საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრიაო და, ალბათ ამიტომაც ქალი ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
მმართველ პოსტებზე „ქართული ოცნების“ დროსაც მოვიდნენ ქალბატონები, რომელთა მხრებისთვის ქვეყნის მართვის უმძიმესი ჭაპანი მსუბუქი არაა, მაგრამ, როგორც ჩანს, პრინციპები უმთავრესია - სწორედ ასეთი პრინციპული, შეუპოვარი, ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალბატონები ქმნიან საძირკველსა და გარკვეულ გენდერულ ფონს ევროპის გზისკენ მომზირალი საქართველოსთვის.
ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე არის ნინო გიორგობიანი.
მას ქართული საზოგადოება წლებია იცნობს, როგორც კარგ ჟურნალისტს.
ნინო გიორგობიანი ქართულ ჟურნალისტიკაში 1996 წლიდან შემოვიდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში ჟურნალისტის პოზიციაზე მოღვაწეობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებში. აქტიური ჟურნალისტიკიდან წასვლის შემდეგ მან პროფესიული საქმიანობა ავიაკომპანია „აირზენას“ დაუკავშირა და იქ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ჩაუდგა სათავეში, ამას მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციები.
დღეს ნინო გიორგობიანი მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
დამეთანხმებით, გარკვეულწილად, ძნელია, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ადამიანზე და ქალბატონზე წერო ისე, რომ მიკერძოებულობაში არ ჩაგითვალონ, მაგრამ „თქმა მართლისა სიმართლისაო“, ხომ გაგიგონიათ. სიმართლე უნდა ითქვას: სადაც კი მუშაობდა ნინო გიორგობიანი, ყველგან კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო სუფევდა და, დამეთანხმებით, ეს არ არის ადვილად შესასრულებელი, უამრავი სირთულით და სკრუპულოზურობით გამორჩეულ დაწესებულებებში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ითხოვს ტიტანურ შრომას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობას და ამ ყველაფერს ღირსეულად რომ გაართვა თავი, ცხადია, არ არის ადვილი საქმე.
მე ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ნინო გიორგობიანს ძალიან კარგად იცნობენ და მისი ხასიათიდან გამომდინარე, მათთვის თანამდებობის პირი, ქალბატონი ნინო გიორგობიანი არის უბრალოდ, ნინო, რომლის იმედი აქვს ყველას - არა მხოლოდ ნაცნობ-მეგობრებს, არამედ ყველას, ვისაც დახმარება და გვერდით დგომა სჭირდება.
ერთგულება ქვეყნის ინტერესებისადმი, ერთგულება თანამებრძოლების მიმართ და, რაც მთავარია, უანგარო და წრფელი სიყვარული ადამიანებისადმი – ეს არის ნინო გიორგობიანის მთავარი პრინციპები, რომლებისთვისაც მას არასდროს გადაუხვევია.
არ აქვს მნიშვნელობა დღე-ღამის მონაკვეთს, არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება თვითონ, თბილისში თუ საზღვარგარეთ, ნინო ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, ნინო ყოველთვის მოგისმენს, და ყველაფერს გააკეთებს, რომ პრობლემები მოაგვაროს, ამიტომ მას ახლობლები ხუმრობით „დედა ტერეზასაც“ ეძახიან. თუმცა უმადურ ადამიანებს რა დალევს, ხინჯს ყველგან რომ ეძებენ, მაგრამ ამას ნინო ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს, ყურადღებას არ აქცევს და ისევ განაგრძობს კეთილი საქმეების კეთებას.
სხვანაირად ალბათ შეუძლებელი იყო, რადგან ხალხის და ქვეყნის სამსახური ოჯახიდან მოსდგამს.
90-იანი წლების ტრაგიკული მოვლენების პერიოდში გადაღებების დროს ნინო გიორგობიანის ბიძაშვილი, ჟურნალისტი და რეპორტიორი, დათო ბოლქვაძე მოკლეს, რომლის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო მაშინ.
„პატივს მივაგებთ რეპორტიორს, რომელიც მზად არის, იდგეს, როდესაც სხვები გარბიან და სვამდეს კითხვებს, როდესაც სხვებს შიში დუმილს აიძულებს“, – ეს წარწერა ვაშინგტონშია გაკეთებული, სადაც დათო ბოლქვაძის სახელი და გვარი მსოფლიოს იმ ჟურნალისტებს შორის არის ამოტვიფრული, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ...
მაგრამ ეს სამწუხარო ამბავი წარსულში დარჩა და რამდენიმე წლის წინ სასიხარულო და უჩვეულო ამბავიც შეიტყო საზოგადოებამ - ნინო გიორგობიანს ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა პირდაპირ ეთერში ცოლობა სთხოვა - ეს იყო ულამაზესი სანახაობა და ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება.
იმის მიუხედავად, რომ ნინო გიორგობიანსა და ლადო ბურდულს წარმატებული კარიერა აქვთ, ვერ შეამჩნევთ რაიმე პრივილეგირებულობას ან ამპარტავნების მცირე დოზასაც კი.
„ღმერთმა ქნას, 100 წელი ვიყოთ მე და ნინო ჩვენს სამსახურებში, მაგრამ როცა ასე აღარ იქნება, არ მსურს, ჩემკენ ვინმემ თითი გამოიშვიროს, ესენი მაშინ ასე იქცეოდნენო“, - ამბობს ერთ ინტერვიუში ლადო ბურდული.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, მით უფრო, თუ ამ დეპარტამენტს ნინო გიორგობიანი ხელმძღვანელობს, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევების გამკლავებაში ეხმარება პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, არამედ ქვეყნის გარეთაც პრემიერთან ერთად არის საქართველოს საიმედო წარმომადგენელი, საუკეთესო დედა, მეუღლე, მეგობარი, უბრალოდ კარგი ადამიანი და ღირსეული ქალბატონი.
ირანდა კალანდაძე