„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები, პარტიის ცენტრალურ ოფისში, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და პარტიის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო შიდა კოორდინაციის, საარჩევნო კანონმდებლობის დაცვის საკითხები.
„მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კარგი მზაობა საარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოსახლეობასთან შეხვედრები დაწყებულია. პირადად მე გახლდით უკვე 20 სოფელში, შევხვდი ჩვენს მხარდამჭერებს და იგეგმება კიდევ უფრო ფართო შეხვედრები მოსახლეობასთან", - განაცხადა თალაკვაძემ.
თავის მხრივ, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. მისივე თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატები დღეიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებენ.