამოკიდებული პატარა მკითხველის გემოვნების დახვეწა. თუმცა, პოლიტიკურმა ცვლილებებმა თავისი კვალი დაატყო საბავშვო პერიოდიკასაც. ამ პერიოდის ნომრებში შეხვდებით ლექსებს - „პატარა ლენინი“, „ოქტომბრელი გოგონა ბელადთან“, „საბჭოთა მფრინავები“...
სამამულო ომის შემდგომი პერიოდი კიდევ ერთი ახალი და საინტერესო ხანაა ჟურნალის ისტორიაში. ჟურნალი ფერადი გახდა. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ 60-იდან 80-იანი წლების ბოლომდე „დილისთვის“ ოქროს ხანა იყო, მისმა ტირაჟმა 175 000-ს მიაღწია. ამ წლებში „დილის“ რედაქტორები იყვნენ იოსებ ნონეშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, მუხრან მაჭავარიანი, ენვერ ნიჟარაძე, რევაზ ინანიშვილი. 90-იან წლებში საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ მთლიანად შეიცვალა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ბედი. ჟურნალი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, მას დამოუკიდებლად უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება. რედაქციამ დაიწყო ახალი ურთიერთობები პრესის გავრცელების სააგენტოებთან, სტამბებთან, ხელმომწერებთან. დიდი პრობლემა გახდა ფერადი ბეჭდვისთვის პოლიგრაფიული მასალის მოპოვება. ყველაზე ძნელი სასურველი ხარისხის მიღწევა იყო. 1995 წლიდან „დილის“ რედაქტორია დოდო წივწივაძე. მისი რადიკალური გადაწყვეტილების და მონდომების წყალობით ჟურნალი საზღვარგარეთ გაიგზავნა დასაბეჭდად. „დილის“ გარეგნული სახე რადიკალურად შეიცვალა, მისი პოლიგრაფიული დონე უკვე ტოლს არ უდებდა ევროპულ ჟურნალებს. თავდაპირველად სახეშეცვლილი „დილა“ ბულგარეთში იბეჭდებოდა, შემდეგ - საბერძნეთში, თურქეთში, ბოლოს კი საქართველოშიც გაჩნდა სათანადოდ აღჭურვილი პოლიგრაფიული სტამბები.
წლების განმავლობაში დოდო წივწივაძე და მისი ოჯახი აფინანსებდა ჟურნალის გამოცემას. 2003 წლიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპოქა დაიწყო „დილის“ ცხოვრებაში. მაშინ უკვე რედაქციაში ვმუშაობდი. ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონმა დოდომ განაცხადა, ქართული საბავშვო ენციკლოპედიის გამოცემა უნდა დავიწყოთ „დილის“ ბაზაზეო. არ ვაჭარბებ, ყველას თვალები შუბლზე აუვიდა, იქნებ საბავშვო პროზის ანთოლოგია გამოგვეცა, ლექსების კრებულები ან ზღაპრებიო, ენციკლოპედიის იდეამ ყველა შეაშინა, მაგრამ დოდო წივწივაძეს აქვს უნარი, აიყოლიოს, დაარწმუნოს, დააიმედოს ყველა, ვინც გვერდზე ჰყავს და შეუძლებელი შეაძლებინოს. პირველი ტომი ასტრონომია და გეოგრაფია იყო და იცით, რით იწყებოდა? -ჩვენი მისამართი სამყაროში! პირველივე გვერდზე პატარა მკითხველი უკვე ამ უზარმაზარი სამყაროს ნაწილად გრძნობდა თავს და სიამოვნებით იწყებდა მის შეცნობას. იდეამ და გადაწყვეტილებამ გაამართლა, „დილის“ საყმაწვილო ენციკლოპედია წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბესტსელერის სტატუსს, 13 ტომი გამოვიდა, ერთმანეთზე საინტერესო თემატიკით: მსოფლიოს ცივილიზაციები 3 ტომად, საქართველოს ბიოგრაფია 3 ტომად, საქართველოს ბუნების საოცრებები, საყმაწვილო ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და სხვა. ამას მოჰყვა „საყმაწვილო ბიბლიოთეკის“ სერია - საბავშვო პროზა, პოეზია, ზღაპრებისა და მითების კრებულები... გამომცემლობა წლების მანძილზე აფინანსებდა ჟურნალის გამოცემას, თუმცა, ქართული წიგნის ბაზარზე გარკვეულმა ცვლილებებმა, ბეჭდვის გაძვირებამ პრობლემები შექმნა და „დილა“ კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, უკვე მერამდენედ. მგონი, თქვენც აგერიათ სათვალავი, მაგრამ საოცრებები ნამდვილად ხდებოდა: „დილა“ დღემდე ყველაზე ხანდაზმული პერიოდული გამოცემაა, რომელსაც ფუნქციონირება არ შეუწყვეტია - მისი პერიოდულობა არ დარღვეულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თვით შეჩერებას. 2013 წლიდან ახალი სიცოცხლე იწყება „დილისთვის“ - ამ წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ იმ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციის გათვალისწინებით, რომელიც „დილამ“ შექმნა, ჟურნალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
- გარდა თავისი ისტორიისა, რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ამ ჟურნალის არსებობა?
- ჟურნალი „დილა“ საბავშვო მწერლებისთვის ერთადერთი პერიოდული გამოცემაა და თუ ახალი ნაწარმოების გამოქვეყნება უნდათ, ჩვენ გვიგზავნიან. თითოეული ავტორი რედაქციის წევრია და ისევე ზრუნავს „დილის“ გავრცელებაზე, მის ბედსა და მომავალზე, როგორც ჩვენ. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულს. წლების მანძილზე ჰონორარის გარეშე თანამშრომლობდნენ ჩვენთან და არასდროს დაუწუწუნიათ. ჩვენთან ხვდებიან ერთმანეთს, უზიარებენ სიახლეებს, გეგმავენ, მსჯელობენ, იდეებს გვაწვდიან. ეს ძველი ტრადიციაა და დღემდე გრძელდება. კარგად მახსოვს გივი ჭიჭინაძე, რედაქციაში დილით მოდიოდა და გვიან საღამომდე რჩებოდა, დოდო ვადაჭკორია, ნინო ბეზარაშვილი და ქეთო ჭილაშვილი ჩაის დასალევად ჩვენთან იკრიბებოდნენ, გურამ დოჩანაშვილი მორიდებით ტოვებდა ახალ ზღაპარს მისაღებში, რედაქტორს არ შევაწუხებო...
ტრადიციაა ისიც, რომ ის „ძველები“ „ახლებს“ ულოცავდნენ გზას. წლის განმავლობაში რამდენიმე ახალი ავტორი გვემატება. ბოლო დროს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გააქტიურდნენ, გვიგზავნიან მასალებს იტალიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან. შემოსულ მასალებს ერთად განვიხილავთ და შერჩევის შემდეგ, მხატვრებს ვუგზავნით. ილუსტრატორების გუნდი კიდევ ცალკე ისტორიაა. მათ ერთი არაჩვეულებრივი ალბომიც მივუძღვენით - „ჟურნალი „დილა“ და ქართული საბავშვო ილუსტრაცია“. ამ საკმაოდ მოზრდილმა კრებულმა ვერ დაიტია ის სახელები და დიდებული ნახატები, რომლებიც წლების მანძილზე „დილასთვის“ შექმნეს ცნობილმა მხატვრებმა.
ამ ტრადიციების გამო მიენიჭა „დილას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ამის გამო არ შეიძლება ჟურნალის დახურვა. კიდევ იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, ვინც ქმნიდა და უფრთხილდებოდა, ვინც ზრუნავდა, სხვებს აწუხებდა, უკან არ იხევდა, ეძებდა, ქმნიდა „დილისთვის“ - იაკობ გოგებაშვილის გამო, აკაკი წერეთლის გამო, რომელიც ნათლია იყო ამ ჟურნალისა, მარიამ ივანიშვილ-დემურიას გამო, ნინო ნაკაშიძის გამო, რეზო მარგიანის გამო, გაგანია კომუნისტების დროს „ოქტომბრელს“ რომ „დილა“ გადაარქვა, რეზო ინანიშვილის გამო, მაყვალა მრევლიშვილის გამო, გივი ჭიჭინაძის გამო. უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო და თან ჩამოვთვალო თითოეულის წვლილი, მაგრამ, უპირველესად იმათ გამო, ვინც ამ ჟურნალის მკითხველია დღეს და მომავალში უნდა გახდეს, იმათ გამო, ვინც ამ თაობისთვის წერს და დაწერს, ქართული საბავშვო ლიტერატურისა და ილუსტრაციის დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად.
- თქვენ სამი თვეა დაინიშნეთ რედაქტორად. როგორ ხედავთ ჟურნალის მომავალს, რა შეიცვლება? რას შესთავაზებთ ახალს მკითხველს?
- ჩემი რედაქტორად დანიშვნის გადაწყვეტილება ჟურნალის რედაქტორმა, მისმა ახლანდელმა დირექტორმა, ქალბატონმა დოდო წივწივაძემ მიიღო. დასაწყისშივე აღვნიშნე, ამ ადამიანს შეუძლია აიყოლიოს და შეუძლებლად რომ გეჩვენება, ისეთი საქმე აკეთებინოს ყველას. არასდროს იღლება, არასდროს კარგავს იმედს და არასდროს ნებდება. შეცვლით დიდად არაფერი შეცვლილა, მთელი რედაქცია ისევ ერთად განვიხილავთ და ვკითხულობთ შემოსულ მასალებს, ერთად ვგეგმავთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
ბოლო წლებში ჟურნალის გამოცემა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებითა და თანადგომით ხორციელდებოდა, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს გვიჭერდა და ჩვენი გულშემატკივარი იყო. განსხვავებით წინა წლებისგან, ამ წელს ჟურნალის ერთი ნომრის გამოსაცემად კულტურის სამინისტრომ 15000 ლარი გამოყო. ამ უპრეცედენტო დაფინანსების წყალობით მოხერხდა, ცვლილებები და განახლება დასტყობოდა ჟურნალს: პირველ ყოვლისა, შესაძლებელი გახდა პერიოდულობის აღდგენა და სამი თვის პაუზის შემდეგ მკითხველმა ორი ახალი ნომერი მიიღო; ორივე ნომერს მოჰყვებოდა საჩუქარი, რამაც შესამჩნევად გაზარდა დაინტერესება; აღდგა და სულ მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალის ვებგვერდი, რომელიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს მკითხველს; გამოცხადდა კონკურსი „გახდი კომიქსის ავტორი“, რომელშიც საკმაოდ ბევრი მონაწილე ჩაერთო. ასეთ გამოხმაურებას არ ველოდით, განსაკუთრებით რეგიონებიდან. გაიმართა „დილის“ ავტორების რამდენიმე შეხვედრა მკითხველთან, ასეთი შეხვედრები გამოცემის ცნობადობას ერთიორად ზრდის. ყურადღება გამახვილდა მკითხველთან უკუკავშირზე: ჟურნალში დაბეჭდილი მასალების უმეტესობა გათვლილი იყო იმაზე, რომ მოზარდს სურვილი გასჩენოდა, მოეწერა, გაეგრძელებინა ზღაპარი და დასასრული გამოეგზავნა, პლასტილინისგან შეექმნა ორიგინალური ნამუშევარი და ჩართულიყო კონკურსში, პირველს ეპასუხა კომისარ თანდილას თავსატეხებზე. ჩვენი ფეისბუქ-გვერდი ასეთი აქტიური არასდროს ყოფილა.
- საერთოდ, როგორი უნდა იყოს საბავშვო ჟურნალი?
- ისეთი, როგორიც „დილაა“ და უკეთესი. ამბობენ, ყველა გამოცემა ელექტრონული გახდება მალეო, თუმცა, ვფიქრობ, საბავშვო ჟურნალი ბეჭდური უნდა იყოს. ჩვენს ვებგვერდზე ელექტრონულ ვერსიასაც შევთავაზებთ მკითხველს და ნაწარმოებების აუდიოვერსიების მომზადებასაც ვგეგმავთ, მაგრამ ნაბეჭდს, ალბათ, ვერაფერი შეცვლის.
- გაქვთ იმედი, რომ ჟურნალი არ დაიხურება?
- ისეთი ისტორია გიამბეთ, თქვენც გაგიჩნდებოდათ იმედი. ურთულესი დრო და გაჭირვება გამოუვლია ამ ჟურნალს და ყოველთვის ჩნდებოდა გზა, გამოსავალი, გაგრძელების საშუალება. დღეს ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, პირიქით, ისეთი ხელშეწყობაა კულტურის სამინისტროს მხრიდან, ისეთი ცვლილებები განხორციელდა და ისეთი საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი, უკან დახევა არ გამოვა.