logo_geo
eng_logo
თაფლში ჩასვენებული 19 წლის ბიჭი 15 წლის შემდეგ, ილია II-ის თხოვნით ქრისტიანული წესით დაკრძალეს
- +

18 აგვისტო. 2016. 10:54


სოფელ ქანდასთან გამავალი ცენტრალური გზიდან კარგად ჩანს სასაფლაოზე მდგარი მემორიალი, რომლის ქვეშაც 19 წლის ზურაბ წიკლაური დასაფლავებული. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი 15 წლის განმავლობაში, ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, თაფლში იყო ჩასვენებული. 2012 წელს კი პატრიარქის რჩევით, მიცვალებული თაფლიდან გადმოასვენეს და ქრისტიანული წესით დაკრძალეს. ამ ისტორიის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" გარდაცვლილის დედა ნანა წიკლაური საუბრობს.


ნანა წიკლაურის თქმით, მისმა შვილმა თავი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა, რადგან ჩათვალა, რომ მისი მიზეზით სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. თუმცა რეალურად ავტოკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ბავშვები ცოცხლები გადარჩნენ.


შემთხვევა 1997 წლის 6 აგვისტოს მოხდა:


ჩემს შვილს თეთრი „მერსედესი" ჰყავდა, რომელიც იმ შემთხვევის შემდეგ ოჯახში დგას და აღარავინ მიჰკარებია. ამ მანქანით ზურა და მისი მეგობრები სახლისკენ წამოვიდნენ და გზაზე საპირისპიროდ მომავალ ავტომანქანას დაეჯახნენ, სადაც 3 პატარა ბავშვი იჯდა. მანქანიდან ხნიერი ქალი გადმოსულა და უყვირია - ბავშვები მომიკალიო. ზურამ ამხელა ემოციას ვერ გაუძლო, მანქანიდან პისტოლეტი ამოიღო და იმ ხალხის თვალწინ თავი მოიკლა. რეალურად, ბავშვებს არაფერი მოსვლიათ და შიშისგან ჩაყუჟულები იყვნენ", - აღნიშნავს ნანა წიკლაური.

როგორც გარდაცვლილის დედა ინტერვიუში ამბობს, მისი მეუღლე 2012 წელს პატრიარქმა დაიბარა და ურჩია, რომ ცხედარი ქრისტიანული წესით დაეკრძალათ.


„ჩვენს მაშინდელ მდგომარეობას ვერ აღგიწერთ. საშინელი სტრესი მქონდა. ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ბავშვი რომ შენახულიყო, თაფლში მოეთავსებინა, ამიტომ აკლდამა გააკეთებინა, უამრავი თაფლი მოატანინა, სასახლეს ნახვრეტები გაუკეთეს და ამ თაფლში ჩადგეს. 2012 წლამდე ასე იყო, შემდეგ პატრიარქმა დაგვიბარა და მისი რჩევით ბავშვი თაფლიდან გადმოასვენეს, თუმცა მე ამის შესახებ გაცილებით გვიან გავიგე. პატრიარქმა გამოაგზავნა ხალხი, კუბო გახსნეს და ბავშვს წესი ხელმეორედ აუგეს. ისე, თაფლი მართლაც სასწაული ყოფილა. ზურა როგორიც ჩავასვენეთ, ისეთივე დაგვხვდა. უბრალოდ, მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ბავშვი არ იცვლებოდა. არ მინდოდა იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილი გაიხრწნებოდა, ამიტომ მინდოდა, სულ თაფლში ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს აღარ დამიჯერეს - არ შეიძლებაო. ჩვენ საქართველოში ერთადერთი ოჯახი ვიყავით, მაგრამ მაკედონელი ხომ თაფლში შენახული გადაასვენეს. სხვათაშორის, თაფლი დროთა განმავლობაში თურმე სანთლად იქცევა და ერთგვარი კაფსულის ფორმას იღებს. ასე მოხდა ჩემი შვილის შემთხვევაშიც, თაფლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვი ქრისტიანულად დაკრძალეს და მიწა მიაყარეს, მაგრამ ადგილი არ შეუცვლიათ", - აცხადებს გარდაცვლილი ზურა წიკლაურის დედა ნანა წიკლაური. მისივე თმით, ზურას თვითმკვლელობით გამოწვეული ცოდვა პატრიარქმა თავის თავზე აიღო.


„პატრიარქმა დიდი პატივი გვცა. ზურას ცოდვა თავის თავზე აიღო და დაგვპირდა, რომ მისი სულის გადარჩენისთვის ილოცებდა", - ამბობს ნანა წიკლაური.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner