საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტს ორ კვირიანი ვიზიტით აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი ეწვია. ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალს სწავლობენ. კახეთის რეგიონის მაგალითზე ერთობლივი კვლევა ტარდება, რომლის ფარგლებშიც შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. კახეთში, კვლევის ფარგლებში სტუდენტები გამოიკითხავენ ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითად ობიექტებს, კვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები ახალი პროდუქტების შეთავაზების, ხარისხის გაუმჯობესების, ახალი ბაზრების ათვისებისა და სხვა თემების შესახებ.
კვლევის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართება.