logo_geo
eng_logo
გიორგი გოცაძე: საქართველოში პანდემიის აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური პარტიების პოლარიზაციაა...
- +

27 ივნისი. 2022. 21:48

 

 

დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი თემა - ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხია. როგორ ელოდა მსოფლიო პანდემიურ ვირუსს? რა წინაპირობები არსებობდა ამისთვის? რა შეცდომები დაუშვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და როგორ ვიცხოვროთ COVID 19-თან ერთად? - გვესაუბრება საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი გოცაძე. 

 

- ბატონო გიორგი, ორ წელზე მეტი გავიდა, შეგვიძლია ვთქვათ, რა იყო ან რა არის COVID 19?

 

- COVID 19 ის პანდემიური ვირუსია, რომელსაც მსოფლიო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა. ზუსტად  COVID 19  არა, მაგრამ ელოდებოდა პანდემიურ ვირუსს და მის აფეთქებას. ამისთვის ძალიან ბევრი პირობა არსებობდა. ამის შესახებ დაწერილია არაერთი მეცნიერული სტატია. არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, საერთაშორისო ჯანდაცვითი რეგულაციები, რომლებიც მიღებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ბევრი წლის წინ. რაც არის საერთაშორისო კონვენცია და მას  უამრავი ქვეყანა შეუერთდა. შეიქმნა სპეციალური ცენტრი შეტყობინებების შესახებ და ამ სისტემამ იმუშავა ყველა ეპიდემიის დროს: SARS-ის, მერსის, ებოლას ეპიდემიების და ქათმის გრიპის დროს.

 

ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ინგლისის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, „როდესაც რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ, პირველ რიგში ვხვდები იმ ქვეყნის ჯანდაცვის და არა თავდაცვის მინისტრს“. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. რადგან ბიოლოგიური აგენტი შეიძლება გაჰყვეს ხორცის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ადამიანს. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბიოლოგიური აგენტია. ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხი აქტიურად იდგა, ასევე, G7-ის ქვეყნების შეხვედრებზე. ამიტომ, ვირუსის გამოჩენა მსოფლიოსთვის ახალი და მოულოდნელი არ იყო.

 

- მაშინ, რამ გამოიწვია ქაოსი? რატომ ვერ შეხვდა მსოფლიო ვირუსს მომზადებული?

 

- ქაოსი გამოიწვია ჯერ თვითონ ვირუსმა და მისმა გადამდებისუნარიანობამ. შემდეგ, დაგვიანებულმა ქმედებებმა და პასუხებმა. ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები ყველა ქვეყანას ავალდებულებს და ეუბნება, თუ რაიმე გაურკვეველი ინფენქციური დაავადება ან პათოგენი აღმოაჩინე შენთან, სასწრაფოდ შეატყობინე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არსებულ ერთ ცენტრს. რის შემდეგაც, იწყება მუდმივი კომუნიკაცია და თუ ქვეყანას არ ჰყოფნის ძალა, მთელი მსოფლიოდან ჩადიან ჯგუფები. იწყება ვირუსის თუ პათოგენის შესწავლა, რომ დროულად დაიწყოს ანტიეპიდემიური ღონისძიებების გატარება.

 

- შეეძლო ჩინეთს ჩაეკეტა ვირუსი თავის ქვეყანაში? თუ კი, რატომ არ გააკეთა ეს?

 

- რა თქმა უნდა, ჩინეთს შეეძლო გაეტარებინა ანტიეპიდემიური ღონისძიებები  და ჩაეკეტა ვირუსი თავის ქვეყანაში. თუნდაც იმიტომ, რომ დღემდე ჩაკეტილი აქვს. უბრალოდ დაგვიანდა ქმედებები და, როგორც კი ვირუსი გასცდა ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიებს, მომენტალურად დაიწყო სწრაფი გავრცელება, რამაც გამოიწვია პანდემია.

 

მაგალითად, SARS-ის ეპიდემიის დროს, ვირუსი დანახული იქნა არა ქვეყნის, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ. როგორც კი კორეაში და ვიეტნამში გამოჩნდა პათოლოგიები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება. მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესთავაზა წინადადება ჩინეთის მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომელზეც ჩინეთმა უარი ვერ თქვა და მოხდა პანდემიის კუპირება. აღარ მიიღო ვირუსის გავრცელებამ ისეთი მაშტაბური სახე, როგორიც დღეს. სამწუხაროდ, ყველა სისტემა არ არის ეფექტური.

 

- რამდენად შეესაბამება სიმართლეს ვერსია, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი?

 

- ჩინეთს აქვს ამბიცია, გახდეს ერთ-ერთი დომინანტი ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკურ ასპარეზზე. სწორედ კოვიდის გამო, ჩინეთის ეკონომიკამ მიიღო ყველაზე დიდი ზიანი და დასავლეთთან სერიოზული ეკონომიკური ჭიდილი აქვს. გამოდის, რომ ჩინეთმა გამოიგონა ბიოლოგიური იარაღი, მერე გაავრცელა ის, რომ საკუთარი თავი დაეზიანებინა? როგორც წესი, ბიოლოგიურ იარაღს ავრცელებ იმისათვის, რომ მტერი დააზიანო და არა საკუთარი თავი. ეს არის უბრალოდ, პოპულისტი ტრამპის და მასზე აყოლილი კიდევ ბევრი სხვა პოპულისტი პოლიტიკოსის თუ არაპოლიტიკოსის შეთქმულების თეორიები.

 

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომები...

 

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააგვიანა ქმედებები. პირველ რიგში პანდემიის გამოცხადება. პანდემია რომ დროულად გამოცხადებულიყო, ვირუსის პირველი ტალღა, ალბათ, შედარებით უფრო მსუბუქი იქნებოდა. თუმცა, დღეს რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ, ფაქტი ერთია, არ ვიცნობდით ვირუსს, არ ვიცოდით მისი გადაცემისა და გავრცელების გზები. ჩვენ, საბედნიეროდ, გაგვიმართლდა. პირველი ექვსი თვე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ვირუსი არ გვქონია, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ქვეყანა მოგვემზადებინა. იტალიაში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში ჩამოინგრა ჯანდაცვის სისტემა. პაციენტების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ კლინიკებს. არ ჰქონდათ ჟანგბადი, არ ყოფნიდათ ექიმები. თვითონ კოვიდით, უამრავი ექიმი გარდაიცვალა. ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია უგზავნიდნენ ექიმებს და დახმარებას. მართალია, დეტალებში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა საბედნიეროდ, ჩვენ მსგავსი რამ არ გვინახავს.

 

- რა მოხდა პირველი ექვსი თვის შემდეგ?

 

- არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ეკონომიკის და არჩევნების თემა სერიოზულად ფიგურირებს. ჩვენ ბათუმი რომ ჩაგვეკეტა, შეგვეძლო პანდემია შეგვეჩერებინა, მაგრამ ტურიზმის გამო ვერ ჩავკეტეთ, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. მეორე ფაქტორი იყო არჩევნები. მოგეხსენებათ, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იყო. ბათუმი რომ ჩაკეტილიყო და შეზღუდვები გაგრძელებულიყო, პოლიტიკური პარტიები არ გაჩერდებოდნენ. ვერ დაუმტკიცებდი მათ, რომ არჩევნების გამო არ ჩაკეტე ქვეყანა. ამას კიდევ წინ უძღვის შარლ მიშელთან ექვსთვიანი მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა მშვიდი და წყნარი პოლიტიკური ვითარება. ბათუმიდან გამოვუშვით ვირუსი, არჩევნებით გავზარდეთ სოციალური კონტაქტები. უფრო მეტიც, არჩევნების პირველ ტურს მოჰყვა მეორე ტური და სამ დღეში ჩაიკეტა ქვეყანა. სწორედ აქ დავკარგეთ ხალხი.

 

ზოგადად პოლიტიკას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გადავაყოლეთ ადამიანების ჯანმრთელობა. ვიღაც იტყვის, რომ მთავრობაა დამნაშავე. არა, მთელი პოლიტიკური სპექტრია დამნაშავე. ერთად რომ დამდგარიყვნენ, რომ ყოფილიყო კონსენსუსი და ერთობა, ალბათ ამ შედეგს არ მივიღებდით. პოლიტიკურმა სპექტრმა, თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მიგვიყვანა აქამდე.

 

- რამდენად შესაძლებელი იყო ამდენი მსხვერპლის თავიდან აცილება?

 

- ზოგადად, ციფრები საფრთხილო სასაუბროა. შედარებისთვის, ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გათვალო და მოდელირება გააკეთო. მე შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, გამჭვირვალობის კუთხით მაღალი ხარისხი გვქონდა. მივიღეთ თუ არა ბევრი მსხვერპლი, ცალსახა დასკვნა ძალიან ძნელია გააკეთო. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, ათასი და ორი ათასი ადამიანი რომ დაგეღუპება, საშინელებაა. თუმცა პანდემია ეს არის ომი უხილავ აგენტთან, რომელთანაც ქმედითი არ ხარ. მაგრამ, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, მგონია, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. არადა, შეგვეძლო, არ დაგვეკარგა.

 

- რამ გამოიწვია ხალხში დაბნეულობა?

 

- არ მინდა, ყველაფერი პოლარიზაციას დავაბრალო, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. პოლარიზაცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. საზოგადოება დამოკიდებულია საინფორმაციო წყაროებზე. ჩვენი საინფორმაციო სივრცე კი, პოლარიზებული და დომინირებულია. ყველა სოციოლოგიური პროგრამა ამბობს, რომ ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ჯერ ტელევიზიაა, შემდეგ, ასევე ურთიერთდაპირისპირებული სოციალური მედიის სივრცე, რომელიც ახალი განვითარებულია. ერთიანობა გვაკლდა. რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სოციალურმა მედიამ შექმნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამას „ინფოდემია“ უწოდა. ანუ, პანდემია მხოლოდ ვირუსით კი არ იყო გამოწვეული, ეს იყო ინფორმაციით გამოწვეული „ინფოდემიაც“.

 

- ასეთ მდგომარეობაში, როგორ შეიძლება მობილიზება მოხდეს?

 

- საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ, შიშმა გაუკეთა მობილიზაცია. ვერანაირი ეფექტი ვერ იქნებოდა პირველ სამ და ექვს თვეს, რომ არ ყოფილიყო შიში. მე მახსოვს მოწმენდილი ცა, ჩუმი თბილისი, არცერთი მანქანა ქუჩაში, ჩიტების ჭიკჭიკი, როცა ყველა სახლში იჯდა. მაშინ პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეც მობილიზებული იყო. ოპოზიციური ძალები ხელს არ უშლიდნენ და პირველი საგანგებო მდგომარეობა რომ გამოაცხადა პარლამენტმა, ოპოზიციამაც და პოზიციამაც ხმა მისცა. ეს ჩემთვის პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია იყო. ხალხის სახლში ჯდომა იყო სოციალური და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი.

 

მეეჭვება, დღეს რაიმე მექანიზმით კონსოლიდაცია შეძლო. ჩინეთს შეუძლია, ძალით მოახდინოს კონსოლიდაცია, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში, კონსოლიდაციის ერთადერთი მექანიზმი ძლიერი სახელმწიფოა.

 

- სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა ვაქცინის შესახებაც. ექიმები თვითონ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ არ შეიძლება მასობრივი ვაქცინაცია...

 

- საერთოდ მსოფლიო მეცნიერება, პროფესიონალების თეორიულ მოსაზრებებს მიჰყავს წინ. მეცნიერებაში ახალი იდეის თუ მიმართულების ფორმირება მეცნიერულ ჭიდილში ხდება. ასეთი მოსაზრებები რომ არ არსებობდეს, მთელი მსოფლიო ჭაობში იქნებოდა ჩარჩენილი. თუმცა ამ შემთხვევაში, ექიმებმა დაუშვეს პროფესიული შეცდომა, რადგან ასეთი მოსაზრებები უნდა გამოქვეყნდეს სამეცნიერო ჟურნალებში და არა სოციალურ ქსელებში.

 

ხოლო ანტივაქსერულ მოძრაობას ვინც ჩაუყარა საფუძველი, დამტკიცებულია, რომ ის იყო კორუპირებული ექიმი, რომელსაც ფარმაცევტულმა კომპანიამ გადაუხადა ფული, რათა დაეწერა, რომ ვაქცინა იწვევს თურმე აუტიზმს. იქიდან იწყება დასაბამი ანტივაქსერული მოძრაობის. სამწუხაროდ, არავინ ამბობს, რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ვაქცინამ და რა თქმა უნდა, არც ის არის დამტკიცებული, იწვევს თუ არა აუტიზმს. ვაქცინა რთული პროდუქტია და აბსოლუტურად უსაფრთხო.

 

- რამდენად უსაფრთხოდ ვართ ახლა?

 

- საბედნიეროდ, ყველაზე რთული პერიოდი გადავიარეთ. ვირუსი არსად არ წავა, იცხოვრებს ჩვენთან ერთად და ჩვენც უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. სიფრთხილე საჭიროა, თუმცა, ვიცხოვროთ ჩვეულებრივ. ისე, როგორც ეს გააკეთეს აზიის ქვეყნებმა. მაგალითად, SARS-ის ვირუსის შემდეგ, აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს პირბადის გარეშე ვერსად ნახავთ. ჩვენც უბრალოდ, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner