logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: დეპოლარიზაცია ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლებისადმი მოთხოვნა. ხომ შეუძლებელია, ერთმა მხარემ შასრულოს ის, რაც მოითხოვს რამდენიმე მხარის მონაწილეობას
- +

25 ივნისი. 2022. 01:47

 

 

“დეპოლარიზაცია ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლებისადმი მოთხოვნა. ხომ შეუძლებელია, ერთმა მხარემ შასრულოს ის, რაც მოითხოვს რამდენიმე მხარის მონაწილეობას, ამიტომ ხელისუფლებაზე გადაბრალება თავისთავად, ყველანაირი პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშნავს ევროკავშირის წინაპირობებთან მიმართებაში,” - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულება არ არის.

 

„სამწუხაროდ, ასე ხდება, რომ აბსოლუტურად ვერ კითხულობენ იმ გზავნილებს, რასაც ევროკავშირი გვიგზავნის და ეს უკვე პერმანენტულად ხდება. ორი წელია, ამას ვუყურებთ. პირველი მოთხოვნა, რაც საქართველოს შემთხვევაშია, დეპოლარიზაციაა. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლებისადმი მოთხოვნა. ხომ შეუძლებელია, ერთმა მხარემ შეასრულოს ის, რაც მოითხოვს რამდენიმე მხარის მონაწილეობას, ამიტომ ხელისუფლებაზე გადაბრალება თავისთავად, ყველანაირი პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშნავს ევროკავშირის წინაპირობებთან მიმართებაში.

 

ისე არ გამიგოთ, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულება არ არის და საერთოდ უნდა გავემიჯნოთ ამ პროცესს, არა! ყველას ვალდებულებაა. უბრალოდ, ხელისუფლება მარტო, ცალმხრივად ამ პირობას ვერ შეასრულებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ბოჭორიშვილმა ასევე განმარტება გააკეთა ევროპელი ლიდერების მილოცვებთან დაკავშირებით. კითხვაზე, ოპოზიციის განცხადებით, ევროპელი ლიდერები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ხალხს ულოცავენ, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხია ხელისუფლების წყარო.

 

„ხელისუფლება ასევე არის ხალხის ნაწილი. მე ხალხში საკუთარ თავს მოვიაზრებ და ხელისუფლებაც მოიაზრებს“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner