ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.
ტელეკომპანია Fox News-ის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში 3 კონსერვატიული მოსამართლის დანიშვნით თავისი როლი ითამაშა აბორტის საკონსტიტუციო უფლების გაუქმებაში, დონალდ ტრამპმა უპასუხა:
ღმერთმა მიიღო გადაწყვეტილება.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის თქმით, უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კონსტიტუციურია, რადგან აბორტის საკითხზე გადაწყვეტილება შტატებმა უნდა მიიღონ.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა.
საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.